კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე სკოლას 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შენობა ერთსართულიანია. დამხრობილია ჩრდ-სამხრ. ღერძზე. ნაგებია ნატეხი ქვით კირხსნარზე. XX ს. შუა ხანებში ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აგურით, ბლოკითა და ნატეხი ქვის კედლებით ნაგები მიშენებები აქვს. სკოლის თავდაპირველი შენობა ასეთი იყო: სამხრეთით მთელს სიგრძეზე გასდევდა აივანი (ამჟამად ამოშენებულია და ერთ საკლასო ოთახად და ვესტიბიულადაა გამოყენებული), რომლიდანაც გადის გამჭოლი დერეფანი. დერეფნის ორივე მხარეს ორ-ორი საკლასო ოთახი მდებარეობდა. რომლებსაც სარკმლები ქონდათ დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს. სარკმლებს თავისი დარაბები გააჩნდათ (ამჟამად დარაბები შემორჩენილია სამხრეთ-დასავლეთ ოთახში, სადაც ახლა ბიბლიოთეკაა განლაგებული). სკოლისთვის მიშენებების გაკეთების შემდეგ სკოლა ასე შეიცვალა: აივანი ამოაშენეს და საკრმლებით გაანათეს, ჩრდილო-დასავლეთის საკლასო ოთახი მცირე ვესტიბიულად აქციეს, ხოლო საკლასო ოთახები გახდა აივნის ამოშენებული ნაწილი და მიშენებულის დასავლეთი ნაწილი. მიშენების აღმოსავლეთ ნაწილში კი სამასწავლებლოა განთავსებული. სამხრეთის მინაშენში განთავსდა ბიბლიოთეკის ნაწილი და სხვა დამხამრე დანიშნულების ოთახები. სკოლაში დაცულია რამდენიმე ძველი მერხი და ორი ხის დაფა. სკოლის შენობას წინ აქვს ძველი ეზო, რომელშიც საუკუნოვანი ბზის რიგიცაა დაცული.
სკოლა გახსნილია 1882 წ. 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ წინარეხის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე. შენობა ასევე საზოგადოების მიერაა აშენებული. 1883 წ. მთავრობის განკარგულებით სკოლა უნდა დახურულიყო, იმ საბაბით, რომ სკოლაში სწავლება მიდიოდა არა იანოვსკის პროგრამის მიხედვით, არამედ ორგანიზაციის შედგენილი პროგრამით. მაგრამ წერა-კითხვის საზოგადოების გადაწყვეტილებით სკოლამ არსებობა გააგრძელა. სკოლა ოთხწლიანი იყო და იქ ერთი მასწავლებელი ასწავლიდა. პირველი მასწავლებელი სალომე მაღალაშვილი ყოფილა, ხოლო 1901 წლიდან უკვე სკოლაში დიდი ხნის მანძილზე მასწავლებლობდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სოფ. პერევისიდან საგანგებოდ გადმოყვანილი ივანე გიუნაშვილი. სკოლა არქიტექტურული თვალსაზრისით არ წარმოადგენს გამორჩეულ ნაგებობას, ის მე-19 ს. მეორე ნახევრისთვის დამახასიათებელი აღმ. საქართველოს საცხოვრებელი ნაგებობების არქიტექტურული ფორმების გათვალისწინებითაა აგებული, თუმცა მისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია სამი მახასიათებლით: 1. სიძველე; 2. ისტორიულობა – ის ერთ-ერთი პირველი სკოლის შენობაა, რომელთა მშენებლობა მე-19 ს. მეორე ნახევარში დაიწყო საქართველოში; 3. მემორიალურობა – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან კავშირის გათვალისწინებით. XIX ს. სკოლის შენობას XX ს. შუა ხანებში ჩრდილოეთიდან გაუკეთეს ორ ოთახად გატიხრული მინაშენი, ხოლო სამხრეთიდან რამდენიმე ოთახისგან შედგენილი მინაშენი. ამოშენებულია თავდაპირველი აივანი. ფასადებზე ჩასმულია მეტალო-პლასტმასის ფანჯრები. ძველი ხის ფანჯრები თავისი დარაბებით შემორჩენილია აივნის მხარეს გახნილ ოთახებში. ხისაა ოთახის კარებებიც. სკოლა გარედან და შიგნიდან შელესილია. ადგილ-ადგილ ფასადებზე შელესილობა აყრილია. იატაკი ძველი ხისაა, ჭერი თავდაპირველ ნაგებობაში ხისაა, მინაშენებში კი დიქტის და სხვა მასალის. კედლები დაბზარულია. იატაკი ადგილ-ადგილ დაზიანებული. დახურულია შიფერით.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”