close
მედიცინა

რა იწვევს ახლომხედველობას? ყველაფერი რაც ამ დაავადების შესახებ უნდა იცოდეთ

მხედველობის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დეფექტი არის მიოპია, იგივე ახლომხედველობა. რა იწვევს ამ დაავადებას? როგორია მისი სიმპტომები და შესაძლებელია თუ არა ახლომხედველობის პროფილაქტიკა?

რა არის ახლომხედველობა?

ეს არის თვალის დაავადება, რომლის დროსაც ადამიანი მისგან შორს მდებარე საგნებს ცუდად ხედავს, სამაგიეროდ, ახლოს ყველაფერს ზუსტად აფიქსირებს. ამ დეფექტს მიოპიასაც უწოდებენ.

თანამედროვე სამყაროში ახლომხედველობა საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მიოპიის გამო მხედველობის პრობლემა დედამიწის მოსახლეობის დაახლობით 30%-ს აქვს. ძალიან ხშირად ახლომხედველობა ადამიანს 7-დან 15 წლამდე ეწყება. ამის შემდეგ ის სტაბილურდება ან პროგრესირებს.

ახლომხედველობა თუ მიოპია? სწორი ტერმინი რომელია?

ახლომხედველობაზე პირველად, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში, არისტოტელე ლაპარაკობდა. ამ დაავადების შესახებ ის თავის ფილოსოფიურ ნაშრომებში წერდა. არისტოტელე აქცენტს აკეთებდა იმაზე, რომ მიოპიის მქონე ადამიანებმა თვალები უნდა მოჭუტონ, რადგან ეს მეთოდი მათ საგნების უკეთ აღქმაში ეხმარება. მხედველობის ამ დეფექტს მიოპია (ბერძნულიდან ითარგმნება როგორც „მოჭუტვა“) სწორედ არისტოტელემ უწოდა. დღეს უფრო ხშირად „ახლომხედველობა“ გამოიყენება, თუმცა ორივე ტერმინი სწორია.

ახლომხედველობა თანდაყოლილია თუ შეძენილი?

ექიმები ახლომხედველების ორ ტიპს განასხვავებენ: თანდაყოლილსა (დაავადება სტაბილური მუშაობის დარღვევებს იწვევს, თვალის გარსის განვითარებას აფერხებს) და შეძენილს (ახლომხედველობის ეს ტიპი ამა თუ იმ არასასურველი მოვლენის შედეგია, თუმცა მისი შეჩერება შესაძლებელია).

ექიმების აზრით, თუ მხედველობა ყოველწლიურად 1 დიოპტრიით (ლინზის ან ლინზათა სისტემის ოპტიკური ძალის ერთეული) იკლებს, მისი მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით არის რეკომენდებული. საჭირო ზომებს დროულად თუ არ მიიღებთ, ამან შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავლად ლაზერული კორექცია მიიჩნევა.

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს დროებითი ახლომხედველობა. ეს ტრანზიტორული დაავადებაა. ის 1-დან 2 კვირამდე გრძელდება. ხშირად ასეთი სიმპტომები აღენიშნებათ ფეხმძიმე ქალებს, შაქრიანი დიაბეტის ან პირველი დონის კატარაქტის მქონე ადამიანებს.

ბევრი ოფთალმოლოგი ახლომხედველობას ხარისხის მიხედვით ჰყოფს:
– დაბალი – -3 დიოპტრია;
– საშუალო – -3-დან -6 დიოპტრიამდე;
– მაღალი – -6 დიოპტრიაზე მეტი.

რა იწვევს ახლომხედველობას?

არსებობს რამდენიმე მიზეზი იმისა, რომ ადამიანი შორს განლაგებულ საგნებს ცუდად ხედავს:

– მიოპიის განვითარებისადმი გენეტიკური მიდრეკილება. ამ დროს მნიშვნელოვანი ფაქტორია, ერთ ან ორივე მშობელს აქვს თუ არა მიოპია. თუ დედ-მამა ახლომხედველია, ანალოგიური დაავადების ალბათობა მათი შვილის შემთხვევაში 50%-ს შეადგენს. თუ მშობლებს მხედველობის პრობლემა არ აქვთ, მაშინ რისკი 8%-მდე იკლებს.

– ორგანიზმში საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა. პირველ რიგში, მხედველობაზე მოქმედებს B და C ჯგუფის ვიტამინები, ასევე – ისეთი მიკროელემენტები, როგორიცაა მაგნიუმი, თუთია, სპილენძი და მარგანეცი. თითოეული მათგანი თვალის სკლერის ქსოვილის სწორად ჩამოსაყალიბებლად და განსავითარებლად აუცილებელია.

– თვალის ნებისმიერი დაძაბულობა, რომელიც გამოწვეულია ხანგრძლივი და შეუსვენებელი მუშაობით. აქვე შეიძლება დავასახელოთ ისეთი მიზეზები, როგორიცაა არასწორი განათება, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, წიგნთან, ტელეფონთან ან ტელევიზორთან საჭირო დისტანციის დაუცველობა და სხვ.

– მიოპიის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას კორექციის არ ჩატარება. თუ დაავადების სიმპტომებს უგულებელყოფთ, ახლომხედველობა პროგრესირდება და მხედველობად მნიშვნელოვნად გააუარესებს.

– არასწორად შერჩეული სათვალე ან კონტაქტური ლინზა, რომელიც მხედველობის კორექციის მიზნით ახლომხედველობის ადრეულ სტადიაზე გაიკეთეთ.

– თანდაყოლილი მიზეზი. ეს გულისხმობს თვალის კუნთების სისუსტეს. სწორედ ეს უკანასკნელია თვალის ბროლის ცვლილებაზე პასუხისმგებელი.

– მხედველობის ზოგიერთი დაავადება. მაგალითად, სიელმე, ასტიგმატიზმი და სხვ.

– შიდა ქალისა და თვალშიგა წნევის მატება. 

– სხვა მიზეზები, რომლებსაც შეიძლება მიეკუთვნებოდეს ინფექციური დაავადებების უმრავლესობა, ჰორმონალური დარღვევები, მშობიარობისა და ქალა-ტვინის ტრავმები. ყველა ეს პროცესი ორგანიზმის დასუსტებას იწვევს, რის გამოც თვალს საკვები ნივთიერებები არ მიეწოდება.

რა სიმპტომები აქვს ახლომხედველობას?

მიოპიის სიმპტომატიკა დაავადების ადრეულ ეტაპზე სუსტად გამოხატულია. ამ დროს მისი განვითარების დადგენა ოფთალმოლოგს შეუძლია. დამოუკიდებლად ახლომხედველობის განსაზღვრა შესაძლებელია შემდეგი მიზეზებით:

– დაძაბული მუშაობის დროს თვალის სწრაფად გადაღლა;
– შორეული საგნების ცუდი გარჩევადობა, რაც თვალის მოჭუტვას გაიძულებთ;
– თვალის ტკივილი, თვალში ქვიშის ჩაცვენის შეგრძნება, მომატებული ცრემლდენა;
– თავის ტკივილი.

რატომ არის ხშირი მიოპია სასკოლო ასაკის ბავშვებში?

ახლომხედველობა ხშირად სკოლის ასაკში ვითარდება. ამის მიზეზი არის ის, რომ მოსწავლის მხედველობის სისტემას ძლიერი დატვირთვა აქვს. ეს გამოწვეულია იმ ინფორმაციის მოცულობით, რისი ათვისებაც მათ უწევთ. თანამედროვე სამყაროში ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს გაჯეტების, ტელეფონებისა და კომპიუტერების არაზომიერი მოხმარება. ამის შედეგად ბავშვი შორს მდებარე საგნებს გარკვევით ვეღარ ხედავს, ამიტომ ცდილობს, დაფასთან ახლოს მივიდეს.

ოფთალმოლოგიაში არსებობს ტერმინი ფსევდომიოპია ან „ცრუ“ ახლომხედველობა. ნამდვილი მიოპიისგან განსხვავებით, ის სრულად იკურნება. თუმცა საამისოდ აუცილებელია, ექიმს პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოთ.
ფსევდომიოპია ყველაზე ხშირად მოსწავლეებს აქვთ. ის წარმოიქმნება იმიტომ, რომ აკომოდაციური კუნთის დატვირთვა იზრდება. მასზე განვითარებული სპაზმის შედეგად, ადამიანი კარგავს უნარს, შორეული საგნები მკაფიოდ დაინახოს. შესაძლებელია, ტკივილი წარმოიქმნას თვალის ან თავის არეში.

ცრუ ახლომხედველობის გამოწვევა შეუძლია ინფექციურ დაავადებებს, რევმატიზმს, ტუბერკულოზსა და სხვ. თუ ფსევდომიოპია პირველივე წელს შეამჩნიეთ, მისი განკურნება გაცილებით ადვილია. დაგვიანებულმა მკურნალობამ, შესაძლოა, ნამდვილ ახლომხედველად ჩამოგაყალიბოთ.

ახლომხედველობის მკურნალობა მის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. აუცილებელია, კვებისა და დღის რეჟიმის მოწესრიგება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოთ სამუშაო ადგილსა და განათებაზე. მხედველობასა და ზოგადად, ორგანიზმზე დატვირთვა მაქსიმალურად უნდა შეამციროთ.  თუ ექიმის რეკომენდაცია უკვე გაქვთ, მხედველობის კორექციისთვის სათვალის ან კონტაქტური ლინზის გამოყენებაა სასურველი. ასევე აუცილებელია თვალის კვებისთვის მედიკამენტების მიღება და სპეციალური ვარჯიშების გაკეთება.

არის თუ არა შესაძლებელი ახლომხედველობის პროფილაქტიკა?

ნებისმიერი დაავადების (მათ შორის ახლომხედველობის) შეჩერება გაცილებით იოლია, ვიდრე მისგან განკურნება. ამიტომ მიოპიის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზომების მიღება ადრეულია ასაკიდან არის რეკომენდებული.

აუცილებელია შემდეგი რეკომენდაციების შესრულება:

– თვალსა და მონიტორს (წიგნს, პლანშეტს და სხვ.) შორის, სულ ცოტა, 30-სანტიმეტრიანი დისტანცია დაიცავით. ამით თქვენ შეამცირებთ ძალისხმევას, რომელიც მხედველობის ფოკუსირებისთვის გჭირდებათ. ეს როგორც დროებითი, ისე მუდმივი მიოპიის განვითარების რისკს აგარიდებთ.

– აუცილებლად დაასვენეთ თვალები! რაც უფრო დიდხანს არის მხედველობა დაძაბული, ახლომხედველობის ჩამოყალიბების რისკი მით უფრო მაღალია. ამიტომ ყოველი 40-წუთიანი მხედველობითი დატვირთვის შემდეგ აუცილებლად უნდა შეისვენოთ.

– არ წაიკითხოთ დაწოლილ მდგომარეობაში და არც მოძრავ ტრანსპორტში (მანქანაში, მატარებელში, მეტროში და სხვ.), რადგან აკომოდაციურ აპარატს ყოველ წამს უწევს გადაწყობა, რაც აუცილებლად მის გადატვირთვას გამოიწვევს. თუ დაწოლილი წაიკითხავთ, მაშინ ერთი თვალი ყოველთვის უფრო დაშორებული იქნება ობიექტისგან, ვიდრე-მეორე, რაც ასევე გადაღლის თვალს.

– მნიშვნელოვანია, რომ ზურგი ყოველთვის გამართული გქონდეთ. სწორი პოზა მოგცემთ საშუალებას, რომ ობიექტს საჭირო და აუცილებელი კუთხით უყუროთ.

– აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება განათებას. სწორად შერჩეული შუქი თვალის გადაღლის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ყველაზე ოპტიმალური კი მზის შუქია. რადგან სამუშაო ადგილზე ამის მიღწევა თითქმის შეუძლებელია, აქცენტი ხელოვნურ შუქზე უნდა გააკეთოთ. საღამოს საათებში სამუშაო მაგიდაზე აუცილებლად დაიდგით სანათი.

– მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მხედველობა ულტრაიისფერი სხივების დამანგრეველი ზემოქმედებისგან დაიცვათ.

– ახლომხედველობის პროფილაქტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სწორი კვება. მინერალებისა და ვიტამინების ყოველდღე მიღება მხედველობის ორგანოს მისცემს საშუალებას, უკეთ იფუნქციონიროს და არ გადაიტვირთოს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0