close
კვლევებიმედიცინა

„რემდესივირზე“ კლინიკური ცდები იწყება, რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ ?

ანტივირუსულ პრეპარატ „რემდესივირზე“ ჩატარებულმა პირველადმა ექპსერიმენტმა აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც კორონავირუსის მძიმე ფორმა აქვთ, პრეპარატი პირველი დოზის მიღებიდან 24 საათში იწყებს მოქმედებას.
მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეად საიენსის“ მიერ შექმნილი „რემდესივირი“ ვირუსს ბლოკავს და ორგანიზმში რეპროდუქტირების საშუალებას არ აძლევს.
მედიკოსები პრეპარატზე კლინიკურ ცდებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ და მასში 1 000 პაციენტი იქნება ჩართული და მათი შედეგები აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მედიკამენტით მკურნალობის შედეგად რამდენიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ შორის 55 წლის ქრის კეინი ვაშინგტონიდან, რომელიც ჟანგბადზე იყო მიერთებული და რომლის მდგომარეობა „რემდესივირის“ მიღებიდან მეორე დღესვე გაუმჯობესდა, მოგვიანებით კი სრულად გამოჯანმრთელდა და ამჟამად საკუთარ სახლში იმყოფება.
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ „რემდესივირის“ საშუალებით შესაძლებელია კორონავირუსის კიდევ ერთი ტიპის – MERS-ის- განურნება. პრეპარატის გამოყენებას შეეცადნენ ებოლას სამკურნალოდაც, თუმცა „რემდესივირმა“ მნიშვნელოვანი შედეგი არ აჩვენა.
რაც შეეხება COVID-19-ის სამკურნალოდ მის გამოყენებას, პრეპარტით პირველად აშშ-ში, ვაშინგტონში, 35 წლის პაციენტს უმკურნალეს. ეს იყო პირველი ადამიანი აშშ-ში, რომელიც სამშობლოში ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაბრუნდა და რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
საავადმყოფოში მიყვანიდან ერთი კვირის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა. ექიმებმა მეშვიდე დღეს „რემდესივირის“ გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს, მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი ოფიციალურად დამტკიცებული არაა. პაციენტის მდგომარეობა მეორე დღიდან გაუმჯობესდა.
აღნიშნული პირველი შემთხვევა ჟურნალ New England Journal of Medicine-ში დეტალურადაა აღწერილი.
თუმცა არსებობს კითხვები პრეპარატის სწრაფ მოქმედებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აღნიშნულ შემთხვევებში გაუმჯობესება „რემდესივირმა“ გამოიწვია, თუ პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესება მედიკამენტის გარეშეც დაიწყებოდა.
კომპანია „გილეადმა“ განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ „რემდესივირი“ ანტივირუსული პრეპარატია, რომლის კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რომ მის შესახებ ჯერჯერობით შეზღუდული მონაცემები არსებობს. „ის მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა დამტკიცებული და ჯერჯერობით არ არსებობს დადასატურებული ინფორმაცია მისი უსაფრთხოებისა და გვერდითი მოვლენების შესახებ,“- ნათქვამია „გილეად საიენსის“ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მხარდაჭერით მსოფლიოს მასშტაბით ხუთი კლინიკური ცდა ჩატარდება, რომლის მიზანი იმის დადგენაა, რამდენად უსაფრთხო და ეფეტურია „რემდესივირის“ გამოყენება COVID-19-ის სამკურნალოდ.
სხვა პოტენციური სამკურნალო საშუალებები, რომლის გამოკვლევაც მიმდინარეობს, მალარიის სამკურნალო პრეპარატი „ქლოროქინი“ და ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის სამკურნალო პრეპარატების – ლოპინავირისა და რიტონავირის – კომბინაციაა, თუმცა, ამ უკანასკნელზე ჩატარებულმა პირველადმა კვლევამ ვირუსის მკურნალობამ სასარგებლო შედეგი არ აჩვენა.

წყარო : nbcnews.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0