close
კვლევებიმედიცინა

რა ვიცით პრეპარატ „რემდესივირის“ შესახებ, რომელიც, შესაძლოა, კორონავირუსის სამკურნალოდ გამოიყენონ?

კომპანია Gilead Sciences-ის მიერ შექმნილ ანტი-ვირუსულ პრეპარატ „რემდესივირზე“ ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა, რომელშიც 1 000-ზე მეტი კოვიდ ინფიცირებული მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ის პაციენტების 31 პროცენტით უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებას უწობს ხელს.
„შედეგებმა აჩვენა, რომ „რემდესივირს“ მნიშვნელოვანი, დადებითი ეფექტი აქვს გამოჯანმრთელების დროის შემცირებაზე. მიუხედავად იმისა, რომ 31 პროცენტიანი მაჩვენებელი 100 პროცენტი არ არის, ეს ამტკიცებს, რომ მედიკამენტს ვირუსის ბლოკირება შეუძლია,“ – განაცხადა აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.
აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მედიკამენტზე ჩატარებულმა ცდებმა ასევე აჩვენა, რომ ის, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებში სიკვდილიანობის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს.
„შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც „რემდესივირს“ ღებულობდნენ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 8 პროცენტი იყო, პლაცებოს ჯგუფში კი – 11.6 პროცენტი,“- აღნიშნულია აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუმცა, პრეპარატზე ჩატარებული კიდევ ერთი კვლევა ნაკლებად დამაიმედებელი აღმოჩნდა. „რემდესივირი“ ჩინეთში, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში გამოიყენეს, თუმცა არცთუ ისე ეფექტური აღმოჩნდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა „რემდესივირზე“ აშშ-ში ჩატარებულ კვლევაზე კომენტირებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ის ჯერჯერობით კვლევას სრულად არ გაცნობია.
ცნობისათვის, ანტი-ვირუსული პრეპარატი „რემდესივირი“ 2015 წელს ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა, თუმცა, ამ კუთხით, დადებითი შედეგები ვერ აჩვენა.

მასალა მოამზადა :  თამარ ტაბატაძემ 

წყარო : vice.com , reuters.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0