გო- ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და მრავალთა მიერ აღიარებული, როგორც ყველაზე რთული სამაგიდო თამაშია. ამ თამაშში განსხეულებულია ცნობილი გამოთქმა- გენიალობა სიმარტივეშია. მიუხედავად უმარტივესი წესებისა, გო კაცობრიობის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური სისტემაა. დოქტრინა კონფუცის თასის გამარჯვებულ წარმატებულ ახალგაზრდას ოთარ ჭიღლაძეს ესაუბრა, რომელიც უკეთ გაგვაცნობს თამაშის თავისებურებებს.
ოთარ , როგორც ვიცით „გოს“ ღმერთების თამაშსაც ეძახიან , მოკლედ რომ გააცნოთ ჩვენს მკითხველს რა არის „გო“ და რა კულტურული მნიშვნელობა აქვს?
გო, იგივე ვეიცი, წარმოშობით ჩინური თამაშია, რომლის განვითარებაში იაპონელებს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით. ამჟამად გო ძალიან პოპულარულია აღმოსავლეთ აზიაში, თუმცა ნელ-ნელა მსოფლიო მასშტაბით იკიდებს ფეხს. როგორც აღნიშნეთ, გოს ღმერთების თამაშსაც ეძახიან. ეს იმიტომ, რომ მიუხედავად ძალიან მარტივი თამაშის წესებისა, განვითარების შესაძლებლობები გოში ძალიან ბევრია. ბევრი ამბობს, რომ გოს დაფა ბრძოლის ველს ან საერთოდაც ცხოვრებას გავს- აიღე იმდენი, რამდენის დაცვასაც შეძლებ. მაგრამ მეორეს მხრივ მისაკუთრებული ნაწილი საკმარისი უნდა იყოს მოსაგებად. სწორედ ესაა გო- ოქროს შუალედი ზედმეტ მომხვეჭელობასა და ზედმეტ ხელგაშლილობას, ზღვარგადასულ შეტევასა და ზღვარგადასულ თავდაცვას შორის. ამ ფასეულობების გამო ძველი წელთაღრიცხვიდან მოყოლებული გოს თამაშობდნენ ჩინეთის ინტელექტუალურ ელიტაში. მომავალში კი კორეისა და იაპონიის კულტურებშიც ღრმად გაიდგა ფესვები
რატომ გაგიჩნდათ ამ თამაშის მიმართ ინტერესი და რამდენი ხანია რაც თამაშობთ?
2017 წელს ჩინეთში სპონტანურად გამიჩნდა სურვილი რომელიმე ჩინურ სამაგიდო თამაშს გავცნობოდი. ამ პროცესში წავაწყდი გოს. მან გამაკვირვა თავისი სიმარტივითა და სირთულით. გამოვიწერე დაფა და შეძლებისდაგვარად ხშირად ვთამაშობდი. შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას აღმოვაჩინე, რომ ჩვენთანაცაა გოს მოთამაშეთა ჯგუფი და აქტიურად ჩავები გოს პოპულარიზაციის საქმეში.
როგორც ავღნიშნეთ რთული თამაშია, რამდენად რთული წესები აქვს და როგორ უნდა ვითამაშოთ?
გო ძალიან რთული თამაშია, თუმცა კი წესები უმარტივესია. გოს დაფა წარმოადგენს ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების ბადეს. არსებობს 9-9, 13-13 და 19-19 ზომის დაფები. ქვები იდება გადაკვეთის წერილებზე. გოს პრინციპია შემოსაზღვრო ტერიტორია ისე, რომ თუ შიგნით მოწინააღმდეგე შემოვა, მისი მოკვლა შეგეძლოს, ანუ იყო სრულიად დაცული. ქვის მოკვლა შეიძლება მისთვის ყველა ჰორიზონტალური და ვერტიკალური მოსაზღვრე გადაკვეთის დაკავებით. თამაშის ბოლოს ითვლება მოთამაშეების მიერ დაკავებული გადაკვეთის წერტილები და მეტი რიცხვის მქონე იმარჯვებს. საინტერესოა, რომ გოს თამაში უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. აქ თამაშის დასრულება დამოკიდებულია მოთამაშეების შეთანხმებაზე, რომ თამაშის გაგრძელება არსებულ სიტუაციას აღარ შეცვლის და ორივე უარს ამბობს თავის სვლაზე.
გაგიჭრდათ თუ არა კონკურსში გამარჯება?
კონკურსში გამარჯვება მარტივი არ იყო. რამდენიმე სერიოზული მოწინააღმდეგე მყავდა. რეალურად ყველა მათგანს კარგად ვიცოდი და მათ თამაშის სტილსაც კარგად ვიცნობდი, რადგან ერთად ვვარჯიშობდით ხოლმე კონკურსამდე. განსაკუთრებულად დაძაბული ბოლო ეტაპი იყო, სადაც 4 ფინალისტი ერთმანეთს 2-2 ხელს ვეთამაშებოდით.საბედნიეროდ ფინალური 8 შეხვედრიდან 7 მოვიგე და ეს საკმარისი იყო პირველი ადგილის ასაღებად.
რამდენად არის ინტერესი ჩვენს ქვეყანაში ამ თამაშის მიმართ ?
სამწუხაროდ ამჟამად გო ჩვენს ქვეყანაში არც თუ ისე პოპულარულია. ამის მიზეზი კი მხარდაჭერის ნაკლებობაა. საქართველოში არსებობს გოს ეროვნული ფედერაცია, რომელიც ევროპის გოს ფედერაციის მიერ იქნა ოფიციალურად აღიარებული. ფედერაციის წევრები თავისი ენთუზიაზმის ხარჯზე იცავენ საქართველოს სახელს გოს ტურნირებში და მის პოპულარიზაციასაც ეწევიან. საბედნიეროდ, ბოლო ხანებში ამ კუთხით ღია უნივერსიტეტის კონფუცის კლასმა გაგვიმართა ხელი, ყოველ შაბათს სივრცეს გვითმობენ შეკრებებისათვის და ტურნირიც კი ჩაგვატარებინეს. ამისათვის მათ დიდი მადლობა. გოს ნამდვილად აქვს პოტენციალი პოპულარობა მოიხვეჭოს საქართველოში, რამეთუ ეს თამაში ეხმარება ადამიანს, განსაკუთრებით კი ბავშვს გონების განვითარებაში.
როგორც ვიცით „გო“-ს ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანი თამაშობდა. რამდენად გვეხმარება ის თვითგანვითარებაში?
გო მნიშვნელოვნად ავითარებს არამხოლოდ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, არამედ მის ხედვას ცხოვრებისადმი. სხვა სამაგიდო თამაშების მსგავსად გოც მოითხოვს სტრატეგიულ აზროვნებას, რაც ცხოვრებაში ძალიან გამოყენებადია. გაჩვევს ოქროს შუალედის პოვნას და მუდმივად ყურადღებიანად ყოფნას- საკმარისია ერთი შეცდომა და ჩანაფიქრი შეიძლება მთლიანად ჩაგივარდეს. შეუძლებელია გოს თამაშისას ემოციებს ვერ თოკავდე და განვითარდე. აუცილებელია კარგი ნებისყოფა, შეგუება იმასთან, რომ ხშირად წააგებ. მხოლოდ ასე შეძლებ შენ თავს აჯობო და უკეთესი გახდე.