ილონ მასკის გეგმამ მარსზე პილოტირებული მისიის გაშვების თაობაზე ქართველ სტარტაპელებს ასტრონავტების კოსტუმის შექმნა გადააწყვეტინა. ასტრონავტის კოსტუმზე მუშაობის დროს კი სრულიად ახალი იდეა გაჩნდა. ვამეხ ხერხეულიძემ და გიორგი გაბარაშვილმა მეხანძრის ცეცხლგაუმტარი, მაღალტექნოლოგიური კოსტუმის დამზადება დაიწყეს.
doctrima.ge ვამეხ ხერხეულიძეს ესაუბრა მათი პროდუქციის უპირატესობებზე, უნიკალურობაზე და სამომავლო გეგმებზე.
როგორც ვიცით, პროფესიით ექიმი ბრძანდებით, რამ განაპირობა თქვენი ინჟინერიით დაინტერესება?
ინჯინერიით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული, მაინტერესებდა როგორ მუშაობს სამყარო. თუმცა, აქტიურად აბიტურიენტობის დროს დავინტერესდი. მედიცინა იმიტომ ავირჩიე პროფესიად, რომ ბიოლოგიური ინჟინერია მიზიდავდა და ამ დარგის სწავლა მინდოდა კარგად. პრაქტიკოს ექიმად 2 წელი ვიმუშავე ისრაელში, ახლა დავბრუნდი და ვემზადები ლიცენზიის ასაღებად. თუმცა ისრაელშივე საბოლოოდ მოვიკრიბე გამბედაობა და გადავწყვიტე შემებიჯებინა იმ ახალ სამყაროში რომელიც თავიდანვე ასე მიზიდავდა.
Elven Technologies-ის შექმნის ისტორია რომ მოგვიყვეთ, როგორ და რატომ გაგიჩნდათ ეს იდეა ?
ეს იდეა ძალიან დიდი ხანია არსებობს, დაახლოებით 2013 წლიდან. პირველი გაელვება იმისა, რომ რაღაც მსგავსი შეიძლებოდა შემექმნა, იყო ისრაელში მუშაობის პერიოდში, სადაც ზაფხულში ძალიან ცხელა. შესაბამისად, ხშირად მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ადამიანებს ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი კოსტუმი, რომელიც გამაგრილებს ან გამათბობს. თან ვთვლიდი რომ ასეთი კოსტუმის აწყობა მარტივია, რადგან ტექნოლოგია არსებობს. შესაბამისად გადავწყვიტე, რომ მეცადა, და პირველი მილებიანი ჟილეტი ხელით შევკერე. იმუშავა! ამის შემდეგ საქმეში ჩაერთო გიორგი (გაბარაშვილი – ტექნიკური დირექტორი/დამფუძნებელი). გიორგი ძირითადად კოსტუმის ელექტრონულ მხარეზე და გაგრილების სისტემაზე მუშაობს. 1 წელი ასე ვიმუშავეთ, სკაიპით ვრეკავდით კვირაში ერთხელ, და სიახლეებს ვცვლიდით. ვიცოდით რომ გაგრილების სისტემა იმუშავებდა, მაგრამ რაში შეიძლებოდა გამოგვეყენებინა ჯერ არ ვიცოდით.
იმ პერიოდში SpaceX უკვე იმკვიდრებდა თავს ბაზრის ლიდერად და წარმატებულ კომპანიად. ილონ მასკმა დათქვა ვადა – 2024 წელს პირველი ადამიანი გაფრინდება მარსზე. ზუსტად ეს იყო ჩვენი მოტივაცია. მარსის მისიისთვის ბევრი სახელმწიფო თუ კერძო კომპანია ემზადება. თუმცა ეს საერთო სამზადისი რაკეტების, საწვავისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოიცავს. არც ერთი კერძო კომპანია არ მუშაობს მარსის კოსმოსურ კოსტუმზე. არადა ნათელია, რომ არსებული კოსმოსური კოსტუმები მარსზე ვერ წაგვიყვანს. და ზუსტად აქ გაჩნდა იდეა – მოდი მარსის კოსტუმი ავაწყოთ! – ამაზე გიჟური რაღა უნდა მოგვეფიქრებინა?
ამის შემდეგ დაიწყო სწავლის ფაზა – ვკითხულობდით ყველაფერს რაც კოსმოსურ კოსტუმებს შეეხება, და აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი მარტივიც არ არის (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ). ამავდროულად, სტარტაპი ბიზნესია, სტარტაპს უნდა ჰქონდეს გაყიდვები და შემოსავალი, რასაც კარგი ბიზნეს გეგმა ჭირდება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ კოსტუმების შექმნის გამოცდილება ჯერ სხვა, შედარებით მარტივი კოსტუმის აწყობით მიგვეღო, და შემდეგ გადავსულიყავით მარსის კოსტუმზე. ბევრი ფიქრის, ბაზრის ანალიზის, პოტენციურ მომხმარებლებთან საუბრის, და რაც მთავარია სანხანძრო სისტემაში არსებული პრობლემის გააზრების შემდეგ, გადავწყვიტეთ ჩვენი პირველი პროდუქტი მეხანზრის კოსტუმის ყოფილიყო.
