close
„ბოლო ათი წლის განმავლობაში შავი ზღვა იქცა სოფლის მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელად აღმოსავლეთ ევროპის მხრიდან და ბინძურდება ისეთი საშიში ნარჩენებით, რასაც მეცნიერები ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოდ მიიჩნევენ“, – ასე იწყებს ბრიტანული BBC რვაწუთნახევრიან ვიდეორეპორტაჟს, რომლის პირველივე კადრებზეც ბათუმის ნაგავსაყრელი ჩანს.

შავი ზღვის ქვეყნებში მდგომარეობის საკუთარი თვალით სანახავად BBC-ის კორესპონდენტმა, იონა ფიშერმა იმოგზაურა.

,,ეს ბათუმის მთავარი ნაგავსაყრელია და ამაზრზენად გამოიყურება, ნაგავსაყრელზე ნახავთ ცხოველებს, ფრინველებს და ადამიანებსაც კი, მაგრამ აქაურობის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს უზარმაზარი ნაგავსაყრელი შავი ზღვის სანაპიროსგან მხოლოდ 300-400 მეტრის დაშორებითაა. ნაგავსაყრელის ქვეშ, სიღრმეში გადის წყლის მილები. წყალი ამ ნაგავს რეცხავს და ზღვისკენ მიაქვს მდინარის გავლით“, – ამბობს BBC-ის კორესპონდენტი და დასძენს, რომ შავი ზღვა რეგიონის ნაგვის ყუთადაა ქცეული.

შავი ზღვის მთავარი დამაბინძურებლები მდინარეებია – დნეპრი, დნესტრი და დუნაი. დუნაი ევროპის უმსხვილესი სამდინარო მაგისტრალია, დიდ როლს ასრულებს ტვირთების გადაზიდვაში, გაივლის 10 სახელმწიფოს ტერიტორიას და შავ ზღვაში ჩაედინება. ევროკავშირი მილიონობით ევროს ხარჯავს დუნაის წყლის ბიოლოგიური წმენდისთვის, თუმცა 3000 კილომეტრზე გადაჭიმული მდინარის გასასუფთავებლად ეს მაინც არ კმარა.

დნესტრი აღმოსავლეთ ევროპაში, მოლდოვასა და უკრაინის საზღვარზე მიედინება, დნეპრი კი რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის ტერიტორიას კვეთს შავ ზღვაში მოხვედრამდე.

საქართველოდან სიუჟეტი უკრაინაში ინაცვლებს.

BBC-ის რეპორტაჟში შავი ზღვის მონიტორინგის, იგივე EMBLAS-Plus-ის (Improving Environmental Monitoring in the Black Sea)  წარმომადგენელი იაროსლავ სლობოდნიკი ამბობს, რომ შავი ზღვის ყოველი კვადრატული მეტრის დაბინძურების ხარისხი ორჯერ მეტია ხმელთაშუა ზღვის დაბინძურების ხარისხთან შედარებით. ეს იმას ნიშნავს, რომ შავ ზღვაში ევროპის ზღვებს შორის ყველაზე უარესი სიტუაციაა დაბინძურების თვალსაზრისით.

„საგანგაშოა, რომ შავი ზღვის სინჯებმა აჩვენა წყალში ქიმიკატების მაღალი კონცენტრაციაც, რაც თითქოს მოულოდნელია ნაპირიდან 400 კილომეტრის დაშორებით, მაგრამ ასეა. ხალხი ფიქრობს, რომ ეს მათ არ ეხება და სადღაც შორს, ზღვაშია დაბინძურება, მაგრამ იგივე ქიმიკატებს ვხვდებით შავ ზღვაში მობინადრე თევზებსა და ზღვის სხვა არსებებში, რასაც რესტორანში მივირთმევთ“, – ამბობს სლოვაკეთის გარემოს დაცვის ინსტიტუტის წარმომადგენელი პიტერ ოსვალდი და შავი ზღვის ქიმიკატებით დაბინძურების მნიშვნელობას უსვამს ხაზს:

„ზღვის ნაგავი აზიანებს არამხოლოდ წყლის ზედაპირს, არამედ მთელ ეკოსისტემას სიღრმეში, ზღვის წყლის შემადგენლობაში ვხვდებით აკრძალული ნარკოტიკების, კოფეინის, სხვადასხვა ფარმაცევტული ნივთიერებისა და განსაკუთრებით ანტიბიოტიკების შემცველობას, პრობლემაა ბაქტერია, რომელიც ამ ანტიბიოტიკების მიმართ ხდება მდგრადი – რეზისტენტული, რის წინაშეც მედიცინა ხდება უძლური, ამას კი შესაძლოა ადამიანების სიცოცხლე შეეწიროს“.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0