ცხოველთა მოყვარულებს ფავორიტი წყვილი ჰყავთ – ეს გალაპაგოსელი კუები ბიბი და პოლდი არიან, რომლებმაც თითქმის 100 წელი ერთად გაატარეს, თუმცა ახლახანს დაშორდნენ.
ბიბი და პოლდი ავსტრიის ზოოპარკში ცხოვრობდნენ და მათ იდეალურ წყვილად მიიჩნევდნენ. პოლდი კუებში სიმპათიურ და კომუნიკაბელურ ცხოველად მიიჩნევა, ხოლო მდედრი ბიბი, როგორც ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, ძალიან თავშეკავებულია და მას „დედოფლური“ ქცევები აქვს. გარდა იმისა, რომ ბიბის და პოლდის ერთი და იმავე საჭმელი უყვართ, მათ საერთო ისტორიაც აერთიანებთ. ისინი ორივენი 1897 წელს გამოიჩეკნენ და შვეიცარიის ზოოპარკში ერთად გაიზარდნენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სწორედ შვეიცარიაში დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია, როდესაც 20 წლის იყვნენ.
როდესაც ისინი ავსტრიის ზოოპარკში გადაიყვანეს, ბიბი და პოლდი უკვე გამოცდილი და ზრდასრული წყვილი იყო, თუმცა 2011 წლის ნოემბერში ყველაფერი შეიცვალა. ერთხელაც ბიბიმ პოლდის ჯავშანს ნაწილი მოაჭამა და პოლდიმ ტკივილისგან ტირილი დაიწყო. მას შემდეგ ზოოპარკის თანამშრომლები კუებს სხვადსხვა ტერიტორიებზე აძინებდნენ, რადგან ეშინოდათ, რომ ბიბის პოლდი არ მოეკლა, ან პირიქით. ზოოპარკში ჰყვებიან, რომ ისინი მათ შერიგებას ცდილობდნენ, რადგან კუების სიყვარულის ისტორია ეს მათი ზოოპარკის ბრენდია და წყვილის სანახავად ძალიან ბევრი ტურისტი მოდიოდა.
ზოოპარკის ადმინისტრაცია თითქმის 7 წელი ცდილობდა წყვილის შერიგებას. აღსანიშნავია, რომ უფრო აგრესიულად ბიბი იყო განწყობილი და შეიძლება ითქვას, რომ ყოფილ ქმართან „ერთ სუფრაზეც არ ჯდებოდა“.
თანამშრომლებმა ხელი ჩაიქნიეს და ორივე კუს განცალკევებული „სახლები“ აუშენეს, თუმცა მათ სახლებს შორის ერთ-ერთი კედელი მინისაა და ყოფილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს პერიოდულად ხედავს. ზოოპარკში ამბობენ, რომ როდესაც ბიბი ყოფილს ხედავს, გველივით სისინს იწყებს და ზედაც არ უყურებს, თუმცა პოლდის ყოფილი ცოლის მიმართ აგრესია ნაკლებად აქვს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”