რა პროდუქციას ქმნით ამ ეტაპზე? კონკრეტულად, რომ მოგვიყვეთ თქვენი პროდუქციის შესახებ
ახლა ვმუშაობთ მეხანძრის ცეცხლგაუმტარ კოსტუმზე, რომელიც აღჭურვილი შიდა გაგილების სისტემით. ბაზარზე დღეს არსებული მეხანძრის კოსტუმები მძიმე და არაკომფორტულია, და მხოლოდ რამდენიმე წამით იცავს მეხანძრეს პირდაპირი ალისგან. ჩვენი პროტოტიპები უკვე 8ჯერ უფრო ხანგრძლივად უძლებს პირდაპირ ალს, სანამ კოსტუმის შიდა ტემპერატურა მოიმატებს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩაირთვება გაგრილების სისტემა რომელიც გააგრილებს როგოც მთლიან სხეულს (საჭიროების შემთხვევაში), ასევე ზუსტად იმ ადგილს სადაც კოსტუმს ალი აქვს მოდებული. შესაბამისად მეხანძრე სრულიად დაცულია პირდაპირი ალისგან და გადახურებისგან, რაც მეხანძრეთა ტრავმების და სიკვდილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
რა მასალითა და ტექნოლოგიით მზადდება თქვენი პროდუქცია და რა უპირატესობები აქვს მას?
ჩვენ სულ მალე დავიწყებთ კოსტუმის ნაწილების ტესტირებას მსოფლიოში მიღებული სტანდარტების მიხედვით, რაც ჩვენს კოსტუმს მისცეს საშუალებას გავიდეს გლობალურ ბაზარზე. კოსტუმი ორი ნაწილისგან შედგება, ესაა – 1. გარე, ცეცხლგაუმტარი შრე, და 2. გაგრილების სისტემა. ცეცხლგაუმტარი შრე, მიმდინარე ექსპერიმენტების მიხედვით 8-ჯერ უკეთესად იცავს პირდაპირი ალისა და ტემპერატურისგან ვიდრე ბაზარზე არსებული სხვა კოსტუმები, თუმცა ჩვენი მოლოდინით თითქმის ყველა ტესტში (ცეცხლგამძეობა, ტემპერატურა-გამძლეობა, წყალგამძეობა, ბიოლოგიური ნივთიერებების მიმართ გამძლეობა) მინიმუმ 2-ჯერ უკეთესი შედეგი უნდა გვქონდეს ვიდრე არსებულ კოსტუმებს.
რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
უამხლოესი სამომავლო გეგმა მეხანძრის კოსტუმზე მუშაობის დასრულება და პირველი გაყიდვების დაწყებაა. ამაზე ვართ ახლა ბოლომდე კონცენტრირებულნი.
ჩვენი გეგმებით, 2020 წელს დავიწყებთ პირველ გაყიდვებს, ხოლო დიდ ბაზარზე გავალთ 2021 წელს. ჩვენ ვგეგმავთ დიდ გადატრიალებას პერსონალური დაცვის ეკიპირების (Personal Protection Equipment – PPE) ინდუსტრიარში. ჩვენ ვგეგმავთ, როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ და აზიურ ბაზრებზე გასვლას, რადგან ჩვენ პროდუქტს სრულიად დამანგრეველი ეფექტი უნდა ჰქონდეს ბაზარზე.
2021 წლიდან Elven Technologies-ს უნდა ჰქონდეს საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ განვაგრძოთ მარსის კოსტუმზე მუშაობა.
ამ ეტაპამდე მისასვლელად საჭიროა დაალოებით 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომლის მოპოვებაზეც აქტიურად ვმუშაობთ.
როგორც ვიცით, თქვენი მიზანია პირველ ადამიანს, რომელიც ფეხს დადგამს მარსზე, ეცმევა საქართველოში შექმნილი კოსმოსური კოსტუმი. ამ საკითხთან დაკავშირებით, მუშაობის რა ეტაპზე ხართ?
მარსის კოსტუმი ჩვენი ახლო, მთავარი მიზანია. მარსის კოსტუმზე მუშაობის დასრულებას 2024-2025 წლებში ვგეგმავთ. მარსზე გაფრენა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი. ილონ მასკის გეგმით SpaceX 2024 წელს გაფრინდება მარსზე, თუმცა მასკის არცერთი პროექტი არ განხორციელებულა პირველ ვადაზე. ხოლო მეორე, უახლოესი ვადა 2026 წელს იქნება.
მარსის მისია კაცობრიობის მთელს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია! მარსი იქნება პირველი პლანეტა, რომელზეც ადამიანმა ფეხი დაადგა. ჩვენ გულწრფელად გვსურს, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ დიდი მიზნის მიღწევაში.
ამჯამად, მეხანძრის კოსტუმზე მუშაობა გვმატებს როგორც გამოცდილებას ასევე პირდაპირ მოიცავს კოსმოსური კოსტუმი ტექნოლოგიებს, რაც მარსის კოსტუმის ნაწილია. შესაბამისად, მეხანძრის კოსტუმის დასრულების შემდეგ, მარსის კოსტუმის 20-30% გაკეთებული გვექნება. შემდეგი ნაბიჯი კი მარსია.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”