მეცნიერებმა კილოგრამის დეფინიციის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. დღემდე, ის განისაზღვრება პლატინის და ირიდიუმის ნაჭრის, “Le Grand K”-ს წონით, რომელიც წონისა და ზომის საერთაშორისო ბიუროს (BIPM) ცენტრალურ ოფისში ინახება.
ბიუროს წევრები, რომლებიც 60 ქვეყანას წარმოადგენენ, რამდენიმე დღის წინ შეთანხმდნენ, რომ კილოგრამი ახალი სისტემით განისაზღვროს.
ახალი სისტემა განსაზღვრავს მასის ერთეულს როგორც ელექტრულ ძალას, რომელიც კიბლის წონასწორობის მანქანაზე კილოგრამის ექვივალენტურია. თავად ელექტრული ძალა კი პლანკის მუდმივით განისაზღვრება.
პლანკის მუდმივა სიმბოლო h-ით აღინიშნება. h უკიდურესად პატარა რიცხვია, მაგრამ ფიზიკოსმა ბრაიან კიბლმა შექმნა ინსტრუმენტი, რომელიც მას სათანადო სიზუსტით ზომავს. “კიბლის სასწორი” ხელსაწყოა, რომლის ერთ მხარესაა ელექტრომაგნიტი და მეორე მხარეს წონის ერთეული, ვთქვათ, კილოგრამი. ელექტრომაგნიტში გამავალი დენი იზრდება, ვიდრე ორივე მხარე სრულყოფილ წონასწორობაში არ მოვა. ელექტრომაგნიტში გამავალი დენის წარმოუდგენელი სიზუსტის გაზომვით, მკვლევრებმა h-ის 0.000001%-ის სიზუსტით გამოანგარიშება შეუძლიათ.
კილოგრამთან ერთად შეიცვალა ერთეულთა საერთაშორისო სისტემის სამი სხვა ერთეული. ელექტრული დენი (ამპერი), ტემპერატურა (კელვინი) და ნივთიერების რაოდენობა (მოლი). ისინიც განისაზღვრებიან ბუნებაში არსებული სხვა მუდმივებით – ელექტრულ მუხტით, ბოლცმანის მუდმივით და ავოგადროს მუდმივით.
უცვლელი დარჩა ერთეულთა საერთაშორისო სისტემის სამი ერთეული – დროის ერთეული (წამი), სიგრძის ერთეული (მეტრი) და სინათლის ძალის ერთეული (კანდელა). წონის და გაზომვების საერთაშორისო ბიუროს დირექტორი, მარტინ მილტონი ამბობს, რომ “განმარტების ცვლილება მეცნიერული პროგრესის გარდამტეხი მომენტია”
“Le Grand K” წონის გაზომვის საერთაშორისო სისტემის ეტალონი 1889 წლიდან იყო, მსოფლიოში მისი რამდენიმე ასლი არსებობს. თუმცა, კილოგრამის ეტალონი და მისი ასლები დაძველებასთან ერთად იცვლება და წონას კარგავს. “Le Grand K”-ს წონა მისი ასლების წონისგანაც განსხვავდება. ეს განსხვავებები ერთი წამწამის წონას არ აღემატება, თუმცა ბევრია თანამედროვე მსოფლიოსთვის, სადაც ზუსტი გაზომვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისეთ დარგებში, როგირიცა : ფარმაკოლოგია, ნანოტექნოლოგიები, ინჟინერია და სხვ.
კილოგრამის განსაზღვრებასთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში 2019 წლის 20 მაისს შევა.
წყარო : Reuters ; BBC
მასალა მომაზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”