სხვადასხვა ექსპედიციასა თუ კვლევით სამუშაოს ან უბრალოდ სამშენებლო საქმიანობას საკმაოდ დიდი სიფრთხილე სჭირდება, რადგან ბევრ რისკთან და საფრთხესთანაა დაკავშირებული. განსაკუთრებით მღვიმეების შესწავლის და ექსპედიციების საჭიროება ისეთ ისტორიულ ქალაქში დგას, როგორიც ქუთაისია. სწორედ აქაურმა მოსწავლეებმა თავიანთი ინოვაციური პროექტით სხვადასხვა ტიპის კვლევითი საქმიანობისთვის აუცილებელი ხელსაწყო შექმნეს, რომელმაც დიდი მოწონებაც დაიმსახურა და წინა წელს ახალგაზრდა გამომგონებელთა კონკურს „ლეონარდო და ვინჩის” გამარჯვებულიც გახდა.
მანძილის მზომი რობოტი – იონა იობაძისა და მისი მეწყვილე გიორგი უროტაძის მიერ შექმნილი მართვადი რობოტია, რომელიც იმართება პლანშეტიდან, ტელეფონიდან ან სხვა ელექტრონული საშუალებიდან. გამოგონების მთავარ ფუნქციას წარმოადგენს მრუდი ტრაექტორიის, მაგალითად, წრეწირის გაზომვა. რობოტი დისტანციურად იმართება, შესაბამისად, დამკვირვებელი, რომელიც მას სიმაღლეებზე, მღვიმეში თუ სხვა საფრთხისშემცველ ადგილზე სამუშაოებისას იყენებს, უბედური შემთხვევისგან აბსოლუტურად დაცულია.
სწორედ ამიტომაც – რობოტს საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვს და მისი მრავალი ფუნქციის გამო ძალიან დიდი დაინტერესებაც გამოიწვია.
თავად გამომგონებელი 13 წლის იონა იობიძე სკოლის მოსწავლეა. ის ქუთაისის ქართულ- ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ სწავლობს და სამეცნიერო საქმიანობით საკმაოდ დიდი ხანია დაინტერესებულია.
სკოლის საგნებიდან ყველაზე დიდი სიყვარულით და სიამოვნებით ტექნიკურ საგნებს- მათემატიკას, ქიმიასა და ფიზიკას სწავლობს.
თავისუფალ დროს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას უსმენს, უყვარს ფენტეზის ჟანრის ლიტერატურის კითხვა და ხშირად მონაწილეობს ინტელექტუალურ თამაშ რა ? სად ? როდიში?
გამომგონებლები რობოტის პროტოტიპის შექმნაზე მენტორთან დავით სონღულაშვილთან და STEM-ის (გამოყენებითი ფიზიკა და პროგრამირება) მასწავლებელთან, უტა კილასონიასთან ერთად თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ.
სამუშაო პროცესების სირთულეებსა და საკუთარ პროექტებზე დოქტრინას ქუთაისელი გამომგონებელი იონა ესაუბრა:
-როდიდან დაინტერესდი სამეცნიერო საქმიანობით და რამ განაპირობა ეს?
-დაახლოებით 2 წლის წინ სკოლა „პროგრესში“ დაიწყო STEM-ის შესწავლა, რამაც მე დიდად დამაინტერესა და გადავწყვიტე, დამეწყო STEM-ის კურსები, რაც დამეხმარა, რომ გამეკეთებინა ჩემი თავის რეალიზება და პროექტის იდეა განმეხორციელებინა რეალობაში.
-გვიამბე შენს გამოგონებაზე და რა ფუნქციებს ასრულებს ის?
-გამოგონების ფუნქციაა გაზომოს ნებისმიერი სახის მანძილი დიდი სიზუსტით,დროის მცირე ნაწილში ადამიანური რესურსისა და დიდი ენერგიის დახარჯვის გარეშე.
ალბათ, თქვენც გინახავთ ქუჩში არქიტექტორთა ჯგუფი, რომლებიც კურვიმეტრის დახმარებით ცდილობდნენ გაეზომათ ქუჩის რაღაც მონაკვეთი. მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ამ საქმის შესრულებას კურვიმეტრის გამოყენებით საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და ასევე დამღლელიცაა,ჩვენი იდეა კი იმაში მდგომარეობდა,რომ მაქსიმალურად გაგვემარტივებინა და შეგვემცირებინა ადამიანის ფიზიკური შრომა.
-რა სირთულეები შეგხვდა სამუშაო პროცესში?
-რა თქმა უნდა, მუშაობისას იყო გარკვეული შეფერხებები,მაგრამ ამ მცირე შეფერხებებმა ვერ შეაჩერა პროექტის განვითარება და საბოლოო შედეგის მიღწევა.
-რაში მდგომარეობს თქვენი გამოგონების უნიკალურობა?
-გამოგონების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მის წინამორბედ კურვიმეტრს ბევრად უსწრებს განვითრებით. რობოტი იმართება დისტანციურად და შეუძლია შეითავსოს კურვიმეტრის და ასევე მრავალი სხვა ფუნქციაც,თუნდაც მისი გამოყენებით შესაძლებელია შეიქმნას გამოუკვლეველი ადგილის(მღვიმის,ან თუნდაც რაიმე ნაპრალის) რუკა, რაც გაამარტივებს კვლევის პროცესს. ასევე – ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება რიგ სიტუაციებში აღარ იქნება საჭირო. რობოტის შეუძლია მანძილის გაზომვის პროცესი გახადოს ბევრად უფრო ზუსტი, მარტივი და უსაფრთხო ადამიანისთვის.
-ამჟამად რა პროექტზე მუშაობ და როგორია შენი სამომავლო გეგმები?
-დიახ, ამ წუთას ვმუშაობ რამდენიმე პროექტზე, მაგრამ ჯერჯერობით მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ.
მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“