close
ეკოლოგია

ბერლინის ზოოპარკში პირველი პანდები გაჩნდნენ. ვისგან „ისესხა“ გერმანიამ დედალ-მამალი პანდა?

გერმანიაში, ბერლინის ზოოპარკში ტყუპი პანდა გაჩნდა. აღნიშნულ ფაქტს მთელი გერმანია ზეიმობს, ვინაიდან ეს გადაშენების პირას მყოფი ცხოველის დაბადების პირველი შემთხვევაა ბერლინში. პანდები ერთი საათის შუალედით დაიბადნენ.

„რა ფანტასტიური სიახლეა. მთელი გერმანია ხარობს ამ დაბადებით,“ განაცხადა ბერლინის მერმა მიხაელ მიულერმა.

აღსანიშნავია, რომ ტყუპების დედა მენგ მენგი და მამა ჯიო ქინგი (სახელების ქართული მნიშვნელობა „ტკბილი სიზმარი“ და „ძვირფასია“) გერმანიამ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ჩინეთიდან ითხოვა, თუმცა მათი არც ახლანდელი და არც მომავალი ნაშიერის დატოვების უფლება ქვეყანას არ აქვს და ისინი 2-4 წელიწადში ჩინეთში უნდა დააბრუნოს.

მენგ მენგი და მამა ჯიო ქინგი ბერლინის ზოოპარკში 2017 წელს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მიერ ჩინეთთან მიღწეული 15 წლიანი „პანდას სესხის ხელშეკრულების“ ფარგლებში ჩამოიყვანეს.

ახლადდაბადებულების ნახვის შესაძლებლობა ზოოპარკის დამთვალიერებლებს ამ ეტაპზე არ აქვთ.

წყარო : www.dw.com

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0