close
დედამიწაეს საინტერესოაკვლევებიმედიცინამსოფლიო

გეითსი მსოფლიოს ახალი დაავადების შესახებ აფრთხილებს, რომელიც ნახევარ წელში 30 მილიონ ადამიანს გაანადგურებს

მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვის ზრდასთან ერთად ჩნდება ახალ-ახალი პათოგენები. ამავდროულად, ინდივიდუალური ადამიანისა თუ ადამიანთა ჯგუფებისთვის თანდათან უფრო იოლი ხდება დაავადებების, როგორც ბიოლოგიური იარაღის, შექმნა, რომელიც მსოფლიოს ელვის სისწრაფით შეიძლება მოედოს და რომელთან საბრძოლველადაც კაცობრიობა მზად არაა.

ამის შესახებ კომპანია ,,Microsoft-ის” დამფუძნებელმა – ბილ გეითსმა მასაჩუსეტის სამედიცინო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ეპიდემიებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გეითსმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, რომელიმე მცირე არასახელმწიფო სუბიექტმა ლაბორატორიაში ჩუტყვავილის სასიკვდილო ფორმა შექმნას. პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა ადამიანმა ღონისძიებაზე სიმულაცია წარმოადგინა და აჩვენა, რომ ეპიდემიას, რომელმაც 1918 წელს 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თანამედროვე დროში ექვსი თვის განმავლობაში 30 მილიონი ადამიანის განადგურება შეუძლია, ვინაიდან ,,ჩვენ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ვცხოვრობთ”.

,,წარმოიდგინეთ, მსოფლიო ქვეყნების მთავრობების რეაქცია ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ იქმნება იარაღი, რომელიც 6 თვეში 30 მილიონ ადამიანს გაანადგურებს, ისინი აუცილებლად სასწრაფოდ დაიწყებენ მზადებას საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ბიოლოგიური საფრთხის შემთხვევაში კი გადაუდებელ მოქმედებაზე არავინ ფიქრობს. არადა მსოფლიო პანდემიისთვის ისევე სერიოზულად უნდა მოემზადოს, როგორც ომისთვის,” – განაცხადა გეითსმა.

თუმცა, ცნობილი ბიზნესმენის განმარტებით, თანამედროვე დროში ადამიანს გაცილებით მეტი რესურსი აქვს თავის დასაცავად, ვიდრე წლების წინ, ,,სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით გრიპის უნივერსალური ვაქცინის შექმნის შესაძლებლობას, გვაქვს ზუსტი და სწრაფი დიაგნოზის საშუალება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებასთან საბრძოლველად, გვაქვს ანტიბიოტიკები, რაც მეორადი ინფექციის, როგორიცაა – მაგალითად, პნევმონია, დამარცხებაში გვეხმარება.”

მაგრამ გეითსი აცხადებს, რომ ბიოლოგიური საფრთხის წინააღმდეგ საჭიროა მეტი ძალისხმევა, მთავრობების მხრიდან უფრო სწრაფად და კოორდინირებულად მოქმედება. ის მიიჩნევს, რომ საჭიროა უკეთესი კომუნიკაცია შეიარაღებულ ძალებსა და მთავრობებს შორის და ასევე – ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა კერძო სექტორთან, რათა სათანადოდ განვითარდეს სასიკვდილო დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ტექნოლოგიები.

წყარო: https://www.sciencealert.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid