დიმიტრი ყიფიანი საზოგადო მოღვაწეთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც რუსეთის მეფის სამსახურში იდგნენ და ამავე დროს, საკუთარი ქვეყნის პატრიოტებად რჩებოდნენ. ყიფიანი საქმისადმი მოქნილი, დიპლომატიური და ამასთან ერთად, პრინციპული მიდგომით ცდილობდა რუსეთის კოლონიური პოლიტიკის გავლენისგან ეხსნა ქართველი ახალგაზრდები და დაეცვა ისინი გარუსებისაგან. მისი მოღვაწეობის არა ერთი სფეროა ჩვენთვის საინტერესო, თუმცა ამჯერად, მისი საგანმანათლებლო საქმიანობის ერთ პერიოდს შევეხებით, კერძოდ 40-50-იან წლებს.
განათლება არის საზოგადოებრივი საქმიანობის ის სფერო, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას. მეტიც, ის ყველა დროში სახელმწიფო კეთილდღეობის უცილობელ გარანტს წარმოადგენს. სწავლა-განათლება ბავშვობიდანვე აყალიბებს ადამიანის აზროვნებას და მის შემდგომ ცხოვრებას განსაზღვრავს. ამიტომ იყო, რომ განათლება რუსული კოლონიური იდეოლოგიისათვის მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენდა, რომლის მეშვეობითაც იმპერია თავის ერთგულ მსახურებად ზრდიდა ქართველ ახალგაზრდებს და რუსეთის მეფის სამსახურში ჩასაყენებლად ამზადებდა მათ.
ცნობილია, რომ 1801 წლის 12 სექტემბრის მანიფესტით გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო. ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები რუსეთში გადაასახლეს, ქართული ენა მოსახლეობისთვის გაუგებარმა რუსულმა ენამ ჩაანაცვლა. მომდევნო წლებში გაუქმდა იმერეთის სამეფო და ქართულ სამთავროებში რუსული ჯარი შევიდა. ასევე გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. 1802 წელს დაწყებული აჯანყებები ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. არსებული ეროვნული ტრავმა შესაძლოა სავალალო გამხდარიყო ისეთი პატარა ერისთვის როგორიც საქართველოა. ქართული ეროვნული ცნობიერება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
საქართველოს მოსახლეობამ მეფისნაცვალ ვორონცოვის (1844-1854) დროს შედარებით ამოისუნთქა. ვორონცოვმა წინამორბედი მთავარმართებლებისგან სრულიად განსხვავებული პოლიტიკა გაატარა. ის იყო უაღრესად ჭკვიანი, გაწონასწორებული, ადამიანებთან ურთიერთობაში დახვეწილი პიროვნება. ვორონცოვმა, ქართველ თავადაზნაურობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. გახადა რა ის თავისი პოლიტიკის დასაყრდენად-„მათრახის“ პოლიტიკა „თაფლაკვერის“ პოლიტიკით შეცვალა. იგი ყოველწლიურად, სულ უფრო მეტ ახალგაზრდას აგზავნიდა რუსეთში სახელმწიფოს ხარჯზე განათლების მისაღებად. მისი პოლიტიკის დაგვირგვინება ევროპული წეს-ჩვეულებების შემოტანა იყო, ქართული თეატრის, საჯარო ბიბლიოთეკის, პირველი ქართული ჟურნალის-„ცისკრის“ დაარსება. ობიექტურად, მიხეილ ვორონცოვის მოღვაწეობამ საზოგადოების პროგრესი განაპირობა.
სწორედ ვორონცოვის მეფისნაცვლობისას ყიფიანი ჯერ სამასწავლებლო ოლქის მზრუნველის საბჭოს, ხოლო მოგვიანებით, „სახელმძღვანელოების შემდგენელი კომიტეტის“ წევრიც გახდა. 1851 წელს კი კომიტეტის ქართული ენის განყოფილების თავმჯდომარედ დაინიშნა.
არჩილ ჯორჯაძე თავის წერილებში დიმიტრი ყიფიანის შესახებ აღნიშნავს: „იგი უახლოვდება სწავლა-განათლების საქმეს და არც ერთი საკითხი ქართული ენის პროგრამის შესახებ ოლქის გიმნაზიებში დიმიტრის დაუკითხავად არ წყდება.“ ჯორჯაძე დასძენს, რომ აღნიშნულ პერიოდში მთავრობას ათვალწუნებული არ ჰქონდა ქართული ენა. მეტიც, პრაქტიკულ საჭიროებათაც მიაჩნდა ქართული ენის ცოდნა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საჯარო სამსახურში უნდა ჩამდგარიყვნენ. ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლის შესუსტება კარგად გამოიყენა დიმიტრი ყიფიანმა და სკოლებში მშობლიური ენის კვლავ დანერგვისათვის აქტიური მუშაობა დაიწყო.
1852 წელს, ქართული ენის განყოფილებაში თბილისის გიმნაზიის უფროსი მასწავლებლის ზაქარია ყორღანოვის მიერ შემუშავებული „ქართული ენის პროგრამა“ განუხილავთ. „სახელმძღვანელოების შემდგენელი კომიტეტის“ წინაშე მისთვის რეკომენდაციაც გაუწევით. როგორც ჩანს, დიმიტრი ყიფიანს ყორღანოვის მიერ შემუშავებული პროგრამა არ აკმაყოფილებდა. ორიოდე წლის შემდეგ მან კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველს ბარონ ნიკოლაის, მნიშვნელოვნად კორექტირებული და კლასების მიხედვით განაწილებული საკუთარი პროგრამა წარუდგინა. იგი განკუთვნილი იყო თბილისის გიმნაზიისათვის და ქართული ენის შვიდწლიან სწავლებას ითვალისწინებდა. ზემო ხსენებული პროგრამით, არა მხოლოდ თანამედროვე ქართულის, არამედ ხუცურის შესწავლაც უნდა დანერგილიყო.
1854 წელს, დიმიტრი ყიფიანი სასწავლო ოლქის მზრუნველს ალ. ნიკოლაის ოფიციალურად მიმართვას. იგი აღნიშნავს, რომ პლატონ იოსელიანის მიერ, მიხეილ ვორონცოვის დავალებით გამოცემული წიგნების გავრცელება დიდად სასურველია, რადგან ის ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურის ხელუხლებელი საკითხების დამუშავებას. ყიფიანი დასძენს, რომ წიგნები მოსწავლეებს საჩუქრადაც უნდა დაურიგდეთ. ამას ორმაგი მნიშვნელობა ექნება, ჯერ ერთი მოსწავლეებს წავახალისებთ და მეორეც, დასახელებული თხზულებები ქართული სიტყვიერების შესასწავლადაც გამოადგებათო.
ყიფიანი იღვწოდა თბილისში ბიბლიოთეკის დაარსებისათვის. 1840 წელს შეადგინა და მთავარმართებელს დასამტკიცებლად წარუდგინა თბილისის კერძო ბიბლიოთეკის წესდება. მისი ინიციატივით, იმავე წელს ერთ-ერთი პირველი წიგნთსაცავი დაარსდა და მისივე მეცადინეობით საჯარო ბიბლიოთეკად იქცა. თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის მთავარი დარბაზი დიმიტრი ყიფიანის სახელს ატარებს.
ყიფიანი ზრუნავდა სასწავლო დაწესებულებების მომარაგებაზე ქართული წიგნებით. 1853 წელს, მან „სახელმძღვანელოების შემდგენელი კომიტეტის“ ხელმძღვანელობას თბილისის გიმნაზიის უფროსი მასწავლებლის ყორღანოვის მერ შედგენილი და განყოფილების სპეციალურ სხდომაზე მოწონებული წიგნების ჩამონათვალი წარუდგინა. ამ წიგნებით უნდა დაეკომპლექტებინათ სამაზრო სკოლების ბიბლიოთეკები. წიგნები ძირითადად საისტორიო და საღვთისმეტყველო შინაარსისაა.
ქართულ ენაზე სასკოლო წიგნების ნაკლებობის გამო, ყიფიანი საშურ საქმედ მიიჩნევს ივანე კერესელიძის ხელნაწერი „ქრესტომათიის“ სტამბურად გამოცემას. თუმცა ხაზს უსვამს მისი საფუძვლიანი დამუშავების აუცილებლობას. იგი წერს: „მართლწერა უსათუოდ დასახვეწია და იმისათვის, რომ არც წიგნის გამოცემა დაგვიანდეს და ივანე კერესელიძესაც საქმე გაუადვილდეს, მე მზად ვარ ეს შრომა ჩემს თავზე ავიღო. „ქრესტომათიაში“ შეტანილი ზოგიერთი ამბავი მოზარდის ფაქიზი ბუნებისთვის სახიფათოა და მისი ზნეობის სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებას ხელს ვერ შეუწყობს.“ რეცენზენტი ასევე აღნიშნავს, რომ საისტორიო წყაროებში ფაქტობრივი შეცდომებია. იგი მიიჩნევს, რომ ლექსიკონის დართვას მაშინ აქვს აზრი, როდესაც იქ ყველა ნაკლებად ცნობილი სიტყვა იქნება განმარტებული. ამ ტიპის ქრესტომათიაში უსათუოდ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული მოზარდის მიერ მასალის ათვისების თავისებურებები და შესაბამისად, მასალა უნდა დალაგებულიყო პრინციპით მარტივიდან რთულისაკენ. ყიფიანის შენიშვნების გათვალისწინება ფაქტობრივად, ახალი ქრესტომათიის შედგენას ნიშნავდა, რაც კერესელიძემ ვეღარ შეძლო.
გარდა ზემო აღნიშნული საქმიანობებისა, დიმიტრი ყიფიანს 1841-1844 წლებში, თბილისის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების მდივნის თანამდებოდა ეკავა. საზოგადოებას ევალებოდა ქალთა განათლების ხელშეწყობა, ამ საქმის კოორდინაცია და სპეციალურად ქალებისთვის სასწავლებლის გახსნა. ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, ამ საქმის მოსაგვარებლად დიმიტრი ყიფიანმა დიდად იშრომა, თავისივე შედგენილი წესდება ვორონცოვს წარუდგინა და სასწავლებლის გახსნაზე სიტყვაც წარმოთქვა.
დიმიტრი ყიფიანის ზემო ხსენებული საქმიანობიდან გამომდინარე აშკარაა აქცენტი საგანმანათლებლო სფეროზე. რაც ლოგიკურია, რადგან 1801 წელს ფიზიკურად გადარჩენილი ქართველი ერი ეროვნული თვითცნობიერების განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. რუსეთის კოლონიური პოლიტიკა და იმპერიალისტური იდეოლოგია გაქრობას უპირებდა ქართულ ეროვნულ ცნობიერებას. როგორც ცნობილია, ენა და ისტორია ეროვნული თვითშეგნების ორი უმთავრესი მახასიათებელია. ქართული ენა მართლმადიდებლურ სარწმუნოებასთან ერთად, საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ერის მაკონსოლიდირებელ ფაქტორს. ეროვნულ ნიადაგზე მდგომი საზოგადო მოღვაწეების ღვაწლი ერის წინაშე განუზომელია. ისინი ცარიზის პირობებშიც ახერხებდნენ შეენარჩუნებინათ ეროვნული იდეა საზოგადოების ცნობიერებაში. დიმიტრი ყიფიანი რუსეთის ხელისუფლებისადმი თავის ლოიალურ დამოკიდებულებას კარგად უთავსებდა ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. აღნიშნული ფაქტებიდან კარგად ჩანს, რომ მან თავისი პრინციპული და გონივრული მოღვაწეობით, განუზომელი წვლილი შეიტანა ქართული ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების საქმეში.ავტორი: