ქართული ენათმეცნიერება მეცნიერების ერთ-ერთი საინტერესო და მრავალფეროვანი დარგია, რომელიც სათავეს შორეულ წარსულში იღებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს დარგი შეისწავლის კონკრეტული ენის აგებულებასა და მის ფუნქციონირებას, მაშინ შეიძლება დავასკვნათ, რამდენად მრავალფეროვანი და განვითარებულია ქართული ენათმეცნიერება. ჩვენი მშობლიური ენა ხომ ერთერთი უძველესია მსოფლიოში.
ენათმეცნიერება ვითარდება და ნელნელა წინ მიიწევს. ქართული ენით დაინტერესება გასცდა საქართველოს საზღვრებს და ახლა ბევრ ქვეყანაში მუშაობენ კვლევით ლაბორატორიებში ჩვენი მშობლიური ენის სიღრმეების შესწავლაზე.
ამ საქმეში დიდი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა ქართველ ენათმეცნიერს – სოფია დარასელიას, რომელიც უკვე წლებია დიდ ბრიტანეთში, ლიდსის უნივერსიტეტში მოღვაწეობს და მნიშვნელოვან კვლევებს ატარებს წამყვან მეცნიერებთან ერთად.
ყველაფერი 2012 წელს დაიწყო , როდესაც სოფიამ ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო თემა დაიცვა თემაზე „ქართულ-ევროპული ტიპის სასწავლო ლექსიკოგრაფია“ და დაამუშავა ქართულ ენათმეცნიერებაში მიმდინარე სიახლეები და უახლესი გამოცემები .
ბრიტანელი ლინგვისტების მიწვევით სოფიამ თავდაპირველად მუშაობა დაიწყო ლიდსის უნივერსიტეტში მოწვეულ მეცნიერად, თუმცა შემდეგ – დაუღალავი შრომითა და თავისი ნიჭით დიდ წარმატებას მიაღწია.
დღეს სოფია ლიდსის უნივერსიტეტის ქართველოლოგიური კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს და თავისი საქმიანობით აცნობს უცხოელ კოლეგებს ქართული ენის უნიკალურობას და მრავალფეროვნებას.
გარდა ამისა, იგი ხელმძღვანელობს ლიდსის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალს დოქტორ დიანე ნელსონთან ერთად (Leeds Working Papers in Linguistics and Phonetics). მიმდინარე წელს იგეგმება ქართველოლოგიური ნაშრომების მიღება ამ ჟურნალში დასაბეჭდად.
წარმატებული ახალგაზრდა ენათმეცნიერი განვლილ გზასა და უცხოურ ინტერგაციაზე გვიამბობს:
-ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც სადოქტორო თემა აირჩიეთ. როგორ შეარჩიეთ ეს თემა, რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ამ თემით ?
-ასე კონკრეტული მომენტი არ ყოფილა, რომელმაც გადამაწყვეტინა საკვლევი თემის არჩევა. სადოქტორო კვლევამდე სხვადასხვა ეტაპი უნდა გაირო და ამ პერიოდის განმავლობაში ეტაპობრივად გამოიკვეთა ინტერესის სფერო.
ვეცდები ძალიან მარტივი ენით ავხსნა თუ რას მოიცავდა აღნიშნული კვლევა. „ქართულ-ევროპული სასწავლო ლექსიკონის შედგენა კორპუსული მეთოდების გამოყენებით“ გულისხმობდა ყველაზე ხშირად გამოყენებული თანამედროვე ქართული ენის ლექსიკის განსაზღვრას. ამ მიზნით შეიქმნა თანამედროვე ქართული ენის ვრცელი ვებკორპუსი – KaWaC (Ka=Kartvelia და WaC=Web as a Corpus), რომელიც მოიცავს 280 მილიონზე მეტ სიტყვას და განთავსათებულია ლიდსის უნივერსიტეტის ვებსაიტზე.
-ენათმეცნიერება, როდიდან დაინტერესდით მეცნიერების ამ სახეობით და რამ განსაზღვრა ეს დაინტერესება?
-სადოქტორო კორპუსულმა კვლევამ განაპირობა ჩემი გადასვლა ლექსიკოგრაფიიდან კორპუსის ლინგვისტიკასა და კომპიუტერულ ლინგვისტიკაში.
–ლიდსის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური მიმართულებით მნიშვნელოვან კვლევებს ახორციელებთ. გზა, რომელიც გაიარეთ თსუ-დან ამ უნივერსიტეტამდე და რომ აგვიღწეროთ თქვენი საქმიანობა, კონკრეტულად რას საქმიანობთ ამჟამად?
-ლიდსის უნივერსიტეტში პირველი ჩემი საქმიანობა დაიწყო მოწვეული მეცნიერის სტატუსით და თანამედროვე ქართული ენის კორპუსის პროექტით, რომელიც სწორედ ამ სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში შეიქმნა. შემდეგ კი მივიღე შემოთავაზება სადოქტორო პროექტზე.
ამჟამად არაერთ პროექტზე ვმუშაობ ლიდსის უნივერსიტეტში. ვეცდები მოკლედ აღვწერო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი. ჩემი სადოქტორო კვლევაა „ქართული ენის მორფოსინტაქსური კატეგორიების კომპიუტერულ ანალიზი“. კერძოდ, კომპიუტერული ანალიზი მოიცავს ორ კონკრეტულ საკითხს: 1) ტეგსეტების სისტემის შექმნას და 2) ტეგირების პროგრამის შექმნას.
გარდა ამისა, ვხელმძღვანელობ ქართველური და კავკასიური ენების კვლევის ცენტრს, რომელიც როგორც ეს ცენტრის ვებგვერდზეა მითითებული, ამ ეტაპზე მხოლოდ ქართველოლოგიური კვლევებით შემოიფარგლება. აღნიშნული ცენტრი ატარებს ყოველკვირეულ ქართველოლოგიურ ლექცია-სემინარებს, რომელსაც ლიდსის უნივერსიტეტის ენათმეცნიერებთან ერთად მოწვეული ქართველი ენათმეცნიერები კითხულობენ. ქართველოლოგიური ცენტრის ორგანიზებით იმართება ყოველწლიური საერთაშორისო ვორკშოპი „კომპიუტერული მიდგომები მორფოლოგიურად მდიდარი ენებისათვის“ (CAMRL2017, რომლის ინტერესების სფეროს წარმოადგენს ქართველური ენები. ვორკშოპის ვებსაიტი ხელმისაწვდომია ამ მისამართზე: https://camrl.leeds.ac.uk/ . წელს ეს ვორკშოპი (CAMRL2018) ჩატარდება 2018 წლის 3 ივლისს.
სამეცნიერო საქმიანობების გარდა აქტიურად ვარ ჩართული ლიდსის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში. კერძოდ, ბაკალავრის საფეხურზე ვასწავლი ლინგვისტიკის ორ მოდულს.
-უცხოეთში ძალიან წარმატებული ხართ. რამდენად რთული იყო ქართველი გოგონასთვის უცხოური მწვერვალების დაპყრობა და სამშობლოდან ასე შორს სამეცნიერო კუთხით თავის დამკვიდრება ?
-ბრიტანულ ლინგვისტურ სივრცეში ინტეგრაცია ადვილი ნამდვილად არ არის. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანია არამარტო დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, არამედ მზაობა ახალი ცოდნის მისაღებად. ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს აქაური უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება.
-თქვენი აზრით, რამდენად არის ენათმეცნიერების სფერო განვითარებული საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს ამის ხელშესაწყობად?
-ბევრი კვლევა ტარდება, კორპუსული ლინგვისტიკის კუთხითაც კი, თუმცა არსებული კველვების მასშტაბი საკმარისი არ არის. საჭიროა, მეტი კვლევები კორპუსული და კომპიუტერული ლინგვისტიკის მიმართულებით და განსაკუთრებით ახალგაზრდა ენათმეცნიერების ჩართვა ამგვარ პროექტებში.
-როგორია თქვენი სამომავლო გეგმები. აპირებთ თუ არა სამშობლოში დაბრუნებას ?
რასაკვირველია. ძალიან აქტიური თანამშრომლობა მაქვს ქართველ კოლეგებთან. ჩართული ვარ სასწავლო პროცესშიც კი. კერძოდ, თსუ-ში დისტანციურად ვასწავლი ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამაზე საგანს „შესავალი კორპუსის ლინგვისტიკასა და კორპუსზე დაფუძნებულ ლექსიკოგრაფიაში“ (Introduction to Corpus Linguistics and Corpus-based Lexicography). 2018 წლის შემოდგომის სემესტრიდან კი იგეგმება დამატებით ახალი საგნის „ზოგადი ენათმეცნიერების“ (General Linguistics – Understanding Language) შემოღება აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაზე.
მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“