close
მედიცინამსოფლიოპოლიტიკასამართალისაქართველო

გერმანიის პოლიციელთა ასოციაცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მოითხოვს

გერმანიის პოლიციელთა ასოციაცია, რომლის რიგებში 15 000-მდე გერმანიის პოლიციელია, მოითხოვს, რომ მარიხუანას მოხმარება „სრულიად დეკრიმინალიზდეს“ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გერმანიის პოლიციელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ანდრე შულცი აცხადებს, რომ მისი აზრით, არსებული კანონმდებლობა მარიხუანას მოხმარების შესახებ დიდი ხანი არ იქნება ძალაში, რადგან არ წარმოადგენს ეფექტურ იარაღს არსებული მდგომაროების სამართავად: „კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა საზოგადოება, რომლის რომელიმე წევრიც არ იყენებდა ნარკოტიკებს, ამიტომაც, ეს არის ისეთი მოვლენა, რომელიც უნდა მივიღოთ ბუნებრივად“. მისივე განმარტებით, ნარკოტიკებისადმი მკაცრი და ხისტი დამოკიდებულება ადამიანების სტიგმატიზაციას ახდენს, რასაც გავლენა აქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებული კრიმინალური შემთხვევების რაოდენობაზე. საპირისპიროდ, საჭიროა, ნარკოტიკის მომხმარებელზე ფოკუსირება და მათი დახმარება, ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვა. ანდრე შულცის განცხადებით, „ნარკოტიკებთან დაკავშირებულ კრიმინალურ შემთხვევათა 70% ეხება უშუალოდ ნარკოტიკის მომხმარებელს და არა ნარკოდილერს, ამიტომაც – ეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს”.

გასული წლის მარტიდან, გერმანიის ხელისუფლებამ ნება დართო ზოგიერთ პაციენტს, რომ სამედიცინო მარიხუანა მიეღო, თუმცა, რეკრეაციული მიზნით მისი გამოყენება კვლავ არალეგალური რჩება. გერმანიის პოლიციელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ იმაზე ეფექტიანი ნარკოპოლიტიკის დანერგვა შეიძლება, ვიდრე უბრალოს ოპრესია და მისი აკრძალვაა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ თავად გერმანიის მოსახლეობა მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მსგავსი ენთუზიაზმით არ უდგება. კვლევითმა ინსტიტუტმა „Forsa” ჩაატარა კვლევა 1000 ადამიანზე, რომელთაგან 63% მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგი, 34 პროცენტი კი მომხრე იყო.

კანონპროექტის სრული ვერსია ჯერ არ არსებობს, თუმცა, ბატონი შულცის განცხადებით, მარიხუანას ლეგალიზაცია არ ნიშნავს სრულ თავისუფლებას. შეზღუდვები იქნება დაწესებული, მაგალითად, საჭის მართვის დროს და მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს, შესაძლოა, მართვის მოწმობაც ჩამოართვან.

 

წყარო: Telegraph. co. uk

 მასალა მოამზადა: ცირა შვანგირაძემ

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid