close
ბიზნესიგანათლებასაქართველო

რესპუბლიკური კონფერენციის გამარჯვებული საბაუნის ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 14 აპრილს სტუდენტური კონფერენცია „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები” გაიმართა. 
საპრიზო ადგილები დაიკავეს:
I ადგილი – რევაზ წიკლაური;
II ადგილი – ქეთევან ჯალაღონია;
III ადგილი – თამარ გაბისონია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც.

,,დოქტრინა“ 2018 წლის რესპუბლიკური კონფერენციის გამარჯვებულ საბაუნის სტუდენტ რევაზ წიკლაურს დაეკონტაქტა. გთავაზობთ ინტერვიუს:

-რა იყო თქვენი საკონფერენციო თემის სახელი და მისი არჩევის მიზეზი?

-საკონფერენციო თემის სახელი იყო „უცნობი კახეთი-სოფელი ახალსოფლის ტურისტული პოტენციალი“. პირველი მიზეზი იყო ის, რომ დავიბადე ახალსოფელში, ჩემი მიზანი ის არის, რომ გავაცნო ფართო საზოგადოებას ასეთივე დიდი პოტენციალის მქონე უცნობიკუთხეები ტურიზმის კუთხით. ჩემი მიზანი იყო გამოცდილების მიღება და ფართო საზოგადოებისთვის კახეთის კუთხის    ტურისტული პოტენციალის წარდგენა.

-რა გამოცდილება მიიღე ამ კონფერენციის საშუალებით და აქამდე თუ მიგიღია მონაწილეობა მსგავსი ფორმატის მქონე კონფერენციაში?

-უპირველეს ყოვლისა, ფართო აუდიტორიასთან კონტაქტი, რაც ამ ფორმატში ჩემთვის პირველი იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია ანალოგიურ თემასთან დაკავშირებით.

ჩვენს უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია ანალოგიურ თემასთან დაკავშირებით – „ბიზნესის გამოწვევები და მდგრადი ტურისტული განვითარების აქტუალური საკითხები საქართველოში“.

უნივერსიტეტში ჩატარებული კონფერენციის ჟიურის წევრების რჩევა-დარიგებებმა,  დიდი სტიმული მომცა.

-რეზი, შენს მოლოდინს რაც შეეხება – როგორი იყო?

-ვაღიარებ,რომ კონფერენციის ჩემმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.თუმცა, მე ძალა არ დავიშურე, იმისათვის რომ ეს თემა შესაფერისად გამეტანა აუდიტორიის წინაშე.

-მოგვიყევი შენი ფაკულტეტისა და კურსის შესახებ.

-მე ვარ საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის, ტურიზმის პროგრამის მესამე კურსის სტუდენტი. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამ პროფესიაზე სწავლა, რადგან ეს ჩემთვის, ასე ვთქვათ, ახალი აღმოჩენა იყო. ამ ფაკულტეტზე სწავლა მმატებს მეტ მოტივაციას და სამომავლო გეგმებს მისახავს.

ჩემთვის, ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ფაკულტეტზე არის თბილი და მეგობრული დამოკიდებულება  სტუდენტებს შორის, ხოლო ლექტორების მხრიდან იგრძნობა დიდი დაინტერესება და მოტივაციის გაღვივების მცდელობა სტუდენტებში.

აღსანიშნავია, აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ფაკულტეტზე გვაქვს როგორც შემეცნებითი, ასევე  პრაქტიკული აქტივობები.

-სამომავლო გეგმები ?

-უპირველეს ყოვლისა, ვაპირებ ამ სფეროში განვითარებას, ასევე მსურს განათლების მიღება საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე მაქვს ამ თემის განხორციელების სურვილი, მსურს შევკრა გუნდი და უფრო მეტი ადამიანი დაკავდეს მსგავს საკითხებზე მუშაობით, ასევე ვაპირებ განვითარებას მუსიკის მიმართულებით კონკრეტულად მყავს ბენდი  და მსურს ცნობადობის  გამოცდილების და  მაქსიმალური შედეგის მიღება, რადგან ყველაზე დიდ როლს ასრულებს მუსიკა ჩემს ცხოვრებაში. ასევე ვარ სპორტსმენი და მსურს და მაქვს პერსპექტივა  სწავლასთან ერთად სპორტშიც ვპოვო განვითარება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

 

-რას გვეტყვი შენს ჰობზე – სხვა აქტივობებსა და მიღწევებზე?

-მუსიკის წერა, მოსმენა, ხატვა და წიგნების კითხვა. 15 წლიდან ვარ საქართველოს ფრენბურთის ეროვნულ ნაკრებში. მონაწილეობა მიღებული მაქვს არაერთ ევროპულ და მსოფლიო დონის ჩემპიონატებში. მათ შორის, მონაწილეობა მაქვს მიღებული 2015 წელს თბილისში  ჩატარებულ ოლიმპიადაზე.

ვარ თვითნასწავლი მუსიკოსი, ვფლობ გიტარას და მყავს ახლად შექმნილი მეტალბენდი, რომელთან დაკავშირებითაც მაქვს სამომავლო გეგმები. აგრეთვე – ვარ გიტარის მასწავლებელი და მყავს ჩემი მოსწავლეები.

-თვისება, რომელიც გამოგარჩევს კონკურენტულ სიტუაციაში და ყველაზე დიდ როლს ასრულებს  შენი მიზნების მიღწევაში?

-ვარ მიზანდასახული, რაც ყველაზე მთავარია პიროვნებაში – ასევე, აღსანიშნავი არის ის ფაქტი, რომ ამ საქმის კეთება მანიჭებს სიამოვნებას. კონკურენცია დიდ გავლენას ვერ ახდენს ჩემზე და ვაკეთებ მაქსიმუმს, რომ მივიღო მაქსიმალური შედეგი. აგრეთვე მსიამოვნებს ყურადღების ცენტრში ყოფნა.

-დასკვნისათვის – შენ რა რჩევას მისცემდი სტუდენტებს ვინც მომავალში აპირებს მსგავს კონფერენციაში მონაწილეობის მიღებას?

-უპირველეს ყოვლისა, იყვნენ ჩართულები სხვადასხვა აქტივობაში გამოიყენონ სტუდენტური წლები, რათა უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება დააგროვონ.

 

თინათინ მოსიაშვილი (ლექტორი/საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელი): უკვე ოთხი წელია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის პარარელურად აწყობს სტუდენტურ კონფერენციას. პირადად მე დავსწრებივარ ოთხივე კონფერენციას და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წელს განსაკუთრებით საინტერესო თემები იყო წარმოდგენილი. მიხარია ის ფაქტიც, რომ წელს ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან ფართოდ იყო წარმოდგენილი. რაც მე ვიცი, ოთხი ნამუშევარი გავაგზავნეთ და აქედან სამი გავიდა ფინალურ ეტაპზე.ეს ალბათ იმითაც არის განპირობებული, რომ ამ კონფერნეციას წინ უსწრებდა ჩვენი საუნივერსიტეტო ასეთივე ღონისძიება. წარმატებული ნამუშევრების ავტორებს ჰქონდათ დრო, რომ თემები დაეხვეწათ. წელს რესპუბლიკურ კონფერენციაზე ჟიურიმ უპირატესობა მიანიჭა არა აკადემიურ და კვლევით ნაშრომებს, არამედ სწორედ პრაქტიკულ პროექტებს. როგორც ჩანს, რეზის თემაც ამით იყო საინტერესო.

 

 

მასალა მოამზადა:  ნინო გიკაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid