ფიზიკის საოცრებათა სამყარო ბევრს იტაცებს. ბევრისთვის კი – ეს ერთი შეხედვით გაუგებარი და, ცოტა არ იყოს, რთული სფეროც კია.
თანამედროვე ეპოქას ხშირად ტექნოლოგიების ხანასაც უწოდებენ, სადაც ტექნიკის მნიშვნელობა განუზომელია. სად რჩება ამ სამყაროში ადგილი ადამიანისთვის? ეს ალბათ ერთერთი ყველაზე მწვავე კითხვაა, რომელიც გვაწუხებს.
ადამიანი ყოველთვის იყო, არის და იქნება შემოქმედი. მამოძრავებელი ძალა, რომელსაც შეუძლია ცვლილებები და გარდაქმნა სხვადასხვა სფეროში. ამიტომაც – ამ დიდ სამყაროში პატარა ადამიანების ადგილი ყოველთვის იქნება.
მნიშვნელოვანი გარდაქმნები საკუთარ ცხოვრებაში 19 წლის ლუკა ჩხეტიანმა მაშინ დაიწყო, როდესაც ფიზიკისა და თანამედროვეობის შერწყმა მოახერხა და ხელოვნურ ინტელექტს დაუმეგობრდა. ფიზიკით გატაცებული ბავშვობიდან იყო, ტექნოლოგიურ პროგრესს კი წარმატებულად აუწყო ფეხი და დღეს ის თავის გუნდელებთან ერთად საკუთარ კომპანიაა – „SYSTEM-ს“ ხელმძღვანელობს.
ლუკა თავის მეგობრებთან ერთად სხვადასხვა სამეცნიერო პროექტზე მუშაობს და ემსახურება საყვარელ საქმეს, რომლის კეთებაც განსაკუთრებით სიამოვნებს.
როდის დაინტერესდა, ზოგადად, მეცნიერებით და რა პროექტებზე მუშაობს საკუთარ კომპანიაში, ამაზე ,,დოქტრინას“ ახალგაზრდა ფიზიკოსი ესაუბრა:
-ლუკა, როდის დაინტერესდი მეცნიერებით?
-ჩემი ინტერესის სფეროდ დასაწყისიდან ფიზიკას მივიჩნევ, რადგან ძალიან ადრეულ ასაკშივე მქონდა მისწრაფება უკვე ასტრონომიისა და კვანტური ფიზიკის მიმართულებით. თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ინტერესები იცვლება ასაკთან ერთად. ინტერესების სფეროს სულ რამდენიმე წელია შემოემატა ახალი განსაკუთრებული მეგობარი – ხელოვნური ინტელექტი, რამაც მოგვიანებით ბევრი გარდაქმნა გამოიწვია ჩემს საქმიანობასა და საერთოდ – ცხოვრებაში.
–რას საქმიანობ ამჟამად და რა პროექტებზე მუშაობ?
–ერთი წლის წინ დავაარსე კომპანია, რომელიც მუშაობს ხელოვნურ ინტელექტსა და რობოტიკაზე. ამის გარდა, ჩვენი მიმართულება ეხება სოფტვეარ და ჰარდვეარ დეველოპმენტს – გვაქვს კიდეც რამდენიმე საინტერესო და საკმაოდ წარმატებული პროექტი ამ სფეროში, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უკვე წარვადგინეთ და დიდი ინტერესიც დაიმსახურა.
საინტერესო ფაქტი ისაა, რომ გუნდის წევრების 95% ვართ სტუდენტები. რაღაც ეტაპზე მივხვდი, რომ პროფესიონალიზმი ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი, მოტივაცია და გონებრივი რესურსი იყო – ეს უნდა ჩანდეს ადამიანში, რომ ნათელი იყოს რომ მას რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეუძლია.
-რა სირთულეები შეგხვდა საქმიანობაში ?
-ყველაზე რთული საჭირო ადამიანების პოვნაა, თანაც განსაკუთრებით როცა კომპანიას მოგება არ აქვს ამ ეტაპზე და რთულია ხოლმე, ადამიანმა შენი მთლიანად დაიჯეროს, გენდოს და ბოლომდე წამოგყვეს საქმეში. ვფიქრობ, გუნდის ყველა წევრს ის გვაერთიანებს, რომ ვიბრძვით რაღაც საინტერესოს შექმნისთვის, რაღაც ისეთის აშენებისთვის, რომელიც სამყაროს შეცვლის ან ეცდება მაინც შეცვალოს.
რეალურად, იმდენი საინტერესო პროდუქტი არსებობს მსოფლიო ბაზარზე, რომ შეიძლება ითქვას, რთულია საინტერესო სიახლით მოსვლა. თუმცა, თუ შენ და გუნდი დარწმუნებული ხართ, რომ რაღაც საინტერესოს აკეთებთ და ამისთვის იბრძვით, იქ აუცილებლად გაჩნდება ისეთი იდეები, რომლებიც, წესით, ადამიანების ცხოვრებაში ,,ერთხელ მოდის”.
–როდის დაინტერესდი ტექნოლოგიებით და რატომ?
-რამდენიმე წლოს წინ ჩემი ინტერესები ფიზიკასა და ხელოვნურ ინტელექტს შორის გადაიკვეთა. ახლა ის ეტაპია, როცა ეკონომიკა და მართვის სისტემები საფუძვლიანად იცვლება და ადამიანი მაქსიმალურად გადადის შემქმნელის და გამომგონებელის როლში, კონკრეტული ,,შავი სამუშაოები” კი ავტომატიზირდება.
იცით, ბევრი ლაპარაკობს საინტერესოდ ამ თემების გარშემო მაგრამ მაინც იგრძნობა შიში ადამიანებში გარკვეულ დონეზე. შიშში იგულისხმება რისკის შეგრძნება, როცა გგონია, რომ შენი ქმნილება შენზე მეტს შეძლებს, რაც მეცნიერულად, ლოგიკურად და რომანტიკულად, ემოციურ დონეზე შეუძლებელია. ჩვენი, ადამიანების უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენი იდეების მატერიალიზაცია, რაც თავისთავად გამომდინარეობს ჩვენივე თავისუფალი სურვილისგან, რასაც ბევრი გარემოს ზემოქმედებას მიაწერს უბრალოდ და მეტს არაფერს. რეალურად, ეს არის ის გასაღები, რითიც შეგვიძლია საინტერესო პროდუქტები ავაშენოთ.
–რა არის შენი პროექტების მთავარი განმასხვავებელი ნიშანი?
-ვფიქრობ, და დღითი დღე ვრწმუნდები ამაში, რომ ჩვენი პროექტებს საინტერესოს და მიმზიდველს უნიკალურობა ხდის ზუსტად. უნიკალურობა არ არის საფუძვლიანად ახალი პროდუქტის შექმნა, უნიკალურობაა პრობლემის გადაწყვეტის ისეთი გზის შექმნა, რომელიც შემქმნელისა და მომხმარებლისათვის მომგებიანი და მისაღები იქნება. ყველა პროექტი და იდეა ორი მიზეზის გამო დაიბადა – ან პრობლემის გადაჭრას ემსახურება, ან ვცდილობთ, რომ ამ გზით ადამიანებში გაოცება გამოვიწვიოთ. არაფერია იმაზე სასიამოვნო შეგრძნება, როცა ხედავ რომ გუნდის შრომამ შედეგი გამოიღო და ,,targeted audience-მა“ ის იმ შეგრძნებები მიიღო, რაზეც ამდენი ხანი მუშაობდით და ამდენი შრომა ჩადეთ.
–გვიამბე სამომავლო გეგმებზე.
–სამომავლო გეგმად მეტი რესურსის მოძიება დავსახეთ. იდეა მარტივია, რესურსები გვჭირდება იმისათვის, რომ მოვიდეთ შემდეგი იდეებით და შევძლოთ მათი მატერიალიზაცია – მივცეთ თავს უფლება უფრო და უფრო მასიურ და საინტერესო პროექტებზე ვიფიქროთ. ჯერ მხოლოდ პირველ ნაბიჯებს ვდგამთ.
გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე დიდი სიახლეების შეტანას ემსახურება. შედეგები, უბრალოდ, დროის საკითხია, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის რომ შედეგი რაც შეიძლება მალე დაიდოს, და რაც მთავარია – ხარისხიანი იყოს.
მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“