close

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს საუნივერსიტეტო ტელევიზიის შექმნა სურს და ამ უფლების მოსაპოვებლად მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებას ითხოვს. 

On.ge-ს ცნობით, შესაბამისი ინიციატივა საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა და განსახილველად დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს გადაეგზავნა.

თსუ-ის მიერ წარდგენილ საკანონდებლო ინიციატივაში ნათქვამია, რომ საუნივერსიტეტო ტელევიზია რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს:

პოპულარიზაციას გაუწევს უნივერსიტეტს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
საზოგადოებას გააცნობს იმ სამეცნიერო მიღწევებს, რომელსაც თსუ-ის მეცნიერები და მკვლევარები ახორციელებენ;

პოპულარულ ენაზე გააცნობს საზოგადოებას გამოყენებით სამეცნიერო პროექტებს, წარმატებულ და ახალგაზრდა მეცნიერთა საგრანტო აქტივობებს;

შეძლებს უნივერსიტეტის პროფესორთა ექსპერტული ხედვების პოპულარიზაციას, უნივერსიტეტისა და სახელისუფლებო შტოების დაახლოებას;

მოხდება პროფესორების საჯარო ლექციების ტრანსლირება;

მეტი ინფორმაცია უცხოური უნივერსიტეტების საქმიანობაზე.

ინიციატივის ავტორების თქმით, ტელევიზია დაეყრდნობა ჟურნალისტიკისა და მასობრივი მიმართულებისა თუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტების მიერ მომზადებულ მასალებს და ხელს შეუწყობს სხვა ფაკულტეტების სტუდენტების ჩართულობას.

იმისთვის, რომ უნივერსიტეტს ტელევიზიის შექმნის უფლება ჰქონდეს საჭიროა ცვლილება განხორციელდეს მაუწყებლობის შესახებ კანონსა და ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონში.

ინიციატივის მიხედვით, ტელევიზიას რამდენიმე მიზანი ექნება, მათ შორის საკაბელო, ონლაინ, YouTube და მობილური აპლიკაციების საშუალებით “უნივერსიტეტის წიაღში დაგროვებული ცოდნის საზოგადოებაში გატანა, რომელიც მრავალფეროვან თემატურ სპექტრს მოიცავს”.

ასევე ინიციატივის მიზანია ხელი შეუწყოს ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისა და კოლეჯის სტუდენტების გადამზადებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid