მიუხედავად ყველა სირთულისა, რაც მეცნიერებას და მის სხვადასხვა დარგს თან ახლავს, მთავარი მიზანი, რასაც ის ემსახურება, ადამიანებისთვის ცხოვრების გაუმჯობესება და ბევრი საქმის გაადვილებაა. სხვადასხვა გამოგონება სწორედ ამ მიზანს უკვე საუკუნეებია ასრულებს.
ის მომავლის მეცნიერია, რომელიც თავისი საქმიანობითა და გეგმებით სამყაროს გაუმჯობესებას ესწრაფვის.
ორი ამბავი აქვს, ორი გზა, რომელიც ერთნაირად უყვარს და აღაფრთოვანებს.
მომღერალ გიორგი ფუტკარაძეს ბევრი იცნობთ, მეცნიერ გიორგის კი – ნაკლებად.
21 წლის ბათუმელ შემოქმედს ამჟამად, როგორც თვითონ ამბობს, უსაქმურობის პერიოდი აქვს, თუმცა მაინც ფიქრობს და თავის სამეცნიერო პროექტებზე მუშაობს, დროის უქმად დაკარგვა დიდად არაა მისი სტიქია.
ზუსტად ვერ იხსენებს როდის გაჩნდა მუსიკა მის ცხოვრებაში. ერთადერთი რამ, რაც ზუსტად იცის, ისაა, რომ მუსიკოსებად იბადებიან და მისი ცხოვრების გზაც სწორედ ამ მეტად საინტერესო ბეწვის ხიდზე უკვე წლებია გადის.
მუცლადყოფნისას მელომანი დედა ,,ლედ ზეპელინსა” და ,,პინკ ფლოიდს” ასმენინებდა, მერე ბაღში ასრულებდა მუსიკალურ როლებს, უბნის მგოსნადაც იქცა წარმატებულად, ბოლოს კი – გიტარა და ,,იუთუბის” ჯანი – გიორგის ცხოვრება სრულად მოიცვა მუსიკალურმა აურზაურმა.
წინა ცხოვრებაზე არ უფიქია, თუმცა ჰგონია რომ თუ ასეთი რამე არსებობს, მაშინ ის კომბოსტო იქნებოდა.
გზა კომბოსტობიდან შემდგარ მუსიკოსამდე, რომელმაც ბევრი სირთულე გაიარა, საკმაოდ გრძელია.
მის მუსიკით მოცულ სამყაროში მეცნიერება და სამეცნიერო ჩხირკედელაობები ბავშვობიდან გაჩნდა. ცნობისმოყვარე გიორგის სიახლეები იზიდავდა, ,,დისქავერის” უყურებდა და მერე თავადაც ბევრს ფიქრობდა – რა და როგორ შეექმნა – საინტერესო და სასარგებლოც.
კონკრეტულ გამოგონებებზე საუბარი არ უყვარს, უფრო მეტი სამომავლო გეგმა აქვს და ზუსტად იცის, რომ მის პროექტებს, რომელიც სოციალური მნიშვნელობის იქნება, არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო აღიარებს.
როგორ ეხმარება მუსიკა გამოგონების პროცესში და არის თუ არაა მელოდიების შექმნა ერთგვარად სამეცნიერო საქმიანობა, ,,დოქტრინას” ამ თემებზე მეცნიერ-მუსიკოსი გიორგი ფუტკარაძე ესაუბრა:
–გვიამბე შენს სამეცნიერო საქმიანობაზე.
-მეცნიერება ბავშვობიდან მიტაცებდა. ვქმნიდი გამოგონებებს, ვჩხირკედელაობდი რაღაცებს. ჩემი პროექტების აღწერა საინტერესოდ არ ჟღერს, უნდა ნახოთ ნახაზები, რომ რეალურად აღიქვათ ის მთლიანობაში. ეს ისევეა, როგორც მუსიკა ჩემთვის. მირჩევნია მუსიკა ვიმღერო, ვიდრე ვილაპარაკო.
ბავშვობის პროექტებზე დღემდე ვმუშაობ და ვაპირებ სამომავლოდ საინტერესო სიახლედ ვაქციო ისინი, რაც დიდი სიურპრიზი იქნება ყველასთვის.
-რა განხრითაა ძირითადად შენი სამეცნიერო გამოგონებები და რა სარგებელი აქვს მას?
-ეს პროექტები უფრო ცხოვრებისეულ ამბებს ეხება და მომავლის მეცნიერებაა. სწორედ სამომავლოდ მაქვს ეს გეგმები და მათ დიდი სარგებელიც ექნება.
მომავალში, როდესაც დიდი შანსია, რომ ადამიანების უგუნური საქმიანობების გამო, ჟანგბადისა და სხვა ნივთიერებების დეფიციტი იქნება – სამყარო აღმოჩნდება დიდი საფრთხის წინაზე, ჩემი გამოგონებები ეცდება ამ მასშტაბური პრობლემების აღმოფხვრას და ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. ეს საკმაოდ რთული საქმეა, კარგად მაქვს გააზრებული. ბევრი მუშაობა და დახვეწა სჭირდება ამ პროექტებს, თუმცა მზად ვარ დიდი დრო დავუთმო ამ ყველაფერს და დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწიო.
ამავდროულად, ეს გამოგონებები სარგებელს ხალხს იმ კუთხითაც მოუტანს, რომ სასიცოცხლო ენერგიის უფასოდ გამომუშავების და მიღების შანსი და ალტერნატივა იქნება. ეს დიდ კონკურენციასთანაა დაკავშირებული, თუმცა, დროთა განმავლობაში, ამის დარეგულირებაცაა შესაძლებელი.
-გამოგონების შესაქმნელად რა არის აუცილებელი?
-უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით, გამომგონებელს სჭირდება არაჩვეულებრივი აზროვნება ანუ ვგულისხმობ იმას, რომ მას განსხვავებული ხედვა უნდა ჰქონდეს და ბევრად მეტს უნდა ხედავდეს ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანები.
გარდა კრეატიულობისა, ზოგადი ცოდნაც აუცილებელია, რომლის მარაგიც ადამიანს ეხმარება მეტად ადვილად მოიძიოს გამოგონებისთვის აუცილებელი რესურსი და სამუშაო პროცესის მეტად ადვილი და საინტერესო გახადოს.
-მუსიკა და მეცნიერება – რა კავშირია შენთვის ამ ორ საქმეს შორის?
-რეალურად, ეს ორივე საქმე ჰგავს ერთმანეთს, იმდენად რამდენადაც ორივეს სჭირდება არაჩვეულებრივი აზროვნება, ასევე ემოცია და გრძნობაც.
როცა რაღაცას იგონებ, შეუძლებელია დაჯდე, იდეა უცებ მოიფიქრო და დაიწყო პროექტის კეთება. გამოგონებას, ისევე როგორც მუსიკას, მუზა სჭირდება.
თუ რამე გამომიგონია ყველაფერი მოძრაობაში გამომიგონია. ვაკვირდებოდი რაღაცას და მოდიოდა იდეა, ზუსტად ასეა მუსიკა, ემოციას მოაქვს მუზა და შემდეგ იბადება მელოდიებიც.
-გაგვიმხილე შენი ამჟამინდელი საქმიანობა და სამომავლო გეგმები.
-ამჟამად, რეპეტიციები მაქვს ბენდთან ერთად და უმეტესად ვისვენებ, რამე სხვა კონკრეტული საქმიანობა არ მაქვს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დიდად ამაზე საუბარი არ მიყვარს. სჯობს, არაფერი ვთქვა და ისე გამოვიდეს ყველაფერი. ანუ ყველამ შედეგი დაინახოს.
თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სამომავლო საქმიანობა უკავშირდება ისევ და ისევ ჩემი ცხოვრების მთავარ მოწოდებებს – მუსიკას და მეცნიერებას და ორივე სფეროში ვაპირებ საკუთარი სიტყვის თქმას.
მასალა მოამზადა: ანა ურუშაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”