განქორწინება და ამ საკითხის ირგვლივ განხილვა, ჩვენს რეალობაში ნაკლებად ცნობად თემას წარმოადგენს , ხშირად როდესაც წყვილები ამ გადაწყვეტილებამდე მიდიან, ისინი დგებიან რიგი სირთულების წინაშე , რომლებიც მათ ემოციურ მდგომარეობას დიდი საფთხის ქვეშ აყენებს , წარმოიდგინეთ ამ სითულეების პერიოდში ასევე არსებობს ბავშვები , განქორწინებული წყვილის შვილები .რომლებიც ორმაგად განიცდიან მათ გარშემო მომხდარ ცვლილებებს. რა ხდება ამ დროს ბავშვებში როგორ შეიძლება რომ დავიცვათ მათი ემოციური მგომარეობა , ამაზე და კიდევ უფრო მეტზე გვესაუბრა , კლინიკური ფსიქოლოგი , ევროპული სტანდარტის დიპლომირებული გეშტალტთერაპევტი , მრავალი ცოდნის მქონე ფსიქოლოგი დარეჯან თოლორდავა.
1. რა ფაქტორები იწვევს წყვილთა ურთიერთობაში განქორწინებამდე მისვლას ?
ცნობილია, რომ განქორწინების რიცხვი მთელ მსოფლიოში იზრდება. ქორწინება კი ხდება არასტაბილური ინსტიტუტი. განსხვავებული სტატისტიკა არის ისლამურ სახელმწიფოებში, სადაც მხოლოდ მამაკაცს აქვს განქორწინებაზე გადაწყვეტილების უფლება.ბოლო ათი წლის მონაცემებით საქართველოში განქორწინების რიცხვი დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა.
ქორწინება თავის მხრივ ორ ადამიანს შორის შეთანხმებაა,პასუხისმგებლობის გადანაწილება, სადაც მოიაზრება სხვადასხვა საბაზისო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. სიყვარულის , მიკუთვნებულობის,სექსუალური თუ ფინანსური სტაბილურობის,კეთილდღეობის, გამრავლების ,აღიარების. სწორედ ამ მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობა წარმოადგენს განქორწინების მიზეზებს. რაც უფრო მეტია წყვილებში ილუზორული მოლოდინები და ნაკლები პასუხისმგებლობა ქორწინების მიმართ, მით მალე დგება იმედგაცრუება და განქორწინების კრიზისი. განქორწინების პროცესს აჩქარებს: ტოქსიური ურთიერთობები, ეჭვიანობა ,ფსიქოლოგიური დამოკიდებულება და თანადამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ, ემპათიის ,ურთიერთნდობისა და ურთიერთგაგების დეფიციტი,საერთო ინტერესების და ღირებულებების არქონა, სექსუალური შეუთავსებლობა,ძალადობა,ალკოჰოლიზმი და ადიქციები(ინტერნეტ და თამაშდამოკიდებულებები). ოჯახური პასუხისმგებლობების არასწორად გადანაწილება.
თითოეულ წყვილში სამი შემადგენელი ნაწილია: მე შენ და ჩვენ. თითოეულ ნაწილს უნდა ჰქონდეს პირობები და სივრცე არსებობისთვის,ზრდისთვის. როდესაც წყვილთა შორის ერთ-ერთი პიროვნულად იზრდება, ხოლო მეორე რჩება და რეგრესს განიცდის, განქორწინება გარდაუვალია.
განქორწინებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
ნაადრევი ქორწინება ხასიათდება წყვილებში თანაცხოვრებისა და სქესობრივი ურთიერთობის გამოცდილების არქონით.რაც გამოწვეულია ტრადიციითა და რელიგიური ღირებულებებით. დაქორწინება ამ მხრივ სექსის ლეგიტიმაციას ემსგავსება. დაქორწინების მიზეზი ხშირ შემთხვევაში არის მარტოობისგან გაქცევის, ოჯახური(იგულისხმება მშობლების ოჯახი)ურთიერთობის გაუცხოების შედეგად წარმოქმნილი ცარიელი ადგილის შევსების მცდელობა და არა საკუთარი ოჯახის შექმნის სურვილი და მზაობა. ახალგაზრდა წყვილი ადრეულ ასაკში ნაკლებად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას,რაც ოჯახს ახლავს თან. ამასთან ,მათი წარმოდგენები დაოჯახების შემდეგ თანაცხოვრების,ოჯახის ფუნქციების შესახებ ილუზორულია, ნაკლებად ეფუძნება რეალურ ფაქტორებს,რაც იწვევს სინამდვილესა და წარმოდგენებს შორის შეუსაბამობას, იმედგაცრუებებს,ფრუსტრაციას,კრიზისს.
ფინანსური სირთულეები, არასტაბილურობა. ოჯახის ფორმირების ეკონომიკური მიდგომის მიხედვით,წყვილი ერთად ცხოვრებას აგრძელებს მაშინ,როცა მათთვის ერთად ყოფნა უფრო მომგებიანია ეკონომიურად,ვიდრე ცალ-ცალკე. ხშირად დაქორწინების პროცესში არ ხდება რაციონალური(ეკონომიური ბენეფიტების)გააზრება.სტაბილური შემოსავლისა და საკუთარი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონა წყვილში კონფლიქტის წარმოქმნის მნიშვნელოვანი მიზეზია. უმუშევარი ქმრები ამჟღავნებენ უყურადღებობას მეუღლისადმი(წარმოქმნილი პრობლემების მიმართ),რაც იწვევს ცოლების უკმაყოფილებას და გაღიზიანებას.იმაზე მეტ უკმაყოფილებასაც კი ,ვიდრე მეუღლის უმუშევრობა და ოჯახის ელემენტარული საჭიროებებით დაუკმაყოფილებლობა.
ფიზიკური და მორალური ძალადობა ოჯახში. ქალთა მიმართ ფიზიკური ძალადობა ოჯახში განქორწინების ერთ-ერთი დამაჩქარებელი ფაქტორია.თუმცა ქალებს სასამართლო პროცესზეც ხშირად უჭირთ ძალადობაზე საუბარი და რეალური მიზეზების დაფარვით სულ სხვა საკითხზე მიმდინარეობს დავა.
ღალატი. ერთ- ერთი იჩენს სხვა სექსუალურ პარტნიორს და ამის გამო ტოვებს ოჯახს.
სექსუალური შეუთავსებლობა განქორწინების ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია, რადგან ოჯახური კონფლიქტები ხშირად სექსუალური ურთიერთობის ნიადაგზე წარმოიშვება.
თანაცხოვრების პროცესში მესამე პირის ჩარევა. რაც შეეხება მშობლების ჩარევას , შეიძლება მივიჩნიოთ ერთ ერთ-ერთ დამაჩქარებელ ფაქტორად და არა მთავარ მამოტივირებელ მიზეზად.
დაბალი ფსიქოგანათლება ქორწინების კრიზისების შესახებ, პრობლემების გაცნობიერების,კრიზისის ამოცნობის, ხმამაღლა გაცხადების,ერთმანეთში გაზიარების და საუბრის დეფიციტი. დაბალი ცნობიერება ოჯახური ფსიქოთერაპევტის ჩართულობაზე განქორწინების კრიზისის დროს
2.როგორ უნდა მოხდეს წინასწარ ბავშვთა მომზადება განქორწინების ცვლილებებისთვის ?
განქორწინება ცვლილებაა, როგორც ბავშვისთვის, ისე იმ სისტემისთვის, რომელშიც ის იმყოფება. თუმცა ბავშვებზე ეს კრიზისი ბევრად მძიმედ აისახება, ვიდრე მშობლებზე: მშობლებმა თავად მიიღეს ეს გადაწყვეტილება, ხოლო ბავშვი უნდა შეეგუოს ამ ცვლილებას და მიიღოს ახალი რეალობა, რაც საკმაოდ რთულია.
ბავშვზე მძიმედ მოქმედებს: ერთ- ერთ მშობელთან ურთიერთობის გაწყვეტა; მშობლებს შორის, როგორც კონფლიქტურ მხარეებს შორის, ყოფნა.
განქორწინების კრიზისი ბავშვისთვის უფრო დაძლევადი და ნაკლებ მტკივნეული ხდება, თუ მშობლები ითვალისწინებენ ბავშვის მდგომარეობას, მის გრძნობებსა და საჭიროებებს, თუ გაყრის პროცესი ბავშვისთვის მოულოდნელი არ არის და მხარს უჭერენ მას ცვლილებასთან შეგუებასა და კრიზისის დაძლევაში.
როგორ უნდა შევატყობინოთ ბავშვს განქორწინების შესახებ?
მშობლების განქორწინება ბავშვისთვის თავისთავად არის შოკი. ამიტომ საუბარი უნდა წარიმართოს მშვიდ, უსაფრთხო და კომფორტულ გარემოში.როდესაც ეს გადაწყვეტილება უკვე საბოლოოდ არის მიღებული. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ჩამოყალიბებული, ნუ მოამზადებთ ბავშვს „შესაძლო განქორწინებისათვის“.რაც შეეხება კონკრეტულ დროს, უმჯობესია, ამის შესახებ შეატყობინოთ დასვენების დღეებში – ბავშვს უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო ამ ამბის „მოსანელებლად“. მნიშვნელოვანია, რომ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ის არ რჩებოდეს სახლში მარტო. ასევე, არ ღირს ამის თქმა ძილის წინ, რათა ბავშვს მივცეთ მშვიდი ძილის საშუალება .
თუ ბავშვი ემოციურად მიჯაჭულია ერთ რომელიმე მშობელზე, აჯობებს, სიახლე მან ამცნოს. საუკეთესო ვარიანტია, რომ მშობლებმა საუბარი წარმართონ ერთად, მშვიდ გარემოში შეატყობინონ თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ (ბუნებრივია, თუ გარემოება იძლევა ამის საშუალებას და მშობლებს არ აქვთ მწვავე კონფლიქტური ურთიერთობა).„ჩვენ გადავწყვიტეთ განქორწინება“, – ნუ გაექცევით სიტყვას „განქორწინება“ იმიტომ, რომ ეს ზუსტად ის არის, რაც ხდება თქვენს ოჯახში. „მე და მამა ბოლო დროს ვერ ვრიგდებოდით ბევრ რამეზე, ვერ ვმეგობრობდით და ხშირად ვკამათობდით. გადავწყვიტეთ, რომ თუ გავეყრებით ერთმანეთს, ორივესთვის უკეთესი იქნება“, – ეს ინფორმაცია საკმარისზე მეტია ბავშვისთვის. თუ ბავშვი ძალიან პატარაა და ვერ გაიგებს ამ სიტყვის მნიშვნელობას, მაინც გამოიყენეთ ეს ტერმინი და მერე განუმარტეთ, რას ნიშნავს ის: „განქორწინება ნიშნავს, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით დაქორწინებულები, ჩვენ აღარ ვიცხოვრებთ ერთად“.
შემდეგ აუხსენით უშუალოდ მათი მდგომარეობის შესახებ. შეეცადეთ მხოლოდ არსებითზე ისაუბროთ და ნუ დაწვრილმანდებით, მოცემულ ეტაპზე საკმარისია საბაზისო ინფორმაცია. მაგალითად: ,,შენ (ან თქვენ)ისევ აქ იცხოვრებ, მხოლოდ მამა გადავა სხვაგან საცხოვრებლად ან თავის მშობლებთან (ბებოსთან და პაპასთან), შენ ყოველთვის შეძლებ მის ნახვას, შენ გაქვს და ყოველთვის გექნება სახლი, ყოველთვის გექნება საშუალება, ნახო მშობლები.
3. რა ხერხები უნდა მოიმოქმედოს წყვილმა რომ მოახერხოს ბავშვის ან მოზარდის ამ ცხოვრებისეული ცვლილებისკენ მომზადება და შემდგომ ადაპტაცია ამ სიტუაციისადმი ?
განქორწინების პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისცეთ ბავშვს საშუალება, ჰქონდეს ორივე მშობელთან მჭიდრო კონტაქტი, არ აიძულოთ, რომ აირჩიოს თქვენ შორის ერთ-ერთი, არ ეცადოთ, ჩაუნერგოთ, რომ თქვენი ღალატი იქნება, თუ კარგი ურთიერთობა ექნება თქვენს ყოფილ მეუღლესთან .
ბავშვების უმრავლესობას სურს სტაბილური, მჭიდრო ურთიერთობა ორივე მშობელთან და უყვარს ორივე, მიუხედავად მათი უარყოფითი მხარეებისა და შეცდომებისა.
საუკეთესო რამ, რაც ამ დროს შეიძლება გააკეთოთ თქვენი ბავშვისთვის, ისაა, რომ აღიაროთ მისი უფლება, ჰქონდეს განსაკუთრებული გრძნობები (დამოკიდებულება) თქვენს ყოფილ მეუღლესთან, გრძნობები, რომლებიც არაა აუცილებელი, თქვენსას დაემთხვას.
თუ ბავშვს ეტყვით, რომ მხოლოდ ერთ მშობელს სურს განქორწინება და მეორეს – არა, ამით თქვენ ხსნით „პანდორას ყუთს“. ეს ლოგიკურია, რადგან ბავშვს არ უნდა, რომ მისი მშობლები განქორწინდნენ. ის სწრაფად იკავებს ,,მიტოვებული“ მშობლის მხარეს და იწყებს მანიპულირებას, განქორწინების ინიციატორის გადარწმუნებას, თავისი თავის იდენტფიცირებას მასთან, „ვისგანაც მიდიან“, მისი გრძნობების გაზიარებას.
განქორწინების დროს, ალბათ, ყველაზე გავრცელებული ფრაზაა: „მამა ჩვენგან წავიდა, მან მიგვატოვა, მისი დანახვა და გახსენება აღარ მინდა, ოჯახი საერთოდ არ ანაღვლებს“. ამ შემთხვევაში ბავშვი მთლიანად დედის მხარეს იჭერს და იზიარებს მის გრძნობებს მამის მიმართ. განქორწინება უფროსების დაშორებაა – ამ დროს სრულდება ურთიერთობა ცოლსა და ქმარს შორის, ხოლო დედისა და ბავშვის, მამისა და ბავშვის ურთიერთობა არასდროს სრულდება. ზუსტად მაშინ ტოვებთ ბავშვს ორივე მშობლის გარეშე, როცა მას აღიქვამთ, როგორც მოკავშირეს, თქვენს „ომში“ მეუღლის საწინააღმდეგოდ .
არასოდეს გარიოთ მეუღლის მიმართ თქვენს წყენასა და ბრაზში ბავშვი, არ უნდა გამოიყენოთ ის იარაღად ქმრის მიმართ ან მის დასასჯელად.
ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი „მედეას კომპლექსი“ – ბავშვზე მზრუნველი მამისთვის შურისძიების მიზნით დედა არა ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად „აზიანებს“ შვილებს.
მთავარია, ბავშვი დაარწმუნოთ, რომ მშობლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი ბრალი არ არის, უნდა შეახსენოთ, რომ კონფლიქტში წვლილი არ მიუძღვის, რომ განქორწინება უფროსების ურთიერთობაა. აჩვენეთ თქვენი ნამდვილი გრძნობები, რომ ისინი ყველაზე მეტად გიყვართ და მათი სიყვარულია თქვენი ბედნიერების სათავე. მათ უნდა იგრძნონ, რომ თქვენი ბედნიერება მათ არსებობასთანაა დაკავშირებული.
4.როდის ხდება საჭიროება იმისა რომ ამ ცვლილებებში ჩაერთოს ფსიქოთერაპევტი ?
მშობლების განქორწინება შესაძლოა, ბავშვის ცხოვრების ერთ-ერთ ტრავმულ გამოცდილებად იქცეს. გაყრის კრიზისი, რომელიც თავისთავად გულისხმობს დანაკარგს ან დანაკარგის შიშს, მიმდინარეობს ძლიერი სტრესის ფონზე. კრიზისი შეიძლება გადაიზარდოს ბავშვის ემოციურ და ქცევით დარღვევებში. ბრაზი, უიმედობა დანაშაულის განცდა და დაბნეულობა ძირითადი ემოციებია, რომელთაც განიცდიან ბავშვები განქორწინებისას და შემდგომ პერიოდში. სტრესის შედეგად გროვდება უარყოფითი ემოციები (შიში, ბრაზი, აგრესია, შფოთვა და სხვა), ვერ ხერხდება მათი ე.წ. ,,ემოციური ვენტილაცია“. ეს ემოციები, თავის მხრივ, აზიანებენ ბავშვს და იწვევენ ფსიქოსომატურ დარღვევებს. ცვლილებებზე რეაქცია დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, განვითარების დონეზე, პიროვნულ მახასიათებლებსა და განქორწინების პროცესის კონკრეტულ გარემოებებზე.
განქორწინების კრიზისის დროს ბავშვი ყევლაზე ხშირად განიცდის
– შოკს, როგორც პირველად რეაქციას;
– ოჯახის/მშობლის დანაკარგის განცდას, მონატრებას;
– დარდს, გლოვას დანაკარგზე;
– ბრაზს;
– შიშს, შფოთვას და გაურკვევლობას მომავალთან დაკავშირებით;
– საკუთარი თავის დადანაშაულებას;
– ერთ-ერთი ან ორივე მშობლის დადანაშაულებას.
განქორწინების კრიზისზე რეაქცია ქცევითი დარღვევებით დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.
სკოლამდელი ასაკი: 6 წლამდე
მოუსვენრობა და შფოთვა;
ქცევის მკვეთრი ცვლილებები (პასიურობა);
რეგრესი;
ფაქტის უარყოფა (თითქოს არაფერი მომხდარა, არ ახსენებს);
შიშები;
ფანტაზიები (რომ დაბრუნდება,შერიგდებიან);
თამაში (შინაარსი ყოველთვის ომია, სადაც ყოველთვის იმარჯვებენ ცუდები).
უმცროსი სასკოლო ასაკი: 6-9 წ.
დანაშაულის გრძნობა;(რომ მის გამო დაშორდნენ მშობლები ერთმანეთს)
ფანტაზიები (დაბრუნდება, მშობლები შერიგდებიან და სხვა);
სოციალური პრობლემები თანატოლებთან (რცხვენია დედის გამოჩენა იქ, სადაც მამა უნდა იყოს);
გამოხატული სევდა;
მონატრება ან ერთ-ერთი მშობლის დადანაშაულება;
შფოთვა, შიში, რომ მიატოვებენ;
მარტოობის და მიტოვების გრძნობა (სიცარიელის შევსება ასოციალური ქცევებით, საჩუქრების მოთხოვნით და ა.შ.);
ფსიქოსომატიკა (ავადმყოფობაში წასვლა, ნევროტული გამოვლინებები, ფრჩხილების კვნეტა, ტიკები და ა.შ.)
მოზარდები:
სიბრაზე;
იზოლაცია;
სახლიდან გაქცევები;
აგრესიული, მტრული დამოკიდებულება ადამიანების მიმართ;
დეპრესია;
სუიციდის მცდელობა;
სასკოლო, სასწავლო პრობლემებს თან ახლავს სევდის და სირცხვილის განცდა;
ფობიები;
დელინკვენტური ქცევა (ასოციალური, კანონდარმღვევი ქცევები).
სასოწარკვეთა და სევდა, დარდი, დათრგუნული მდგომარეობა ფაქტობრივად, განქორწინების კრიზისის მუდმივი თანამგზავრია. ეს მდგომარეობა ასეთ შემთხვევაში ბუნებრივი, კანონზომიერია. ბავშვსაც და უფროსსაც უწევს იმ მტანჯველი ეტაპის გავლა, რომელიც ოჯახის დაშლას ახლავს თან. დარდი, სევდა, დაბალი თვითშეფასება, ზოგჯერ არარაობისა და უსარგებლობის განცდა ამ პროცესის თანმხლები ემოციებია.
ბავშვურმა დარდმა და დათრგუნულმა მდგომარეობამ შეიძლება მიიღოს პასიური თვითიზოლაციის ფორმა. ბავშვმა შესაძლოა დაკარგოს ინტერესი იმის მიმართ, რაც ადრე მას სიამოვნებასა და სიხარულსა ანიჭებდა (სკოლასა და სწავლისადმი, მეგობრებისადმი…), ზოგჯერ კი პირიქით, ამ მდგომარეობას მიჰყავს ზეაქტიურობისაკენ, თითქოს ის ცდილობს სევდიანი აზრებისგან გაქცევას.
ბავშვი შეიძლება გახდეს მტირალა, ტიროდეს იმის გამო, რასაც ადრე საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, განიცადოს რეგრესი, დაეუფლოს შიშები, მაგალითად, სიბნელის შიში, რომელიც მან უკვე გადალახა ან შეიძინოს ახალი შიშები, დაეწყოს ენურეზი და ტიკები. შეიძლება მოითხოვოს მეტი ყურადღება და სკოლაში წასვლა აღიქვას აუტანელ ყოველდღიურ განშორებად, გაკვეთილზე დაეწყოს ფსიქოსომატური ჩივილები, მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი ან მოუსვენრობა და ყურადღების დეფიციტი.
აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ დახმარებას. ბავშვთა ფსიქოთერაპევტი ბავშვს დაეხმარება ოჯახურ ცვლილებებთან დაკავშირებულ რთულ ემოციებთან გამკლავებაში.ხოლო მშობლებს დაეხმარება როგორ ისწავლონ ახალ სიტუაციაში „მშობლობა“.
მასალა მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”