23 წლის გიორგი ჭანტურია თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია, რომელმაც მაგისტრატურის საფეხურზეც იმავე სპეციალობის გაგრძელება არჩია. ახალგაზრდა ფიზიკოსი უკვე შემდგარი ლექტორია და მისი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალშიც გამოქვეყნდა, რის შესახებაც გიორგი თავად გვიამბობს.
-გიორგი, შენი სამეცნიერო სტატია ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა, გვიამბე კონკრეტულად რას ეხება ის?
–სტატია შარშან ივლისში გამოქვეყნდა „Physics of Plasmas“ ჟურნალის საიტზე. შინაარსს რაც შეეხება, ჩვენ ვარსკლავებს იმაზე დაყრდნობით შევისწავლით, რომ მათგან სხვადასხვაგვარი გამოსხივება მოდის, რომელიც ვარსკვლავის ზედაპირიდანაა წამოსული და სანამ ფოტონი ცენტრიდან ზედაპირამდე ამოვა, მთელი თავგადასავალი გადახდება ხოლმე თავს. პლაზმა, გეცოდინებათ, გახურებული აირია, რისგანაც ძირითადად ვარსკვლავები შედგება. ამიტომ, თუ გვინდა, ჩვენამდე მოსული ფოტონის თავგადასავალი გამოვიკვლიოთ, უნდა ვიცოდეთ, რა მოსდის მას პლაზმაში. და ამის შემდეგ გვეცოდინება, სინამდვილეში როგორი პლაზმიდან მოდის ეს გამოსხივება ანუ რისგან შედგებიან ვარსკვლავები. ჩემი კვლევა პლაზმისა და ფოტონების ურთიერთქმედებისას ერთ-ერთ კონკრეტულ ეფექტს ეხება, რომელსაც ჰქვია რამანის გაბნევა.
-რა გამოხმაურება ჰპოვა შენმა ნაშრომმა და ამჟამადაც ხომ არ მუშაობ რაიმე საკითზე?
-ამჟამად ერთი ციტირება უკვე მაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვა მეცნიერმა თავის სტატიაში გამოიყენა ჩვენი შედეგები. ისე კი, ძალიან სპეციფიკური თემაა და მაინც და მაინც ამ სფეროს ირგვლივ თუ არ ატარებს ვინმე კვლევას, დიდად არც ექნება შეხება ჩემს სტატიასთან. ეს არის უბრალოდ, ერთი ნაწილი იმ ფიზიკისა, რასაც დღევანდელი მეცნიერები იკვლევენ (და, მგონი უკვე უფლებაც მაქვს, ვთქვა, ვიკვლევთ). ამჟამად, გრაფიკიდან გამომდინარე, სამეცნიერო სტატიაზე ნამდვილად არ ვმუშაობ.
-როგორც ვიცი, ამჟამადაც ბევრი აქტივობით გამოირჩევი, მოგვიყევი – რას საქმიანობ?
-ამჟამად მაგისტრატურაზე ვსწავლობ და ცოტა ხნის წინ DAAD-ის გრანტი ავიღე. პარალელურად, რამდენიმე ადგილას ვმუშაობ და დროს ძირითადად „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“ ვატარებ, ფიზიკის მასწავლებელი ვარ, მეშვიდე კლასელებს ვასწავლი და პროცესში ძალიან ვერთობი. წინა სემესტრში „თავისუფალ უნივერსიტეტშიც“ ვასწავლიდი ფიზიკის სკოლის სტუდენტებს, ამასთანავე, მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით „ნებულას“ ფიზიკის კურსიც, რომელიც სულ მალე დაიდება განახლებულ საიტთან ერთად.
-საინტერესოა, სერიოზულად როდის დაინტერესდი ფიზიკის სფეროთი?
-ფიზიკით მეთორმეტე კლასის სულ ბოლო თვეებში დავინტერესდი, როცა სკოლის დამამთავრებელი გამოცდებისთვის ვემზადებოდი. ფიზიკა საერთოდ არ ვიცოდი და გადავწყვიტე, გამოცდისთვის ბატონ რამინ ჭელიძესთან მოვმზადებულიყავი, რომელიც კომაროვის სკოლაში ასწავლის. საოცარი ვინმეა რამინი, შეუძლია, ფიზიკა აიღოს და ისე მოგიყვეს, რომ არ გეყოს. ერთხელაც, ლირიკული გადახვევისას მითხრა, „ამას ხომ უნივერსიტეტში მაინც გასწავლიან და ჩვენ ჩვენს მასალას დავუბრუნდეთო“ ალბათ, არ ახსოვდა, რომ უნივერსიტეტში სულ სხვა ფაკულტეტს ვუმიზნებდი. რეალურად, სწორედ მაშინ დავფიქრდი პირველად, ფიზიკაზე რომ ჩავაბარო, რა მაგარი იქნება-მეთქი. მაშინ გადავწყვიტე მართვა და სოციალური მეცნიერებები ფიზიკის სკოლით შემეცვალა, რაც დღემდე არ მინანია.
-საინტერესოა, როგორია შენი ცხოვრება სამეცნიერო სფეროს მიღმა.
-რამდენიმე ჰობი მაქვს – ვვარჯიშობ, ვხატავ, ვუკრავ. მე თუ მკითხავთ, როგორც არ უნდა გიყვარდეთ საკუთარი საქმე, თუ თქვენი ფხიზელი დროის 100%-ს უთმობთ, შედეგი ნამდვილად სავალალო იქნება. მე ძალიან მიყვარს ფიზიკა, მაგრამ ფიზიკითაც ხშირად „გადავმწვარვარ“. მახსოვს, მეოთხე კურსზე თითქმის ყველა საგანი ფიზიკას ეხებოდა. ერთადერთი დამატებითი საგანი მქონდა – ფრანგული ენა. უნდა გენახათ, როგორი ბედნიერებით შევდიოდი ფიზიკისგან გადაღლილი ფრანგულზე, სადაც განვიხილავდით, „მე რომ ხილი ვიყო, რომელი ხილი ვიქნებოდი“. ხანდახან, საყვარელი საქმისგანაც უნდა განვიტვირთოთ, რასაც პირნათლად ვასრულებ და ჯერჯერობით საწუწუნო არაფერი მაქვს.
მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“