მეცნიერებმა ირმის ნახტომში (Milky Way) ვარსკვლავზე დაკვირვება აწარმოეს და, პირველად მეცნიერების ისტორიაში – დაამტკიცეს აინშტაინის პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა ხდება, როცა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელს ახლოს ჩაუვლის.
აინშტაინის 100 წლის წინ ნაწინასწარმეტყველები ზოგადი ფარდობითობის თეორიის თანახმად, ძლიერ გრავიტაციულ ველში სინათლე მრუდდება ან განიცდის წითელ წანაცვლებას.
,,ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შესაძლებლობა მოგვეცა, აინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორია სუპერმასიურ ხვრელთან ახლოს შეგვემოწმებინა. იმ დროს აინშტაინი ვერც კი იოცნებებდა იმაზე, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ,“ – განაცხადა მაქს პლანკის ინსტიტუტის (Max Planck Institute for Extraterrestrial Physics) მეცნიერმა- ფრენკ ეისენჰაუერმა.
,,European Southern Observatory-ის” მეცნიერებმა Very Large Telescope-ის გამოყენებით, ირმის ნახტომის ცენტრალურ ნაწილზე დაკვირვება 26 წლის წინ დაიწყეს იმის დასადგენად, თუ როგორ მოძრაობდა ვარსკვლავი სუპერმასიურ შავ ხვრელთან მიახლოებისას.
შავი ხვრელი დედამიწისგან 26,000 სინათლის წლითაა დაშორებული და ის მზეზე 4 მილიონჯერ უფრო მასიურია. მეცნიერებმა დაკვირვებისთვის აარჩიეს ერთი ვარსკვლავი – S2, რომელიც ორბიტის გარშემო ერთ შემოვლას 16 წელს ანდომებს. ასე რომ, მეცნიერებმა იცოდნენ, რომ ვარსკვლავი შავ ხვრელს 2018 წელს მიუახლოვდებოდა.
26 წლის მანძილზე მათი ინსტრუმენტების სიზუსტე გაუმჯობესდა და, შესაბამისად, 2018 წლის მაისში მათ ძალიან ზუსტი ზომების მიღება შეძლეს.
დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვარსკვლავის ორბიტალურმა სიჩქარემ საათში 25 მილიონ კილომეტრს გადააჭარბა, როცა ის შავ ხვრელს მიუახლოვდა.
ვარსკვლავის ტალღის სიგრძე გაიჭიმა, რადგან იგი ცდილობდა უზარმაზარი შავი ხვრელის გრავიტაციული ძალისგან თავის დაღწევას, რის გამოც მისი შეფერილობა ლურჯიდან წითლით შეიცვალა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შავი ხვრელის სხვა თეორიების დაკვირვებასაც მოახერხებენ.
,,ეს არის პირველი ნაბიჯი ხანგრძლივ გზაზე, რომელიც, იმედია, რომ მომავალშიც გაგრძელდება”, – განაცხადა მეცნიერთა აღნიშნული გუნდის ხელმძღვანელმა – რეინჰარდ გენზელმა.
წყარო: www.reuters.com
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”