მას შემდეგ, რაც ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს, რუსეთში ფიქრობენ, რომ ის არც მეტი, არც ნაკლები რუსული პლანეტაა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ როსკოსმოსის ხელმძღვანელმა, დმიტრი როგოზინმა განაცხადა.
როგოზინის მტკიცებით, რუსები იყვნენ პირველები, ვინც ამ პლანეტის შესწავლა დაიწყეს და “მართალია ვენერაზე ჯოჯოხეთია”, “მაგრამ მაინც მათია”. ამავდროულად, როგოზინი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ასტრონომებმა ვენერაზე სიცოცხლის შესაძლო კვალს მიაგნეს.
როგოზინმა აღნიშნა, რომ ვენერას შესასწავლი ექსპედიცია, Venera-D, აშშ-სთან ერთად 2027-2029 წლებში ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ ახლა ფიქრობენ, დამოუკიდებელი რუსული ექსპედიცია უფრო ადრე, 2021-2030 წლებში გაუშვან, იმ არგუმენტით, რომ ვენერა “მაინც რუსული პლანეტაა”.
მეცნიერთა გუნდის თქმით, მათ ვენერას მჟავურ ღრუბლებში აღმოაჩინეს აირი, სახელად ფოსფინი, რომელიც მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენს მეზობელ პლანეტაზე მიკრობები შეიძლება არსებობდნენ.
მკვლევრებს თავად სიცოცხლის ფორმებისთვის არ მიუგნიათ, თუმცა საქმე ისაა, რომ ფოსფინი დედამიწაზე იმ ბაქტერიისგან წარმოიქმნება, რომელიც უჟანგბადო გარემოში არსებობს. ასტრონომთა საერთაშორისო გუნდმა ეს ნაერთი პირველად ჰავაიში მდებარე ჯეიმს კლერკ მაქსველის ტელესკოპით შენიშნა, შემდეგ კი აღმოჩენა ჩილეში მდებარე ატაკამას რადიო ტელესკოპით გადაამოწმა.
ფოსფინი — ფოსფორის ატომი, რომელზეც წყალბადის სამი ატომია მიერთებული — ადამიანებისთვის ძალიან მომწამვლელია.
მკვლევართა თქმით, მათ ვენერას ღრუბლებში ფოსფინის კონცენტრაციის არსებობის ამხსნელი არაბიოლოგიური წყაროები — ვულკანური მოვლენა, მეტეორიტები, ელვა და სხვადასხვა ქიმიური რეაქცია — გააანალიზეს, მაგრამ არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა დამაჯერებელი.
კვლევა ახლაც მიმდინარეობს, რათა მეცნიერებმა ან სიცოცხლის არსებობის დადასტურება შეძლონ, ან ალტერნატიულ ახსნამდე მივიდნენ.
წყარო : on.ge
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“