close
ეს საინტერესოავიდეოსაქართველო

ტკბილეული წარწერით “Stop Russia” – 11 წლის გორელი ბიჭის წარმატებული ბიზნესი

გიორგი შეშაბერიძე 11 წლის ბიზნესმენია გორიდან, რომელმაც ცოტა ხნის წინ მთელი საქართველო აალაპარაკა. შესაძლოა ბევრს შეგიმჩნევიათ მაღაზიის დახლებზე მამალო, ე.წ. ლოლიპოპი წარწერით Stop Russia, თუმცა ალბათ არ გიფიქრიათ, რომ მათ უკან შესაძლოა სწორედ ასეთი ახალგაზრდა მდგარიყო, რომლის შემხედვარეც თითოეული ჩვენგანი სიამაყით ივსება.

გიორგიმ საკუთარი ტკბილეულის დამზადება ერთი წლის წინ დაიწყო, როცა სახლის სარდაფში ნაპოვნი ყალიბით პირველი მამალო დაამზადა. გამომდინარე იქიდან, რომ მისი მშობლები მაშინ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, გადაწყვიტა ეს გართობა შემოსავლის წყაროდ ექცია.

ახალი საქმის წამოწყება რა თქმა უნდა რთულია, განსაკუთრებით ამ ასაკში, მაგრამ ვიდეოგაკვეთილების მეშვეობით გიორგიმ შეძლო ესწავლა, თუ როგორ დაეხვეწა საკუთარი პროდუქცია, “21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობს ინტერნეტი, შეუძლებელია, რომ რამე ვერ ისწავლო. ჩემი დამზადებული მამალოები ყველაზე მეტად ბორჯომში და ბაკურიანში იყიდება, ერთხელ ხურვალეთში, მაღაზიაში მისვლისას მავთულხლართები ვნახე, იქვე იყვნენ ჯარისკაცები და კოშკურაც. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ მამალოები შემეფუთა წარწერით Stop Russia, მალე რუს ჯარისკაცებთან მივალ და ვეტყვი, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და ისინი, რომ აქ დგანან ასე არ უნდა იყოს და ჩემს დამზადებულ მამალოებს ჯარისკაცებს შვილებთან გავატან“ – აღნიშნა მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩაწერილ გადაცემაში.

გიორგი მუშაობას  სკოლის დასრულების შემდეგ იწყებს და 700-მდე მამალოს დამზადებას ასწრებს, როლებსაც შემდეგ სხვადასხვა მაღაზიაში აბარებს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის, გიორგიმ თიხისა და თაბაშირისგან სუვენირების გაკეთებაც ისწავლა და უკვე აქვს კიდევ ერთი მცირე ბიზნესი, რომლის გაფართოებასაც უახლოეს მომავალში გეგმავს.

მასალა მოამზადა: თამარ დევდარიანმა 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0