close

ჩვენი  საკმაოდ ბევრი  თანამემამულე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღწევს წარმატებას და საქართველოს სახელს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საერთაშორისო ასპარეზზე.

მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ მეცნიერებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ სამეცნიერო პროექტებზე და მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ.

მათ შორის,  საპატიო ადგილი უჭირავს 30 წლის ქართველ ბიოფიზიკოსს – ლევან ზანდარაშვილს, რომელიც უკვე წლებია, რაც ამერიკაში მოღვაწეობს და წარმატებული სამეცნიერო კარიერა აქვს.

ლევანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. მე-4 კურსზე ის ბიოფიზიკით დაინტერესდა და დაიწყო ექსპერიმენტების კეთება პროფესორ თამაზ მძინარაშვილის ლაბორატორიაში. ამ დროს, შემთხვევით გაირკვა, რომ ტეხასის უნივერსიტეტში, გალვესტონში (UTMB) იყო ერთწლიანი ვაკანსია დამწყები ბიოფიზიკოსისთვის, სადაც მან დიპლომის აღების შემდეგ დაიწყო  მუშაობა. ერთი წელი სწრაფად გავიდა, ლევანს კი – კვლევების მიტოვება არ უნდოდა. ამიტომ, გადაწყვიტა, ამავე უნივერსიტეტში ჩაებარებინა დოქტორანტურაში ბიოფიზიკის განხრით.

დღეს წარმატებით მოღვაწეობს პენსილვანიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში, სადაც კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდებს იკვლევს. პროექტი, რომელზეც იგი მუშაობს, შეისწავლის დაზიანებული დნმ-ის აღდგენაში მონაწილე ერთ-ერთ ცილას, სახელად PARP1-ს. სწორედ ეს ცილა გამოიყენება კიბოს მკურნალობისას.

უცხოური წარმატებისა და ამ საქმიანობის სირთულეებზე ,,დოქტრინას“ ახალგაზრდა ბიოფიზიკოსი ამერიკიდან ესაუბრა:

 გვიამბეთ, რა გახდა თქვენი მეცნიერებით დაინტერესების მიზეზი.

-ტექნიკური საგნები, განსაკუთრებით, ფიზიკა და მათემატიკა – ბავშვობიდან მიზიდავდა. მეცხრე კლასში,  როცა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში გადავედი, კიდევ უფრო მეტად  დავინტერესდი ამ საგნებით. დავდიოდი სასკოლო წრეზე, ფიზიკის ოლიმპიადებზე. სკოლის დამთავრების დროს, უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტზე ჩაბარებაზე ბევრი არ მიფიქრია, ეს ჩემი ბუნებრივი არჩევანი იყო.

მოგვიყევი თქვენ უცხოურ წარმატებაზე და იმ პროექტებზე, რაზეც ახლა მუშაობთ.

-ჩემი პროექტების ზოგადი ფოკუსი არის ცილების სტრუქტურისა და დინამიკის როლის შესწავლა მათ ფუნქციაში. მე (სხვა მეცნიერების მსგავსად) ყოველთვის სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობ, მაგრამ ჩემს მთავარ პროექტში შევისწავლი ცილა PARP-1-ის სტრუქტურას და დინამიკას. PARP-1 მონაწილეობს დაზიანებული დნმ-ის გარემონტებაში. ამ ცილის ინჰიბიცია კი გამოიყენება სხვადასხვა სახის კიბოს მკურნალობაში. ამ წამლების ნაწილი უკვე გამოყენებაშია, ნაწილი კი ჯერ კიდევ კლინიკური კვლევების სტადიაშია. მე ვცდილობ, გავარკვიო, თუ რა ეფექტი აქვთ ამ წამლებს PARP-1-ის სტრუქტურასა და დინამიკაზე. ამ შედეგებზე დაყრდნობით, იმედი გვაქვს, რომ გავარკვევთ თუ რატომ არის ამ წამლების ნაწილი უფრო ეფექტური კიბოს უჯრედების განადგურებაში, ვიდრე დანარჩენები.

რამდენად რთული იყო საქართველოდან შორს თავის დამკვიდრება და ინტეგრაცია უცხოურ საზოგადოებაში?

-მე ამერიკაში ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ ჩამოვედი. იყო კულტურული შოკის მომენტი, ენის ბარიერი, მაგრამ დროთა განმავლობაში გადავლახე ეს პრობლემები. ამერიკული უნივერსიტეტების სამეცნიერო დეპარტამენტებში ძალიან ბევრი უცხოელია, ამიტომ, შედარებით მარტივია ხალხის გაცნობა და კონტაქტების დამყარება. როდესაც მოდიხარ ისეთი პატარა ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, ხალხის უმეტესობამ მის შესახებ ან ძალიან ცოტა, ან არაფერი იცის და ყველას მეტის გაგება უნდა.

რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო და რას ურჩევთ მომავალ მკვლევარებს?

-სიმართლე გითხრათ, დიდი საიდუმლო არ მაქვს – გახსნილი გონება, ბევრი შრომა და მუდმივად ახლის ძიება. ბაკალავრიატზე  მე ფიზიკას ვსწავლობდი, დოქტორანტურაში ბიოფიზიკასა და სტრუქტურული ბიოლოგიით დავკავდი. უნივერსიტეტში სწავლისას მხოლოდ საგნებით არ შემოვიფარგლე. გავდიოდი პრაქტიკებს სხვადასხვა ლაბორატორიაში, ვმუშაობდი კომპანია EMCoS-ში, დავდიოდი სემინარებზე და ასე შემდეგ. დროთა განმავლობაში ჩემი ინტერესები და მიზნები არაერთხელ შეიცვალა. ეს საკმაოდ ხშირია და ამის  არ უნდა შეგეშინდეთ. ამერიკაში საკმაოდ ბევრს შეხვდებით,  ვინც კარიერას 30-40 წლის ასაკში ძალიან წამატებულად იცვლის.

მეცნიერებაში, ისევე როგორც ტექნოლოგიაში, მუდმივად რაღაც ახალი იქმნება და ახლის სწავლა გიწევს. აუცილებელია, რომ ამ ცვლილებებს არ ჩამორჩე და მუდმივად რაღაც ახალი ისწავლო. არ უნდა მოერიდოთ საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლას. მაგალითად, ჩემი კვლევების პარალელურად, დავინტერესდი მონაცემთა მეცნიერებით (data science), დავიწყე მისი დამოუკიდებლად სწავლა და ვგეგმავ ჩემს პროექტებში გამოვიყენო.

გვიამბეთქვენ სამომავლო გეგმებზე.

-ჩემს კარიერას რა მიმართულებით წავიყვან, ჯერ ზუსტად არ ვიცი. მაქვს რამდენიმე  პერსპექტივა. შემიძლია დავრჩე აკადემიაში, გადავიდე ფარმაცევტულ კომპანიაში ან საერთოდ შევიცვალო კარიერის მიმართულება. ამჟამად მინდა, რომ ჩემს პროექტზე გაკეთებული აღმოჩენები გამოვაქვეყნო. ეს პროცესი დაახლოებით ნახევარ ან ერთ წელს წაიღებს. იმედი მაქვს,  რომ ამ მომენტისთვის გადავწყვეტ თუ რა მიმართულებით მინდა კარიერის გაგრძელება. საბედნიეროდ, ფართო არჩევანი  მაქვს.

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid