სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
ახლა აღარ მახსოვს კარგად, რომელ კლასში ვიყავი, მეოთხესა თუ მეხუთეში.
– დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო! – ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.
– სამშობლო… სამშობლო ადგილია, სადაც დავიბადე და…
– კიდევ? – ჩამეკითხა მასწავლებელი.
ძალიან დიდხანს ვიფიქრე.
– დაჯექი, დუმბაძე! – მითხრა მასწავლებელმა, პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
– არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი! ვიცი და ვერ ვამბობ, – შევეხვეწე და ტირილი დავიწყე. ტირილი იმიტომ დავიწყე, რომ ფრიადოსანი ვიყავი და, წესით, ყველაფერი უნდა მცოდნოდა. მახსოვს, ძლივს დამამშვიდა მასწავლებელმა. მერე რაფიელ ერისთავის ლექსი “სამშობლო ხევსურისა” აგვიხსნა და საზეპიროდაც მოგვცა.
მაინც რა არის სამშობლო?
იქნებ მართლა რაფიელ ერისთავის ეს ორი სტრიქონია: “როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა!” მაშ, იმხელა ლექსი რაღად დაწერა? ეს ორი სტრიქონი დასკვნაა მხოლოდ თუ ფორმულა?
ან იქნებ აკაკის “განთიადია” სამშობლო!..
ან ვაჟას სიმღერა – „სამშობლოს არვის წავართმევთ, ნურც ნურვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინება!”
ვფიქრობ, სამშობლო დავით აღმაშენებლის “გალობანი სინანულისანი” არის, დემეტრე მეფის “შენ ხარ ვენახია”, პაატა სააკაძეა, ქეთევანის დაშანთული მკერდი, თამარის გვირგვინი და “ვეფხისტყაოსანია”…
იქნებ ვაზია სამშობლო? აბა, დააკვირდით, თუ დაბლარია, დაჩოქილმა უნდა დაკრიფო, თუ მაღლარია – ცაში ხელაპყრობილმა. ორივე საოცრად ჰგავს ლოცვას,
ლოცვა კი არაფერს ისე არ უხდება, როგორც სამშობლოს.
რაც მე მახსოვს და ვიცი, სამშობლო უფრო მეტად გაჭირვება და ტკივილია, ვიდრე დალხინება და დღესასწაული. რომელი ერთი ჩამოვთვალო!
კიდევ რა არის სამშობლო?
თვითმფრინავიდან რომ გადმოხედავ, კავკასიონის უზარმაზარ თეთრ ფაფარს რომ დაინახავ და ყელში ბურთი გაგეჩხირება – ეს არის სამშობლო.
კიდევ?
კიდევ: ძაღლი, კატა, ხბო, წიწილა, ურემი, ნაჯახი, მიწა – ხელში რომ აიღებ და ძირს დაყრა გენანება, ის მიწა… თბილისის პატარა უბანი, დილიდან საღამომდე რომ ვერ გახვალ ქუჩის ბოლომდე, იმდენი მეგობარი შეგხვდება, მოგიკითხავს და მოგეალერსება.
კიდევ რა – სოფელი, სადაც ცოლს ვერ შეირთავ, რადგან ყველა გოგო შენი დობილია და საპატარძლოს საპოვნელად იძულებული ხარ სხვა სოფელში წახვიდე.
როგორც ჩანს, სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია.
– მეგობარო, გაჩერდით ერთი წუთით, მიპასუხეთ, რა არის სამშობლო? – ვაჩერებ ქუჩაში გამვლელს.
– მე მეკითხებით? – მეუბნება განცვიფრებული გამვლელი.
– დიახ, თქვენ! იქნებ არ იცით?
– როგორ არ ვიცი, მაგრამ ასე უცებ, დაუფიქრებლად, ქუჩაში…
– დიახ, ასე უცბად, დაუფიქრებლად, ქუჩაში…
– ასე უცბად, დაუფიქრებლად და ქუჩაში სამშობლოსათვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება, ბატონო, – მიპასუხებს ის და ჩქარი ნაბიჯით მცილდება.
– იქნებ შენ მაინც მითხრა, რა არის სამშობლო? – ვეკითხები ჩემს მარადიულ ბებიას.
– მაგი რომ ვიცოდე, მაშინ რა მიჭირს, ნენა… სამშობლო ალბათ სიცოცხლეა და ამიტომ მიდის ამ ქვეყნიდან ყველა კაცი სიცოცხლით გაუმაძღარი, – მიპასუხებს იგი.