close

ალექსანდრე თექთუმანიძე 17 წლის მოსწავლეა თბილისიდან, რომელიც ტექნიკური საგნების სიყვარულითა და „ჩხირკედელაობით“ ბავშვობიდანვე გამოირჩევა. ამჟამად – არც მეტი არც ნაკლები, მუშაობს ხელსაწყოზე, რომლის მეშვეობითაც ადამიანს სიზმრების მართვა შეეძლება. ინოვაციური იდეის შესახებ ალექსანდრე თავად გვესაუბრება:

-ალექსანდრე, აგვიხსენი, რა არის ლუციდური სიზმარი და შენ როდის დაინტერესდი ამ ფენომენით?

-ლუციდური სიზმრების შესახებ მე-8 კლასში ჩემმა მეგობარმა მიამბო, ეს ისეთი მოვლენაა, როდესაც ადამიანი სიზმარშივე აცნობიერებს, რომ სძინავს და სიზმრის კონტროლიც შეუძლია.  თუ შევადარებთ ჩვეულებრივ სიზმარს ლუციდურს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ ჩვეულებრივ სიზმარში ჩვენ მას შორიდან ვნახულობთ – როგორც კინოში, ლუციდურ სიზმარში ჩვენ ამ სიზმრის ნაწილი ვართ, ისევე როგორც ვიდეოთამაშებში.

-დღეს ხელსაწყოზე მუშაობ, რომლითაც შესაძლებელი იქნება სიზმრების კონტროლი, გვიამბე რა პრინციპით იფუნქციონირებს ის?

სიზმარი საკმაოდ დიდი თემაა სამსჯელოდ, მაგრამ შეგვიძლია მოკლედ ვთქვათ, რომ ძილის ერთ-ერთ ფაზაში სახელად – REM-ი, ადამიანი ხედავს სიზმარს. თუ ამ დროს გარეგამღიზიანებლებით მივაწვდით ინფორმაციას, იმის შესახებ რომ მას სძინავს, ადამიანს შეეძლება სიზმრის გაცნობიერება. ახლა ვაწარმოებ გამოკვლევას ოპტიმალური გამღიზიანებელის საპოვნელად და ვმუშაობ REMფაზის აღმოჩენის ხერხებზე.

ჩემი პირველი მოწყობილობის აწყობა მოვახერხე ერთ-ერთ ოლიმპიადაზე სახელად ,,Hackathon-ი”. ეს იყო დაუხვეწელი ბეტავერსია, რომელიც მხოლოდ პრეზენტაციისთვის შეიქმნა და არა გამოყენებისთვის. ამჟამად კი, ვცდილობ ჩემი იდეა ხელშესახებ რეალობად ვაქციო.

-ერთი შეხედვით, საკმაოდ უცნაური წამოწყება გაქვს, როგორია ხოლმე ადამიანების შთაბეჭდილება, როცა შენი პროექტის შესახებ იგებენ?

შთაბეჭდილებები, როგორც წესი, განსხვავებულია. თუ ადამიანს აქამდე არ აქვს ასეთი სიზმარი ნანახი, მისთვის რთულია იმისი დაჯერება, რომ შესაძლებელია სიზმარში აცნობიერებდე, რომ გძინავს. ხოლო ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ლუციდურ სიზმარში გამოცდილება, ეს იდეა აღაფრთოვანებთ, რადგან იციან, რამდენად კარგად გრძნობენ თავს ლუციდური სიზმრის ნახვისას.

-დაბოლოს, შენი უახლოესი სამომავლო გეგმების შესახებ გვიამბე.

-წელს ვაბარებ უნივერსიტეტში. ყველაფერი ისე თუ წავა, როგორც მე ვგეგმავ, სექტემბერში მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში ,,МФТИ-ში“ ვისწავლი. ბაკალავრიატის დამთავრებას იქ ვაპირებ და შემდეგ სწავლას ევროპაში ან ამერიკაში გავაგრძელებ. მოღვაწეობის სამომავლო სფერო ჯერჯერობით დაზუსტებული არ მაქვს, რადგან არჩევანი უნდა გავაკეთო ინჟინერიას, ფიზიკასა და პროგრამირებას შორის.

 

მასალა მოამზადა:  თამარ დევდარიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid