პრაქტიკის კვლევის მეთოდი ერთ-ერთია გამოყენებით კვლევებს შორის, რაც უკვე არსებული თეორიებისა თუ მექანიზმების პრაქტიკაში დანერგვასა და გამოყენებას მოიცავს, უშუალოდ განათლების სფეროში ეს გულისხმობს პროფესიულ სიტუაციებზე დაკვირვებას, რათა ამის მეშვეობით მოხდეს სიტუაციური ანალიზი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად.
პრაქტიკის კვლევის ტერმინი კურტ ლევინმა (1890-1947 წწ.) დაამკვიდრა და დღეს სწორედ ის მიიჩნევა ამ მეთოდის ფუძემდებლად. უშუალოდ პროცესი კი, საკმაოდ მრავალშრიანი და საინტერესოა, ვინაიდან მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება ლოკალური ცვლილებების გატარება.
ლევინის მიერ 1946 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი – Action Research and Minority Problems, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ამერიკის საზოგადოებაში კვებითი ჩვევების ცვლილებასა და ეთნიკური უმცირესობებსადმი მათი დამოკიდებულების უკეთესობისკენ ცვლას ეხებოდა, საბოლოო ჯამში, პრაქტიკული კვლევას პედაგოგიურ სფეროში დამკვიდრების წინაპირობაც გახდა.
განათლების სფეროში, პრაქტიკის კვლევის განხორციელება შეუძლია მასწავლებელს ან მასწავლებლების ჯგუფს, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობენ, ამ შემთხვევაში იგულისხმება – სფეროს მკვლევარები. მსგავსი კვლევის ჩატარება შესაძლებელია ყველა იმ გარემოში, სადაც ადამიანები და მათთან დაკავშირებული ამოცანები თუ პრობლემები ფიგურირებს, რომელთა შორისაც გარკვეული მახასიათებლების ცვლას სასურველი, დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია.
ორმოცდაათიან წლებში პრაქტიკა, რითიც ლევინი მოვლენებს აკვირდებოდა, დაუახლოვდა საგანმანათლებლო სფეროს, თუმცა ამ შემთხვევაში პიონერებად დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მეცნიერები ელიოტი და ედელმანიც გვევლინებიან, რომლებმაც პრაქტიკის კვლევა ფორდის სწავლების პროგრამაში ჩართეს, რომელიც 1973-1976 წლებში მიმდინარეობდა. აღნიშნული პროექტის მიხედვით, მასწავლებელი ერთგვარად დანახული იყო როგორც მკვლევარი, რომელიც მუდმივი დაკვირვების პროცესშია და ცდილობს დასკვნების საფუძველზე პრაქტიკა გააუმჯობესოს, რაც დღევანდელი გადმოსახედიდანაც ნათლად უჩვენებს პრაქტიკის კვლევის არსს, რომელშიც თვითონ პროცესებში ჩართული პიროვნებები ყველაზე უკეთ ახდენენ პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარებას.
თუკი პრაქტიკული კვლევა და ზოგადად მეცნიერებები ევროპისა თუ ამერიკის ქვეყნებში მეოცე საუკუნიდან განხილვის საგანი იყო და მასში ცნობილი ამერიკელი ბიზნესთეორეტიკოსის – კრის არგირით დაწყებული უამრავი ადამიანი იყო ჩართული, საქართველოში ეს ტენდენცია სულ რამდენიმე წელია არსებობს. 2015 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომლის მიხედვითაც, დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო აკადემიური პროგრამა, მიმდევრობითი და პარალელური პროგრამები სტუდენტებს ავალდებულებს სასკოლო პრაქტიკის მოდულის გავლას, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს პრაქტიკის კვლევის კომპონენტსაც, შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობა შეიძინა პრაქტიკის კვლევის პრინციპების, დანიშნულებისა და შეზღუდვების საფუძვლიანად გაზიარებამაც, რაც ბოლო დროს, კიდევ უფრო აქტუალურია.
პრაქტიკულ კვლევაში ორი ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიდგომა არსებობს – კლინიკური მიდგომა (შეინი, 1987) და კოლექტიური პრაქტიკული კვლევა (უაიტი, 1989). პირველ შემთხვევაში, შეინისავე აღწერით, კლინიკური მიდგომა პროფესიული დახმარების ფუნქციას გულისხმობს და მკლევარსა და სისტემას შორის არსებულ კავშირს თერაპიულ მოდელს ადარებს, რომელშიც მკვლევარი სვამს დიაგნოზს და ცდილობს სისტემას, როგორც პაციენტს ისე უმკურნალოს, ეს არის გარკვეული ნიშნების მატარებელი მოდელი, რომელშიც ადვილად დასადგენია პირიი, რომელსაც უკავშირდება პრობლემები, მსგავსი ადამიანის ქმედება ნებაყოფლობითია, ახასიათებს ნეიტრალობა ღირებულებითი გამოსახულების მიმართ, ხოლო მიზანი კი საერთოა და მიმართულია გამოჯანმრთელებისკენ, იგულისხმება – უკეთესობისკენ.
რაც შეეხება უაიტს, ის პრაქტიკული კვლევას განმარტავდა, როგორც პროცესს, რომლის დროსაც ორგანიზაციის ან ჯგუფის ზოგიერთ წევრს, პროფესიონალ მკვლევართან ერთად, კვლევის პროცესში მონაწილეობას ასწავლიან და ის მთლიანი პროცესის მანძილზე ჩართულია ყველა მოქმედებაში.
აღსანიშნავია, რომ კვლევის უშუალო მონაწილეები საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართული პირები არიან, იქნებიან ისინი მასწავლებლები, დირექტორები, ლექტორები თუ სხვები, შესაბამისად, სავარაუდოა რომ მათ მიერვე საკუთარი დაკვირვებოთ მიღებული დასკვნები კიდევ უფრო გამოადგებათ პროფესიულ საქმიანობაში, თუმცა ამავდროულად, ესვე შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი, რადგან დასკვნები შესაძლოა ე.წ. თანამონაწილეებთან სუბიექტური, პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე გამომუშავდეს. ამასთანავე, კლევის მკვლევარებს აუცილებლად სჭირდებათ ინტერაქცია სხვა, მათგან დამოუკიდებელ პირებთან, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ საკითხი, რაც საჭიროებს მათ მზაობასა და თანხმობას თანამშრომლობაზე.
დაბოლოს, დასკვნის სახით ყველაზე შესაფერისი იქნება თუ ლევინის ციტატას მოვიყვანთ – „კვლევა, რომელიც ქმნის მხოლოდ წიგნებს, არაა საკმარისი“, რაც ნათლად უსვამს ხაზს, რომ პრაქტიკის კვლევა მუდმივი აღმოჩენის პროცესია, რომელიც დასკვნით არ მთავრდება მხოლოდ და ახალი ინიციატივებიც მუდმივი გადახედვის პროცესშია, რაც პრობლემების უფრო სიღრმისეული გადაჭრის წინაპირობაა.
მასალა მოამზადეს: თამარ დევდარიანმა და ლედი კიწმარიშვილმა