close
კატეგორიის გარეშე

საქართველოში გაცემულ დიპლომებს და მინიჭებულ კვალიფიკაციებს ევროპაში აღიარებენ

საქართველოში გაცემულ დიპლომებს და მინიჭებულ კვალიფიკაციებს ევროპაში აღიარებენ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წევრი ხდება. მათივე ინფორმაციით, ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:

საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების სრულად და ავტომატურად აღიარებას ევროპაში; საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს; უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას; ცენტრის რეგისტრირებას უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

განათლების უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ეტაპობრივად დაუახლოვდეს „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“. მათივე ცნობით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და საქართველოში დღეს მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები.

როგორც განათლების უწყებაში აცხადებენ, განახლებული სტანდარტები და პროცედურები უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების კომპლექსურ და სიღრმისეულ შეფასებას, დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობას, უწყვეტ განვითარებას, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან, ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება.

გაზიარება:
fb-share-icon0