close
ანალიტიკაკვლევებიმსოფლიოსამხედრო

რომელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს სირიაში?- მსოფლიო ექსპერტთა დასკვნას ელოდება

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ინსპექტორები ერთი კვირაა სირიაში იმყოფებიან და ქალაქ დუმში შესვლის შესაძლებლობას ელოდებიან, სადაც, სავარაუდოდ, ქიმიური თავდასხმა განხორციელდა.

მედიკოსების განცხადებით, პაციენტებს აღენიშნებოდათ ქაფი პირის ღრუში, კანისა და ტუჩების სილურჯე, კრუნჩხვები, რქოვანას დამწვრობა, რაც, სავარაუდოდ ქლორინის და ნერვული აგენტის ზემოქმედების შედეგია.

ქიმიური იარაღის ბრიტანელი ექსპერტი აცხადებს, რომ ინსპექტორებს სამი სახის მტკიცებულების მოპოვება მოუწევთ: გარემო, ბიოსამედიცინო და დოკუმენტური.

გარემოსდაცვითი მტკიცებულება შეიძლება შეიცავდეს მასალის ნამსხვრევებს, ასევე ნიადაგის ნიმუშებსა და შენობების ბეტონის ნამსხვრევებს. ბიოსამედიცინო მტკიცებულებები მოიცავს მსხვერპლთა სისხლს, თმას და შარდს მსხვერპლთაგან. დოკუმენტური მტკიცებულებები გულისხმობს მოწმეთა ჩვენებებს, ვიდეომასალებსა და სოციალური მედიის პოსტებს.

მაშველები და ოპოზიციის აქტივისტები აცხადებენ, რომ მთავრობის თვითმფრინავებმა 7 აპრილს დუმში ტოქსიკური ქიმიკატების სავსე კასრები ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 70-მდე ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივმა მთავრობამ და მისმა მოკავშირემ, რუსეთმა, განაცხადეს, რომ ინციდენტი დაიდგა. „მოსკოვს იმის უტყუარი მტკიცებულებები აქვს, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო,“- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მტკიცებით, „ამ დადგმაში უშუალო მონაწილეობა მიიღო ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა, რომელიც რუსოფობური კამპანიის პირველ რიგებში ყოფნისკენ მიისწრაფვის“.

ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს. ნერვული აგენტები ბლოკავენ აცეტილქოლინესთერაზას, ენზიმს, რომელიც შლის აცეტილქოლინს – ნეიროტრანსმიტერს.

როგორც ქიმიური იარაღი, ნერვული აგენტები კლასიფიცირდა 1991 წლის აპრილში გაეროს №687 რეზოლუციით და მათი გამოყენება აიკრძალა ქიმიური იარაღის განხილვის კომისიის მიერ 1993 წელს.

ნერვული აგენტების მიღებისას პირველი აფექტებია: სურდო, გულმკერდის კუნთების რიგიდობა და გუგების გაფართოება. ცოტა ხნის შემდეგ, დაზარალებულს გაუჭირდება სუნთქვა, აღენიშნება დაღლილობის შეგრძნება, გაძლიერებული ნერწყვის დენა. დაზარალებული კარგავს სხეულის კონტროლს, ეწყება უნებლიე ცრელმდენა, შარდვა, დეფეკაცია; ეწყება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ტკივილი, გულისრევა და ღებინება. შესაძლებელია განვითარდეს თვალების ან/და ფილტვების ქიმიური დამწვრობა. ამას მოჰყვება მიოკლონური კრუნჩხვა და შედეგად ვითარდება ეპილეფსიური სტატუსი. სიკვდილი დგება სრული რესპირატორული დეპრესიის შედეგად.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ დამასკოში, გაუტას რეგიონში 2013 წლის აგვისტოში ნერვული აგენტი სარინი გამოიყენეს. მაშინ OPCW-ის ექსპერტებმა შემთხვევის ადგილზე ჩასვლა თავდასხმიდან ორ დღეში მოახერხეს და გადარჩენილებისგან უამრავი ბიოსამედიცინო მტკიცებულება ამოიღეს, მტკიცებულებები მოიპოვეს გარემოდანაც.

 

წყარო: BBC

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid