close
ეს საინტერესოაისტორიაკულტურასაქართველო

ოლდენბურგის სასახლე -„ერთი ღამის სასახლის“ საიდუმლო და სასახლის უცნაური ლეგენდები

სასახლე, რომელსაც საოცარი ისტორია აქვს, მე-19 საუკუნეში, 1895 წელს, იმ დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალის გულის მოსაგებად აშენდა. ეს ქალი თავადი ტარიელ დადიანის მეუღლე გახლდათ – აგრაფინა ჯაფარიძე.

ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში, საქართველოში მოხდა. სწორედ ამ დროს ჩამოვიდა საქართველოში გერმანელი პრინცი, გენერალი კონსტანტინე ოლდენბურგი, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I–ის დის, ეკატერინეს შვილიშვილი. რომელიც თბილისიდან ფოთამდე რკინიგზას აშენებდა.

1885 წელს, კონსტანტინე “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირებულ წარმოდგენაზე მიიწვიეს ბარბარე ბარათაშვილის სალონში, სადაც იმ დროს მიხაი ზიჩი მუშაობდა თავის ცნობილ ილუსტრაციებზე.

წარმოდგენაში დასავლეთ საქართველოს ნაღები საზოგადოება მონაწილეობდა, მათ შორის იყო ნესტან-დარეჯანის კოსტიუმში გამოწყობილი, მშვენიერი აგრაფინა ჯაფარიძე – სამეგრელოს თავადის, ტარიელ დადიანის მეუღლე.

პრინცი ოლდენბურგი იმდენად მოიხიბლა ქალის სილამაზით, რომ მის მეუღლეს ცოლთან ერთი ღამის სანაცვლოდ მილიონი ოქრო შესთავაზა. თქვენ წარმოიდგინეთ, თავადმა დადიანმა ცდუნებას ვერ გაუძლო და დათანხმდა! თანხმობის შემდეგ აგრაფინა ჯაფარიძესთან მისული ოლდენბურგისთვის ულამაზეს და საკმაოდ ჭკვიან ქალბატონს უთქვამს: “ფული ჩემს მეუღლეს გადაუხადე და მას მიაკითხე”. მაშინ გერმანელმა პრინცმა იკითხა, თუ რა უნდა გაეკეთებინა აგრაფინას გულის მოსაგებად. მან კი სასახლის აშენება სთხოვა.

გადმოცემის თანახმად, სასახლე ექვს თვეში აუშენებიათ. მის პირველ სტუმრებს მთავარ დარბაზში შესვლისას კაბა და შარვალი აუკეცავთ, რადგან იატაკი ბროლის იყო და დარბაზის განათება წყლის ეფექტს ქმნიდა.

სასახლის არქიტექტორი პ. შტერნი იმ დროს ძალიან სახელგანთქმული ყოფილა. ნაგებობის სტილი, ერთი მხრივ, “აგურის გოთიკას” ენათესავება, ხოლო, მეორე მხრივ, ისლამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელ დეტალებს იმეორებს.

ოლდენბურგის სასახლე თბილისურ ტრადიციულ არქიტექტურასაც მნიშვნელოვნად სცილდება: ციხე-დარბაზის ტიპის ნაგებობას აქვს ღია ტერასა, ქვის მოაჯირებიანი კიბე, შუა ბასტიონი აზიდული ციცაბო სახურავით და სამსართულიანი კოშკი საიდუმლო ოთახით; მთავარ ფასადზე თავმოყრილი შეისრული თაღები, კედელში ჩასმული ვარდულები, მოაჯირის წვრილი სვეტები გოთური სტილიზაციის უჩვეულო და საინტერესო ნიმუშს ქმნის.

გუმბათს პრინცის საგვარეულო გერბი ამშვენებს, რომელზეც ფრთიანი ცხენია გამოსახული. ამ სიმბოლოს მაგიური დამცავი ძალა აქვს თურმე. ასევე – საათი, რომელიც ისეთ განწყობას ქმნის, თითქოს აქ დრო გაჩერდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სასახლეში ბროლის იატაკი აყარეს, მოხატული კედლები შეღებეს, უნიკალური ჭაღები ჩამოხსნეს და შენობაში ყრუ-მუნჯთა სკოლა გახსნეს. სასახლის აშენებიდან საუკუნის შემდეგ იქ მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი განთავსდა და ამჟამად 150 ათასზე მეტ ექსპონატს ინახავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ხელნაწერთა ფონდია, სადაც, პრაქტიკულად, ყველა ქართველი ხელოვანისა და მწერლის არქივია დაცული.

პრინცთან გატარებული ერთი ღამის შემდეგ აგრაფინა ჯაფარიძემ მიატოვა ქმარი, ოლდენბურგთან ერთად ამ სასახლეში დასახლდა და გრაფინია ზარნიკაუს სახელი მოიპოვა. ხალხს ამ ამბავზე პატარა ლექსიც შეუთხზავს: – გრაფინია კისკისაო, დადიანმა პრინცს მისცაო!

ამ საოცარ ისტორიას სევდიანი დასასრული აქვს: გადმოცემის თანახმად, პრინცესა აგრაფინა ბოლშევიკებმა სიყვარულის კოშკში დაახრჩვეს. იმდროინდელი თბილისის მკვიდრებს არაერთხელ მოუყოლიათ, რომ სასახლეში ქალის აჩრდილი დადიოდა.

მუზეუმის თანამშრომლებს დღესაც სჯერათ, რომ სასახლეში აჩრდილები დადიან. სიუჟეტი ტელევიზიითაც გავიდა. ერთ-ერთი თანამშრომელი ყვება: ,,მუშაობას შევყევი, როცა ქალის სიმღერის ხმა გავიგონე. ვიცოდი, რომ შენობაში არავინ იყო. ქალის ხმას ბავშვების სიცილი მოჰყვა. რკინის კარი გასაღებით იყო ჩაკეტილი. მივხვდი, რომ მოჩვენებები დადიოდნენ. ძალიან შემეშინდა”.

ამჟამად შენობა გარედან მთლიანად რესტავრირებულია. პირვანდელი სახის დასაბრუნებლად მხოლოდ შიდა სამუშაოებია შესასრულებელი.

ამ თემის ირგვლივ სხვა მოსაზრებებიც არსებობს, თუმცა ისტორიამ, ლეგენდის სახით, ეს
ვერსია შემოინახა.

 

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0