close
არქეოლოგიაისტორიაკვლევებიმსოფლიო

ვის ეკუთვნის ეგვიპტეში აღმოჩენილი საიდუმლო სარკოფაგი?

ეგვიპტელმა არქეოლოგებმა გააქარწყლეს მეცნიერთა იმედები იმის შესახებ, რომ უძველეს სარკოფაგში, რომელიც ქალაქ ალექსანდრიაში რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, ალექსანდრე დიდი იყო დაკრძალული.

დაახლოებით 2000 წლის შავი გრანიტით დალუქული სარკოფაგი მუშებმა საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების დროს რამდენიმე დღის წინ ქალაქ ალექსანდრიაში შემთხვევით აღმოაჩინეს.

30-ტონიანი სარკოფაგი ყველაზე დიდია აქამდე ალექსანდრიაში აღმოჩენილ სარკოფაგებს შორის, რაც კიდევ უფრო ამყარებდა ადგილობრივ  და საერთაშორისო პრესაში გავრცელებულ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ეს, შესაძლოა, ძველი ბერძენი მმართველის, ალექსანდრე დიდის სამუდამო განსასვენებელი ყოფილიყო, რომელმაც ქალაქი ალექსანდრია ძვ.წ.აღ.-ის 331 წელს დააარსა.

ეგვიპტის სიძველეების სამინისტრომ წერტილი დაუსვა დისკუსიას იმის შესახებ, ეკუთვნოდა თუ არა აღმოჩენილ სარკოფაგში განთავსებული ნეშთი ალექსანდრე დიდს.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ სამი ადამიანის ძვლები, რომლებიც, როგორც ჩანს, ერთი ოჯახის წევრები არიან…“, – განაცხადა სიძველეების უმაღლესი საბჭოს გენერალურმა მდივანმა მუსტაფა ვაზირიმ.

„ალექსანდრიაში აღმოჩენილი უცნობი საფლავი არ ეკუთვნის არც ალექსანდრე დიდს და არც პტოლემეციური პერიოდის (ძვ.წ.აღ.-ის 332 -30 წ.წ.) რომელიმე სხვა ცნობილ მმართველს,“ – განაცხადა ვაზირმა.  

ალექსანდრე დიდის საფლავი, რომელიც  ძვ.წ.აღ.-ის 323 წელს გარდაიცვალა, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: www.reuters.com

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid