close

ცნობილი ბრაზილიელი ფოტოგრაფი სებასტიაო სალჯადო 90-იან წლებში რუანდას გენოციდის შესახებ ინფორმაციის მოსაგროვებლად ამავე ქვეყანაში იმყოფებოდა. როდესაც ის ბრაზილიაში, მინას ჟერაისში, საკუთარ სახლში დაბრუნდა, მას მთელი ტყე, რომელიც ერთ დროს თავს იწონებდა ბიომრავალფეროვნებით, გამქრალი და გაუდაბურებული დახვდა. ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი მამული სტკიოდა, ამ ამბავმა დაამწუხრა და უბიძგა მისი შეცვლისკენ.

ერთ-ერთ ინტერვიუში სებასტიაო ამ ტერიტორიას “დაავადებულს” უწოდებდა, რომელზეც მხოლოდ ხეების 0.5 პროცენტი იყო დარჩენილი. ცხადია, გარემო პირობების მსგავსმა ცვლილებამ, ფაუნის გაქრობაც გამოიწვია. ტყის ხელახალი გაშენების იდეა ფოტოგრაფის მეუღლეს მოუვიდა.

მათ მალევე დაიწყეს ადამიანთა ჯგუფების მოკრება და საჭირო სახსრების მოკრება, დააარსეს ფონდიც, რომლიდან შემოსული თანხაც მთლიანად მოხმარდა ბიო პრობლემას.

ცოლ-ქმარმა პირველი ნერგი 1999 წელს დარგო და მას შემდეგ მუდმივ პროცესში არიან ჩართულნი. გამომდინარე იქიდან, რომ მათ მკაცრად ჰქონდათ განსაზღვრული მიზანი – აღედგინათ ამ ადგილის ძველი იერსახე, სალგადომ აუცილებლად მიიჩნია მხოლოდ ადგილობრივი მცენარეები დაეთესათ.

საბოლოოდ, ცოლ-ქმარმა, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის დახმარებით, 290 სახეობის ორ მილიონზე მეტი ხე დარგო.

შედეგად, ტერიტორიაზე დაბრუნდა: 172 ფრინველის სახეობა, რომელთაგან 6 ამჯერად გადაშენების საშიშროების წინაშე დგას; 33 სახეობის ძუძუმწოვარი; 15 სახეობის რეპტილია; 15 სახეობის ამფიბია და 293 სახეობის მცენარე.

 

გაზიარება:
fb-share-icon0