close
კატეგორიის გარეშე

სახელმწიფომ სეზონური გრიპის ვაქცინები შეიძინა — ვის შეუძლია აცრის უფასოდ გაკეთება?

სეზონური გრიპი ვირუსული ინფექციაა და მისი გამომწვევი A და B შტამები ყოველწლიურად, სეზონურად აქტიურდებიან. საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრიდან იწყება. სახელმწიფო პროგრამით წელს 100 000 ვაქცინა განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის სრულიად უფასო იქნება.

რა ვაქცინით მიმდინარეობს აცრა?

ვაქცინაციისთვის პრეპარატ ვაქსიგრიპს იყენებენ. ვაქცინა ოთხვალენტიანია (იგივე ოთხკომპნენტიანი) ანუ მოიცავს A და B გრიპების ორ-ორ ტიპს. ვაქცინის შემადგენლობა უშუალოდ 2019-2020 წლების სეზონური გრიპისთვის არის დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

რომელი ქვეყნიდან შემოაქვთ ვაქცინა?

ვაქსიგრიპის მწარმოებელი ფარმაცევტული კომპანია Sanofi Pasteur გახლავთ. პრეპარატი საფრანგეთში მზადდება.

უსაფრთხოა თუ არა აცრის გაკეთება?

გრიპის აცრა სრულიად უსაფრთხოა! მის მიერ მოტანილი სარგებელი მნიშვნელოვნად აღემატება მის შესაძლო გვერდით ეფექტებს.

ვინ აიცრება უფასოდ?

სახელმწიფო პროგრამით წელს 100 000 ვაქცინა განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებისთვის სრულიად უფასო იქნება. ვაქცინაციით უფასოდ ისარგებლებენ:

  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • მუკოვისციდოზით დაავადებულნი;
  • ორსულები.

აცრა ასევე უფასო იქნება შემდეგი პროფესიის წარმომადგენლებისთვის:

  • სამედიცინო პერსონალი;
  • ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი;
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კონტინგენტი;
  • თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლები;
  • პენიტენციური სისტემის მომსახურე პერსონალი;

სად შეიძლება აცრის გაკეთება?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინა უკვე განაწილებულია ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. შესაბამისი გეგმის მიხედვით პირველ რიგში მაღალი რისკის მქონე ადამიანები აიცრებიან.

თუ შესაბამის ჯგუფში ვერ ხვდები, მაშინ აცრის გაკეთება კერძო იმუნიზაციის ცენტრებსა და კლინიკებში შეგიძლია. ასევე შესაძლებელია ვაქცინის შეძენა აფთიაქებში. რისკ ჯგუფების აცრების შემდგომ გამოცხადდება ვაქცინაციის თავისუფალი დღეები, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მსურველს საშუალება ექნება შესაბამის პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში უფასოდ აიცრას.

რა ღირს ვაქცინა/აცრის გაკეთება?

ვაქცინის ფასი დამოკიდებულია შემომტან ფარმაკოლოგიურ კომპანიაზე და აცრის გაკეთების ღირებულება კი კერძო კლინიკაზე. ვაქცინის/ვაქცინაციის სავარაუდო ღირებულება 20-დან 50 ლარამდე იქნება.

გახსოვდეს: თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით კატეგორიულად დაუშვებელია! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართე ექიმს!

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0