ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პრესტიჟული მიმართულებაა, რომლითაც ახალგაზრდების დაინტერესება დიდია. იზრდება აბიტურიენტების რიცხვი, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში ამ ფაკულტეტს ირჩევენ.
საინტერესოა რას სთავაზობენ სხვადასხვა რეიტინგული უნივერსიტეტები ბიზნეს ფაკულტეტის სტუდენტებს და როგორ ეხმარებიან სტუდენტებს მიიღონ თანამედროვე ცოდნა და გამოცდილება? ეს არის ის მთავარი კითხვა როთიც doctrina.ge-მ კერძო უნივერსიტეტების ბიზნეს ფაკულტეტის დეკანებს მიმართა.მასალაზე მუშაობის პერიოდში გვქონდა შემთხვევები, რომ რიგმა კერძო უნივერსიტეტებმა კონფიდენციალობის დაცვა ამჯობინეს და არგუმენტად დაასახელეს, რომ კონკურენტებისთვის არ სურთ საკუთარი მიგნებების გამხელა. თუმცა, ჩვენის მხრივ მასალის მომზადების მთავარი იდეა გახლდათ ჩვენი მკითხველისთვის მიგვეწოდებინა საქართველოში აფილირებული უნივერსიტეტების კომენტარები და მკითხველს მოეხდინა შედარებითი ანალიზი. გარდა ამისა, საკუთარი მიგნებები თუ საზოგადოებას არ მივაწოდეთ, ვერც ჩვენი იდეა ჰპოვებს რეალიზებას. მადლობას ვუხდით უნივერსიტეტებს და მათ ადმინისტრაციას, რომელთაც მზაობა გამოთქვეს თანამშრომლობაზე. ქვემო გთავაზობთ მათ პასუხებს ჩვენს მიერ დასმულ სტანდარტულ კითხვებზე თუ რას სთავაზობს ბიზნესის სკოლა განსხვავებულს სტუდენტებს.
საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსი, ნათია გოლიაძე
საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ორიენტირებულია მეწარმული უნარების განვითარებაზე, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს წარმატებით დააფუძნონ და მართონ საკუთარი ბიზნესი.
პროგრამა მოიცავს სხვადასხვა პრაქტიკულ კომპონენტს, როგორიცაა კომპიუტერული სიმულაცია სტრატეგიულ გადაწყვეტილებების მისაღებად; პრაქტიკული ბუღალტერიის კურსი თანამედროვე ქართული საბუღალტრო პროგრამების გამოყენებით; პროგრამის ფარგლებში მოქმედებს ადმინისტრაციულ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრი, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა; სწავლის განმავლობაში სტუდენტები მუშაობენ საერთაშორისო და ქართული კომპანიების რეალურ ქეისებზე. ბუღალტერიის მიმართულებით ისწავლება საგნები, რომლებიც შეესაბამება ACCA-ის (სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაცია) საერთაშორისო სტანდარტებს.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში, საერთაშორისო პროგრამებში, სემინარებსა და ვორკშოფებში; ასევე გაცვლით პროგრამებში ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა ყოველწლიურად აფინანსებს საუკეთესო სტუდენტების მონაწილეობას ევროპის ინოვაციების აკადემიის (EIA) პროგრამაში, ეს პროგრამა მსოფლიოში ერთერთი საუკეთესოა სამეწარმეო განათლების კუთხით. სტუდენტები პირისპირ მუშაობენ ისეთ კომპანიებთან როგორებიც არის: Google, Ferrari, IBM, Amadeus, CA, UC Berkeley, StanfordUniversity, Ferrero და სხვა მრავალი.
მეწარმული უნარების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს startup-factory, რის ფარგლებშიც უნივერსიტეტი სრულად აფინანსებს სტუდენტურ პროექტებს, რაც საშუალებას აძლევთ მათ განახორციელონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ საკუთარი იდეები.
საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა მრავალფეროვანია და ორიენტირებულია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, არამედ პრაქტიკული მეწარმული უნარების გამომუშავებაზე. პროგრამის მრავალფეროვნებაში იგულისხმება ის, რომ სტუდენტებს საშუალება აქვთ აირჩიონ ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის ან საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის კონცენტრაციები. ასეთი მრავალფეროვნება საკმაოდ დიდი უპირატესობაა. პროგრამა ასევე გამოირჩევა საერთაშორისო თანამშრომლობების მრავალფეროვნებით, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი გაცვლითი პროგრამებით, მაღალკვალიფიციური და პრაქტიკოსი ადგილობრივი და უცხოელი ლექტორებით, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აქტიური სტუდენტური ცხოვრებით.
გარდა ამისა, ჩვენ ვზრუნავთ, რომ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა კონკურენტუნარიანი იყოს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ კონკურენციას უწევდეს საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამებს. სწორედ ამიტომ 2016 წლიდან გავხდით CEEMAN-ის და AACSB-ის ინსტიტუციონალური წევრი საერთაშორისო აკრედიტაციის მიმართულებით.
საბაკალავრო პროგრამის დასრულებისთვის განკუთვნილი 4 წელი არის გზა წარმატებული მომავლისკენ იმ პრაქტიკული უნარების დაუფლების გზით, რაც მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა შეიქმნას წარმატებული კარიერა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ინდუსტრიაში.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. ბიზნესისა ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი – თამთა მიქაბერიძე
სულხან-საბა რობელიანის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამები აგებულია ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მენეჯმენტის პროგრამების მოდელზე. მნიშნელვანია, რომ, ფაკულტეტის გუნდი დაკომპლექტებულია დარგში ლიდერი პრაქტიკოსებითა და ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლებით. რაც მთავარია, პროგრამა სთავაზობს თანამედრoვე, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლის მეთოდებს.
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტზე 4 მოქმედი პროგრამაა, საბაკალავრო და სამაგისტრო, როგორც ქართული, ისე ინგლისურ ენოვანი. ქართველი აბიტურიენტებისთვის სიახლეა, რომ წელს პირველად ცხადდება მიღება ბიზნეს ადმინისტრირების ინგლისურ ენოვან პროგრამაზე, თუმცა უკვე გვყავს უცხოელი სტუდენტები.
საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამების გავლისას ჩვენს სტუდენტებს უვითარებდათ ყველა ის უნარ-ჩვევა და კომპეტენცია, რაც სწრაფად ცვალებადი ბიზნეს გარემოსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება. თანაც საბაუნის სტუდენტებს საშუალება აქვთ პრაქტიკა გაიარონ წარმატებულ კომპანიებში. ამით უზრუნველვყოფთ მათ კონკურენტუნარიანობას ბაზარზე.
რაც მთავარია, ჩვენს სტუდენტებს აქვთ ფუფუნება ისწავლონ ევროპაში წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით. გარდა ხანგრძლივი გაცვლით პროგრამებისა, სარგებლობენ სხვადასხვა მოკლევადიანი კურსებით, საერთაშორისო საზაფხულო და ზამთრის სკოლებით, ტრენინგებითა და გაცვლითი პროგრამებით როგორც საქართველოს ასევე ევროპის მაშტაბით.
მაგალითად, ჩვენი სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობდნენ პოლონეთში, წარჩინებული სტუდენტები თებერვლის ბოლოს მიემგზავრებიან ჩეხეთში კონფერენციაზე, იტალიაში საზაფხულო სკოლაში და ა.შ.
სწავლის პროცესის პარალელურად საბაუნის სტუდენტები განებივრებული არიან დამატებითი საუნივერსიტეტო აქტივობებით, პროექტებით, საერთაშორისო ტრენინგებით, კონკურსებითა და საინტერესო შეხვედრებით ცნობილ ადამიანებთან ნებისმიერი სფეროდან.
ასევე, წლევანდელი აბიტურიენტებისათვის საინტერესო ამბავი გვაქვს. თებერვლიდან საბაუნი ბევრ საინტერესო, სასტიპენდიო და საგრანტო პროექტს სთავაზობს მათ, ასე რომ თუ თვალს მიადევნებენ ჩვენს საიტსა და ფეისბუქ გვერდს ბევრ მათთვის საინტერესო ინფორმაციასა და სიახლეს მოიძიებენ.
ჩვენ გვაქვს სპეციალური შეთავაზებები პირველი კურსელებისთვის. კერძოდ: 1-3 არჩევანით ჩარიცხული სტუდენტებისთვის დამატებითი უცხო ენის უფასოდ შესწავლა; პიროვნული განვითარების ექსკლუზიური შესაძლებლობა; ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები; სპეციალური სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების წახალისებას; პრაქტიკული სწავლება და პრაქტიკოსი ლექტორები; აუცილებლად უნდა აღინიშნოს სტუდენტების შიდა სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამები უნივერსიტეტში; ასევე გაცვლითი პროგრამები ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ ისწავლონ საზღვარგარეთ, მოახდინონ ევროპული და ქართული საგანმანათლებლო პროგრამების შედარება, განსაზღვრონ ქართული საგანმანათლებლო პროცესის ძლიერი და სუსტი მხარეები. ბიზნეს ფაკულტეტის მთავარი გამოწვევა ვფიქრობ არის დასაქმების უზრუნველყოფა, მნიშვნელოვანია ოთხწლიანი თეორიული ცოდნის მიღების შემდეგ სტუდენტს ჰქონდეს არა მხოლოდ უნარი დასაქმდეს სხვადასხვა კომპანიაში, არამედ ჰქონდეს საშუალება იმისა რომ იყოს მოწინავე, ქონდეს ზრდის შესაძლებლობა, იყოს საქმის პროფესიონალი. რეალურად ვმუშაობთ იმაზე, რომ სტუდენტებს მივცეთ საშუალება სწავლის პარალელურად შეიძინონ პრაქტიკული უნარები და გამოსცადონ საკუთარი თავი. ამას ემსახურება სწორედ შიდა სტაჟირებები/დასაქმება და სპეციალური პროგრამები, ასევე ვცდილობთ უზრუნველვყოთ მათი განვითარება (პრაქტიკა) სხვადასხვა როგორც კერძო, ასევე საჯარო სტრუქტურაში.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო განვითარების კვლევების ინსტიტუტის არსებობა ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე, რომლის მიზანია კვლევითი მიმართულების გაძლიერება და, ამ მხრივ, სტუდენტების მაქსიმალური ჩართვა საერთაშორისო კვლევით პროექტებში. უკვე სტარტი აიღო რამდენიმე კვლევითმა პროექტმა. რაც იმას გულისხმობს, რომ სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ეზრდებათ შანსი იმოგზაურონ ევროპაში და მიიღონ მონაწილეობა არა მხოლოდ სასწავლო მობილობაში, არამედ კვლევითი მიზნებითაც.
უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ახალი საბაკალავრო და სამაგისტრო ქართული და ინგლისური პროგრამების დამატებას.
კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა. მარიამ მაღულარია
კავკასიის ბიზნესის სკოლა აბიტურიენტებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნილ აკადემიურ პროგრამებს, რომლებსაც ჰქონდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია.
კავკასიის ბიზნეს სკოლას წელს აქვს განსაკუთრებული შეთავაზებები. აბიტურიენტები რომლების საკონკურსო ქულებით მოხვდებიან საუკეთესო 500 აბიტურიენტში და პირველ ადგილას აირჩევენ კავკასიის უნივერსიტეტს , პრიორიტეტის შემთხვევაში, თუ მათთვის ყველაზე მეტად აქტუალური ჩვენი უნივერსიტეტი იქნება ექნებათ საშუალება ისწავლონ კავკასიის უნივერიტეტში სრულიად უფასოდ. ასევე, აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ თანადაფინანსებით ისარგებლონ. უნივერსიტეტი ასევე მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ “Erasmus+”-ის გაცვლით პროგრამებში, ასევე აქვს ორმაგი ხარისხის გაცვლითი პროგრამები. აღნიშნული პროგრამების განხორციელება ხდება პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი. ბიზნესის და მართვის სკოლა . პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ვასილ კიკუტაძე.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესის და მართვის სკოლა აბიტურიენტებს სთავაზობს ბიზნესის ადმინისტრირების ფართო სპექტრის პროგრამებს, კერძოდ: ფინანსების, მარკეტინგის, მენეჯმენტის და ტურიზმის მიმართულებით. სკოლაში ფუნქციონირებს ასევე ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა. ბიზნესის და მართვის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებს უცხოეთში, რითაც აქტიურად სარგებლობენ სკოლის სტუდენტები. უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს ასევე ფინანსური შეღავათების სხვადასხვა პაკეტებს. უნივერსიტეტში მიმდინარეობს აქტიური სტუდენტური ცხოვრება, სტუდენტების ჩართულები არიან არა მარტო სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში, არამედ ისინი გადიან სხვადასხვა სასწავლო-ტრეინინგ კურსებს და დამატებით ინვითარებენ მათთვის საინტერესო უნარებს.
უნივერსიტეტი 25 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, არის ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, ანხორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს და გამოირჩევა უცხოეთთან კავშირებით, რაც კარგად ჩანს უნივერსიტეტიდან საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამებში ჩართული სტუდენტების რაოდენობიდანაც. უნივერსიტეტს გააჩნია თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურა, რაც სრულ კომფორტს უქმნის სტუდენტებს სწავლის პროცესში. პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართულია ასევე უცხოელი ლექტორები.
მოცემულ ეტაპზე ბიზნესისდა მართვის სკოლა აქტიურად ანხორციელებს სამეცნიერო კვლევით მუშაობას, სკოლა ზედიზედ ორჯერ გახდა ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების საგრანტო კონკურსების გამარჯვებული, არის ჰარვარდის კონკურენციის ინსტიტუტის აფილირებიული წევრი და აქტიურად მუშაობს ერთერთ წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტთან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებაზე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი. დეკანი თეა კბილცეცხლაშვილი
ბიზნესის მართვის საბაკალავრო პროგრამა გამოირჩევა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მაღალი ხარისხით. ლექციებს კითხულობენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი პროფესორ-მასწავლებლები, რომელთაც აკადემიურ ცოდნასთან ერთად დიდი პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ. არსებულ და მომავალ სტუდენტებს ეძლევათ საშუალება მიიღონ თეორიული ცოდნა, თვალი ადევნონ და კრიტიკულად შეაფასონ რეალურ ბიზნეს გარემოში მიმდინარე პროცესები და გამოიმუშაონ ამ გარემოში სწორად ორიენტირებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
საბაკალავრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში სტუდენტებს აძლევს ბიზნესის ფუნქციონალური სფეროების საბაზისო ცოდნას. პროგრამის პრაქტიკული ელემენტი კი უზრუნველყობს ბიზნეს სამყაროს რეალურ აღქმას. პროგრამა ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე, ის თავსებადია უმაღლესი განათლების აღიარებულ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებთან, პრინციპებთან და მეთოდოლოგიასთან, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას სტუდენტების, მომავალი დამსაქმებლებისა და ყველა სხვა დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”