close
კატეგორიის გარეშე

იაპონიაში გაგზავნილი „სიზმარი“ – 5 წლის ვან მარია

ჯერ მხოლოდ 5 წლისაა, მაგრამ პატარა ბიოგრაფია უკვე შექმნა –  ხატავს, ბავშვური ფანტაზიით  ქმნის საინტერესო ნახატებს. მისმა ნახატმა უკვე გაიმარჯვა „ტოიოტას“ საერთაშორისო კონკურსზე და იაპონიაში საფინალო ტურში გაიგზავნა.
ცხოვრობს ქუთაისში, ხატვასთან  ერთად წერს მოთხრობებს, უყვარს ბალერინობა, ქართული ფოლკლორი, იგი ოჯახში ყველაზე უმცროსი ჩოხოსანია.
ახლახან ძმასთან ერთად „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ სამხატვრო კონკურსში გაიმარჯვა…  ცდილობს, 3 წლით უფროს ძმას – ვან გეგას მიბაძოს და მასავით წარმატებას მიაღწიოს. – მარიამ სოფრომაძეზე, იგივე  ვან მარიაზე  დედამისი გვესაუბრა.

– როდის დაიწყო მარიამმა ხატვა და პირველი ნახატები…
– პატარა ასაკიდან ხატავდა, რას არ უყურებდა, მაგრამ უფრო გამოკვეთილი კონტურები აღენიშნებოდა 4 წლის ასაკიდან.
ხატავდა თავის თავს, დედას, რომელიც მზარეულობდა, ძმას, ანუ პირველი ნამუშევრები ოჯახური ნახატებია.
– წელს მარიამმა გაიმარჯვა „ტოიოტას“ საერთაშორისო კონკურსზე…
– კი, მარიამმა 8 წლამდე კატეგორიაში გაიმარჯვა და მისი ნამუშევრები იაპონიაში გაიგზავნა. მაისის ბოლოს ველოდებით პასუხს, მოხვდება თუ არა, ძმის მსგავსად, მსოფლიოს ათეულში.
– მარიამსაც, გეგას მსგავსად, მრავალი გატაცება აქვს…
– მარიამს უყვარს ბალერინობა, ქართული ფოლკლორი, ყოფილი მოცეკვავე ვარ და მე ვასწავლი. უზომოდ ცნობისმოყვარე და-ძმაა. დღეში უამრავ შეკითხვას სვამენ, უყვართ სხვადასხვა მეცნიერულ თემაზე საუბარი.
ასევე ჩვენი ოჯახის სამივე წევრი ვართ ჩოხოსანთა წევრებიც, რაც დიდი პატივია სამივესთვის. მარიამიც ამ წოდებას მთელი გულისყურით ეკიდება. მას ეხერხება მოთხრობების შექმნაც, გეგა დრამზე უკრავს და მღერის ფოლკლორულ სიმღერებს.  ამ ეტაპზე ამ სფეროშიც მხოლოდ დედა ჰყავთ მასწავლებელი, ანუ თვითნასწავლები ვართ.
ორივენი თამაშებს იგონებენ,  სტრატეგიული ბრძოლების რუკების ესკიზებს აკეთებენ.

-მარიამის ნახატები ალბათ განსხვავდება გეგას ნახატებისგან?
– კი, ჯერ პატარაა და მხოლოდ ეცნობა, ჩვენგან სწავლობს.
– პირველად რა დახატა მარიამმა?
– გეგას მთვარე, რომელიც ცივ ქალაქს იხუტებს და ათბობს. სურათი გეგას ნახატის ანალოგიაა, რომელიც დღემდე განსაკუთრებულად უყვარს…
– და-ძმამ „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ სამხატვრო კონკურსში გაიმარჯვა…
– „ევროპის კვირეული“ საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. გამოვლინდა 10 გამარჯვებული, მათ შორის ორივე და-ძმა, დავალება ჰქონდათ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანა მათი გერბის და დროშის თემატიკით წარმოეჩინათ.
– მარიამმახორვატიის გერბის თემატიკაზე დედაშვილობის ამსახველი ნახატი შექმნა… როგორ ხატავდაამ სურათს?
–  ვაჩვენეთ დროშები და გერბები და ხორვატია ამოარჩია, ფერები შეუხამა. ზუსტი დრო არ ვიცი, მაგრამ ის ვიცი, რომ არის სხარტი, მონდომებული, მოტივირებული და შრომისმოყვარე გოგონა.
– მარიამი მოთხრობებსაც წერს…
– 
წერა ჯერ კარგად არ იცის და იგონებს, მერე ხან მე, ხანაც გეგას კარნახობს. თავისი გოჭი ჰყავს და დაწერა „მსუქანას თავგადასავალი“, ასევე „სოკოს სახლი და სოკო“, „ნაყინების მეგობარი“, „შეხვედრა ჩრდილოეთ პოლუსზე“…
– ვან გეგა და ვან მარია – ორიგინალური ფსევდონიმები აქვთ…
– გეგას დაუძახეს სკოლაში, როცა ვან გოგის პორტრეტი დახატა. მერე მარიამმაც დახატა ვან გოგის პორტრეტი და იქნებ ვან მარია დააწეროთო. ასოების წერა არ იცოდა მაშინ.
– იაპონიაში მარიამ რა ნახატი გააგზავნა?
– ჩემი ოცნების ავტომობილი, რისი ახდენის სურვილიც აქვს. იაპონიაში გააგზავნა თავისი სიზმარი. იგი მკერავია, აქვს „ტოიოტას“ საკერავი მანქანა. ცხოველებს უსრულებს სურვილებს. უკერავს პუანტებს და ბალერინა კაბებს. ნახატის ატვირთვის უფლება არ გვაქვს პასუხამდე.

-როგორც ორი ნიჭიერის დედა, რასგანიცდით? ვიცი, რომ ეხმარებით ბავშვებს ნიჭის გამოვლენაში… და მაინც, რომელსუფრო აქვს ხატვის მოწოდება?
– ორივე ინდივიდუალური და განსაკუთრებულია. მთავარია, არ დავიღალო, შევუქმნა მათ ჰარმონიული გარემო, მრავალი ლამაზი ემოცია ვაჩუქო ბუნებასთან ერთად.
ყოველ საღამოს გვაქვს საინტერესო საუბრები კოსმოსზე, რელიგიურ თემებზე, უდიდეს პასუხისმგებლობას განვიცდი. საკმაოდ თვითკრიტიკული ვარ, საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი, მინდა ვიყო მათთვის მაგალითი არა მარტო თეორიული ცოდნით, არამედ პრაქტიკულად ჩემი ცხოვრების წესითაც და ისინიც აირეკლავენ ყველაფერ კარგს.
და ბოლოს, ვფიქრობ, უნიჭიერესი თაობა მოდის და მშობელმა, უწინარესად, უწილადოს, უნდა უწილადოს რწმენა საკუთარ შვილებს და ისინიც არ დააყოვნებენ და იქნება შედეგიც.

წყარო : kvira.ge

გაზიარება:
fb-share-icon0