close

პირველად საქართველოში, მეორეული საბურავების გადამამუშავებელმა კომპანიამ დაიწყო ფუნქციონირება, რომელმაც, საბოლოო მონაცემებით, უკვე 250 ტონაზე მეტი საბურავი გადაამუშავა და წარმატებით უწევს კონკურენციას იმპორტულ საქონელსაც. სასარგებლო წამოწყების შესახებ, იდეის ავტორი და კომპანიის დირექტორი, 28 წლის ზურა ბაზღაძე გვიამბობს.

ზურა, რა პრინციპით ფუნქციონირებს საბურავების გადამამუშავებელი კომპანია (TRC)?

-ამ ეტაპზე, უკვე 250 ტონა საბურავი გვაქვს გადამუშავებული,  რომლის 80% ბუნებაში გადაყრილი საბურავებისგან შედგება. ასევე, გვყავს რამდენიმე კეთილსინდისიერი კონტრაქტორი კომპანია, მათ შორის – 2 უცხოური და 1 ქართული, რომლებიც საკუთარი სურვილით გვაწვდიან საბურავებს გადასამუშავებლად.

რა პროდუქტის შესაქმნელად იყენებთ უკვე გადამუშავებული საბურავის მასალას?

-მეორეული საბურავების გადამუშავების შედეგად ვიღებთ უმაღლესი ხარისხის SBRკლასიფიკაციის კაუჩუკის გრანულებს, ტექსტილისა და ფოლადის ბოჭკოს. აღსანიშნავია, რომ მიღებულ მასალას აქტიურად ვიყენებთ და უკვე ჩავანაცვლეთ იმპორტული კაუჩუკი. ასევე, გადამუშავებით მიღებული რეზინის გრანულების გამოიყენება მულტიფუნქციური სპორტული მოედნების, სკვერებისა თუ მოდერნიზებული ასფალტის წარმოებისთვისაც, რადგან რეზინის გრანულები და მისი მონოლითური წესით დაგება, საშუალებას გვაძლევს ერთ სივრცეში განვათავსოთ: ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთისა და ჩოგბურთის მოედნები.

 გრანულის მონოლითური ტექნოლოგიით დაგებას უპირატესობა აქვს გრანულის ფილებად დაგებასთან. ფილებად დაგებული გრანული ზამთარ-ზაფხულის  ტემპერატურის ცვალებადობის დროს დეფორმაციას განიცდის, მონოლითური მეთოდით დაგებული კი ნებისმიერ ტემპერატურაზე უცვლელია და მისი ექსპლუატაციის ვადა ხანგრძლივია.

გვიამბეთ კომპანიის დაარსების შესახებ, როდის დაინტერესდით აღნიშნული სფეროთი?

-აღნიშნული სფეროთი  8 წლის წინ, იტალიაში ცხოვრების დროს დავინტერესდი, რადგან სწორედ იქ გავეცანი და შევისწავლე მოდერნიზებული ასფალტის წარმოებისა და საბურავების გადამუშავების ტექნოლოგია. საქართველოს კანონმდებლობით, საბურავები განეკუთვნება სპეციფიკურ ნარჩენს, რომლის გადაყრა, დაწვა და დამარხვა ისჯება კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე, თავი ვალდებულად მივიჩნიე,  ჩვენს ქვეყანაშიც შეგვექმნა საბურავების გადამამუშავებელი კომპანია. კომპანია 5 თვის წინ დავაარსეთ, თუმცა  8 თვის განმავლობაში ვმუშაობდით ,,სტარტაპ საქართველოს“ გუნდთან ერთად, პარალელურად – შევისწავლეთ ნედლეულის მარაგი და დღევანდელ ბაზარზე არსებული სიტუაციაც.

დღეს კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტს უკვე მიენიჭა ,,Labosport-ის” სერთიფიკატი, SBR-ის კლასიფიკაცია და აკმაყოფილებს უსაფრთხოების (NF EN 71-3) ევროპულ სტანდარტსაც.

გვიამბეთ თქვენი კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ.

სულ მალე ჩვენი კომპანია გეგმავს, საქართველოში არსებული ნედლეულის სრულად ათვისებას და წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე გატანას. ასევე, გვსურს მასალის აქტიურად გამოყენება მულტიფუნქციური მოედნების გასაკეთებლადაც, თუმცა ამისთვის ჯერჯერობით არ არის საკმარისი ხელშეწყობა და ვიმედოვნებთ, რომ ამასაც შევძლებთ. ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, ურთულეს პრობლემას წარმოადგენს ბუნებაში გადაყრილი საბურავები, გთხოვთ, დაგვეხმაროთ აღნიშნულ პრობლემის მოგვარებაში, ერთად გავაჯანსაღოთ ეკოლოგიური გარემო საქართველოში და ხელი შევუწყოთ ქართულ წარმოებას!

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid