ოთხი წლის წინ 700-ზე მეტმა კომპიუტერულმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში, რომლის ფარგლებშიც მათ ისეთი ხელოვნური ინტელექტის სისტემა უნდა შეექმნათ, რომელიც მე-8 კლასის მეცნიერების ტესტის ჩაბარებას შეძლებდა. 700 მეცნიერის მიერ შექმნილი სისტემებიდან დავალების შესრულება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო – კონკურსზე წარმოდგენილი ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დახვეწილმა სისტემამ შეკითხვების მხოლოდ 60%-ს უპასუხა სწორად. მიმდინარე წლის 4 სექტემბერს სიეტლში დაფუძნებულმა ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტმა ახალი სისტემა წარადგინა, რომელმაც მე-8 კლასის ტესტში შეკითხვების 90%-ზე მეტს უპასუხა სწორად, მე-12 კლასის ტესტში კი 80%-ს.
სისტემა სახელწოდებით Aristo ხელოვნური ინტელექტის ახალი საფეხურია, რომელსაც ადამიანების ლოგიკასა და მათი გადაწყვეტილებების მიღების მოტივაციის გაანალიზება შეუძლია. Aristo კონკრეტულად შემოსახაზი ტესტებისთვის შეიქმნა – სისტემა სწორ ვარიანტს ოთხი სავარაუდო პასუხიდან ირჩევს. აშშ-ში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, აღნიშნული ფორმატის ტესტებს იყენებენ როგორც სტუდენტების უნივერსიტეტში მისაღებად, ასევე შუალედურ გამოცდებზე.
მკვლევარების თანახმად, პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა და ამ დროისთვის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა შესაძლებლობები ექნება მას საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენის შემთხვევაში.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”