close
ფსიქოლოგია

აუტიზმის ადრეული ნიშნები ჩვილ ბავშვებში

ბავშვის ზრდასა და განვითარებაზე დაკვირვება მშობლისთვის დაუვიწყარი ​​გამოცდილებაა.​ თითოეული პატარა განსხვავებულად იზრდება და ვითარდება. ზოგიერთ მათგანს ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესში გარკვეული შეფერხებები აქვს, რაც ადრეული ასაკიდანვე შესამჩნევი ხდება. მშობლები, რომელთა შვილებს აუტიზმის სპექტრის აშლილობის დიაგნოზს უსვამენ, როგორც წესი, აუტიზმის ადრეულ ნიშნებს ბავშვს 6-12 თვის ასაკიდან ამჩნევენ, იშვიათ შემთხვევაში, უფრო ადრეც.

ჩვენს სტატიაში აუტიზმის ადრეული ნიშნების შესახებ გესაუბრებით, რომელთა შემჩნევის შემთხვევაში ბავშვი სპეციალისტს უნდა აჩვენოთ. აუტიზმის ეფექტური მკურნალობისთვის სწრაფ და დროულ დიაგნოზს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
აუტიზმი ადამიანის ფსიქიკის განსაკუთრებული მდგომარეობაა, რომელიც ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის ფონზე ჩნდება. აუტისტ ბავშვებს სოციალური უნარების განვითარება უჭირთ. ისინი ვერ ახერხებენ სხვებთან კომუნიკაციას, თამაშს, სწავლას. აუტიზმი ბავშვებში, შესაძლოა, როგორც მსუბუქი, ასევე მძიმე ფორმითაც გამოვლინდეს. ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობა ყოველი 40 ამერიკელი ბავშვიდან ერთს მაინც აქვს.
აუტიზმის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშლილობის განვითარებაზე გავლენას გენეტიკური და გარემო ფაქტორები ახდენენ. იმ ბავშვებში, რომელთა ოჯახის წევრს აუტიზმის დიაგნოზს უსვამენ, აუტისტური სპექტრის აშლილობის განვითარების რისკი სხვა ბავშვებთან შედარები 20 %-ით მაღალია. აუტიზმის გამომწვევ სავარაუდო მიზეზებად ექსპერტები ნაადრევ მშობიარობას, მცირეწონიან ნაყოფს, მშობიარობისას მიღებულ ტრავმებს და ასაკოვან მშობლებსაც მოიაზრებენ.
აუტიზმის ადრეული ნიშნები ჩვილ ბავშვებში
ჩვილ ბავშვებში აუტიზმის ადრეული ნიშნები 6-12 თვის ასაკში ვლინდება. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ქცევას, დააკვირდით როგორ რეაგირებს ის გარემოს გამაღიზიანებლებზე. განვითარების პირველი წლის მანძილზე ბავშვები ლუღლუღით საუბარს იწყებენ. ისინი სხვადასხვა საგანზე თითით მიგვანიშნებენ და მშობლებთან კომუნიკაციას ცდილობენ. როგორც წესი, პატარები სითბოსაც გამოხატავენ და ახლობლებს ხშირად უღიმიან. ჩვენს სტატიაში აუტიზმის ადრეული ნიშნების ჩამონათვალს გთავაზობთ. აღნიშნული ნუსხა აუტისტური სპექტრის აშლილობის სიმპტომების დროულად აღმოჩენაში დაგეხმარებათ, რაც ბავშვის ნორმალური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისთვის ძალიან გამოგადგებათ.
აუტიზმის ნიშნები 3 თვის ბავშვებში:
    • მოძრავ საგნებს თვალს არ აყოლებს და სტატიკური საგნებით უფრო ინტერესდება. მაგ. დედის ოთახში გადაადგილებას ვერ ამჩნევს, მაგრამ საწოლის გადასაფარებელს დაჟინებით უმზერს
    • ხმაურზე არ რეაგირებს
    • ნივთების ხელით შეხებას არ ცდილობს
    • ადამიანებს არ უღიმის
    • არ ღუღუნებს
    • ახალი სახეებისადმი ინტერესს არ იჩენს

აუტიზმის ნიშნები 7 თვის ბავშვებში:

  • დაძახებისას თავს არ აბრუნებს და არ ინტერესდება, თუ საიდან მოდის ხმა
  • ყურადღებას არ გაქცევთ
  • არასდროს იცინის და არც ხმამაღლა ყვირის
  • საგნების ხელით დაჭერას არ ცდილობს
  • მარტო ყოფნისას არ იღიმის
  • სხვადასხვა მოძრაობით თქვენი ყურადღების მიპყრობას არ ცდილობს
  • თამაშისადმი ინტერესს არ იჩენს

აუტიზმის ნიშნები 12 თვის ბავშვებში:

  • არ ღუღუნებს
  • ცალკეულ სიტყვებს არ ამბობს
  • არ იქნევს ხელს ან თავს, არ იყენებს მარტივ ჟესტიკულაციას
  • სურათებსა და საგნებზე ხელით არ მიგითითებთ
  • ვერ იტანს, თუ მის დახმარებას ცდილობთ
თუ თქვენს შვილს აღნიშნულ სიმპტომებს ამჩნევთ, ნუ გადაწყვეტთ, რომ ის აუტისტია. ნიშნები, რომლებზეც გესაუბრებით, აუტისტური სპექტრის აშლილობაზე უტყუარად არ მიგვანიშნებს. თუმცა მათი უყურადღებოდ დატოვება არ ღირს.
აუტისტი ბავშვის მშობელმა პედიატრს დროულად უნდა მიაკითხოს. დროული ინტერვენცია ბავშვის კოგნიტური და ქცევითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. სპეციალისტის დახმარებით ბავშვი აუტიზმის სიმპტომებთან გამკლავებას ისწავლის. მოზრდილ ასაკში ბავშვს მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია და ფსიქოლოგთან კონსულტაციები დასჭირდება. აუტიზმის მკურნალობა აშლილობის სიმპტომების მართვას და ბავშვის ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
წყარო : https://moms.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0