close
ასტრონომია - კოსმოსი

მზის სისტემის გარეთ მდებარე პლანეტაზე წყლის არსებობა დადასტურდა

პლანეტა K2-18b, რომელიც ლომის თანავარსკვლავედში მდებარეობს მზის სისტემის გარეთ მდებარე პირველი პლანეტაა, სადაც წყლის არსებობა დადასტურდა. აღმოჩენის შესახებ ჟურნალი Nature Astronomy იტყობინება. მეცნიერებმა ამ ფაქტის დადასტურებამდე დეტალურად შეისწავლეს ტელესკოპ “ჰაბლის” მიერ 2016-2017 წლებში მოწოდებული მასალა და შეიმუშავეს ალგორითმები ატმოსფეროში გამავალი ვარსკვლავის შუქისათვის. შედეგებმა აჩვენა პლანეტაზე წყლის ორთქლის,  ასევე ატმოსფეროში წყალბადის და ჰელიუმის არსებობა. 

ასტრონომებმა  მზის სისტემის გარეთ მდებარე ცალკეულ პლანეტების  ატმოსფეროში წყლის ორთქლის არსებობა ადრეც დააფიქსირეს. თუმცა ეს პლანეტები ვიზუალურად იუპიტერს, ნეპტუნს ან სატურნს წააგავდნენ. K2-18b-ს შემთხვევაში საუბარია პლანეტაზე, რომელიც სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს. სასიცოცხლო ზონა არის რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, სადაც პლანეტარული მასის ობიექტს საკმარისი ატმოსფერული წნევით შეუძლია წყალი თხევად მდგომარეობაში შეინარჩუნოს.  K2-18b დედამიწის ტიპის პლანეტაა, თუმცა 2,25-ჯერ უფრო დიდია და 8-ჯერ უფრო მასიურია ჩვენ პლანეტაზე.

ახალმა აღმოჩენამ K2-18b ასტრონომებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და საინტერესო ობიექტად აქცია. მისი შემდგომი კვლევა ისეთი მძლავრი და სრულყოფილი ტელესკოპებით გაგრძელდება, როგორიცაა James Webb Space Telescope და ARIEL.  კვლევებმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას: რა რაოდენობითაა პლანეტის ატმოსფეროში წყალი, არსებობს  თუ არა აზოტი და მეთანი. ამ კითხვებზე დადებითი პასუხის შემთხვევაში K2-18b-ზე სიცოცხლის არსებობის შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0