– ვერავინ წარმოიდგენს ჩემთვის რა ბედნიერებაა, როდესაც მეუბნებიან, – შენი გაკვეთილი მოგვეწონა, ჩემმა შვილმა თქვენი წყალობით ყველაფერი კარგად გაიგოო. ყველაზე ბედნიერი ამ დროს ვარ. თუმცა მთავარი ის არის, რომ ონლაინგაკვეთილებმა მიაღწიოს იმ მიზანს, რისთვისაც შეიქმნა, – ყველა ბავშვმა
შეძლოს სწავლა. ამისთვის კი ისე უნდა დააინტერესო, რომ გისმინონ, არ მოგშორდნენ. არასოდეს ვყოფილვარ მომხრე, რომ ბავშვი ეკრანს მიეჯაჭვოს და არც ახლა ვარ, მაგრამ ზომიერად, ეს აუცილებელია, მით უფრო ამ ეტაპზე.
საინტერესო ყოფილა, გაკვეთილს ჩვენც ვერ მოვწყდითო…
– არა მხოლოდ ბავშვები, უამრავი მშობელიც გწერთ, – რა ბედნიერებაა, რომ თურმე რა მარტივი და რა კარგი ყოფილა მათემატიკა,გაკვეთილის დამთავრება არ გვინდოდაო…
– ეს შეფასებაა ჩემთვის პრემიაც არის და ღირსების ორდენიც. მთელი ცხოვრებაა იმის დამტკიცებას ვცდილობ, რომ მათემატიკა სულაც არ არის რთული და ყველამ შეიძლება ისწავლოს! და უნდა ისწავლოს იმიტომ, რომ მათემატიკა გვასწავლის ლოგიკურ აზროვნებას, რაც ასე საჭიროა ცხოვრების პრობლემების გადასალახად.
მაგრამ საქმე იმაშიც არის, რომ დღეს მათემატიკის სწავლას და არა მხოლოდ, ხელს უშლის ის სირთულეები და წიაღსვლები, რაც ჩვენს სახელმღვანელოებშია. გენიალობა სიმარტივეშია! როდესაც თუნდაც მეხუთეკლასელებისთვის ვწერდი ონლაინკაგვეთილებს და რამდენიმე სახელმძღვანელოს ერთად გადავხედე, უფრო მძაფრად ვიგრძენი, რომ ასეთ “წიაღსვლებში” ბავშვი იკარგება. სჯობს, ბავშვმა ცოტა იცოდეს, მაგრამ ის ძირითადი
იცოდეს, რაც ყველგან გაუღებს კარს. არ არის სავალდებულო ყველა მათემატიკოსი გამოვიდეს, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს მათემატიკის “ანი” და “ჰოე”!
– არადა, მათემატიკა ტრადიციულად რთულ საგნად მიიჩნევა…