მსოფლიო მასშტაბით მრავალი კვლევაა ჩატარებული ბიპოლარულ აშლილობაზე.
მკვლევარების ძირითად ინტერესს წარმოადგენს, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანზე,
როდის ვლინდება და რა დამახასიათებელი თავისებურებები გააჩნია. ბიპოლარული
აშლილობა არის ფსიქიკური აშლილობა, რომელიც აწუხებს მსოფლიოს მოსახლეობის 1% –
ზე მეტს. მისი ქრონიკული მიმდინარეობა დაკავშირებულია ავადობისა და
სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებთან, რის გამოც ბიპოლარული აშლილობა
ახალგაზრდებში უუნარობის ერთ – ერთი ძირითადი მიზეზია (Eduard Vieta, 2018) .
პაციენტების დაახლოებით 25 % – ს, სუიციდის მცდელობა ჰქონიათ. ამერიკის
შეერთებულ შტატებში, ბიპოლარული აშლილობის გავრცელების პრევალენტობა
მერყეობს მოსახლეობის 1 % – დან 1,6 % – მდე (Donald M. Hilty, 1999) .
ადამიანს, რომელსაც აქვს ბიპოლარული აშლილობა, შესაძლოა უარყოფითი გავლენა
მოახდინოს მის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ბიპოლარული აშლილობა შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ, როგორც
წესი, დაწყება ხდება დაახლოებით 25 წლის ასაკში (Smitha Bhandari, 2019) . თუმცა,
კვლევებით დასტურდება, რომ ის ძირითადად თავს იჩენს მოზარდებში და გრძელდება
მთელი ცხოვრების განმავლობაში. ბიპოლარული აშლილობა არის კომპლექსური, მძიმე
და მრავალფაქტორული განწყობის აშლილობა (V Bergink, 2016) .
ბიპოლარული აშლილობით დაავადებულ პაციენტთა დაახლოებით 55% -ს, ასევე აქვთ
სულ მცირე ერთი თანმხლები შფოთვითი აშლილობა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს
შფოთვას, პანიკურ აშლილობას, პოსტ ტრამვულ სტესულ აშლილობას ან სოციალურ
ფობიას. შფოთის არსებობა კორელაციაშია ბიპოლარული აშლილობის სიმძიმის
ზრდასთან (Sajatovic, 2010) .
ბიპოლარული აშლილობა შეიძლება იყოს ქრონიკული ან ეპიზოდური (რაც ნიშნავს იმას,
რომ ხდება ზოგჯერ და არა რეგულარული ინტერვალებით) ფსიქიკური აშლილობა. მან
შეიძლება გამოიწვიოს განწყობის, ენერგიის, აქტივობის, კონცენტრაციისა და
ფოკუსირების უჩვეულო, ხშირად უკიდურესი და მერყევი ცვლილებები. ბიპოლარულ
აშლილობას ხანდახან უწოდებენ მანიაკალურ დეპრესიულ აშლილობასაც, რომლებიც
2
ძველი ტერმინებია. თითოეული ადამიანი, ცხოვრებაში განიცდის აღმასვლას და
დაღმასვლას, მაგრამ ბიპოლარული აშლილობა განსხვავებულია. განწყობის
ცვლილებების დიაპაზონი შეიძლება იყოს უკიდურესი. მანიაკალური ეპიზოდის დროს,
ადამიანი თავს შეიძლება გრძნობდეს ძალიან ბედნიერად, იყოს გაღიზიანებული ან
ამაღლებული და აქტიურობის დონე მკვეთრად გაიზარდოს. დეპრესიული ეპიზოდის
დროს, ვიღაც შეიძლება იყოს ძალიან სევდიანი, ინდიფერენტული, ან უიმედო და ამავე
დროს აქტიურობის დონე იყოს ძალიან დაბალი. ზოგიერთ ადამიანს აქვს ჰიპო
მანიაკალური ეპიზოდები, რომლებიც ჰგავს მანიაკალურ ეპიზოდებს, თუმცა ნაკლებად
მწვავე და პრობლემურია (Bipolar Disorder, 2018) .
მიუხედავად იმისა, რომ ბიპოლარული აშლილობის დროს, განწყობის ეპიზოდი შეიძლება
შედგებოდეს მხოლოდ მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდებისაგან, იგი ასევე
შეიძლება მოიცავდეს ორივეს ერთად (Ursula McCormick, 2015) .
მაგალითად, ჰოლანდიელი კოჰორტას შთამომავლების 88 % – ს, რომელთაც
განუვითარდათ ბიპოლარული სპექტრის აშლილობა, თავდაპირველად დეპრესიული
ეპიზოდით გამოირჩეოდა. ბიპოლარული აშლილობის გარდასახვის საშუალო დრო 5,1
წელია (Eduard Vieta, 2018) .
ბიპოლარული აშლილობის ტიპები
არსებობს ბიპოლარული აშლილობის ორი ძირითადი ტიპი. ორივე მათგანი იწვევს
განწყობის, ენერგიის დონის ცვლილებებს. ეს განწყობები მერყეობს ძალიან
ამაღლებული, ენერგიული ქცევის ან აქტივობის გაზრდილი დონიდან (მანიაკალური
ეპიზოდები) დაქვეითებული, უიმედო და აქტივობის დაბალ დონემდე (დეპრესიული
ეპიზოდები) (Bipolar Disorder, 2018) (Ursula McCormick, 2015) .
ბიპოლარული აშლილობა I მიჩნეულია, როგორც მანიაკალური ეპიზოდი, რომლის
ხანგრძლივობა სულ მცირე 7 დღეა და განისაზღვრება მანიის მინიმუმ ერთი ეპიზოდის
არსებობით. არის ისეთი შემთხვევები, როდესაც მანიაკალური სიმპტომები ისეთი
მწვავეა, რომ საჭირო ხდება ჰოსპიტალური მკურნალობა. ჩვეულებრივ, ცალკეული
დეპრესიული ეპიზოდებიც მიმდინარეობს, რომელიც გრძელდება სულ მცირე ორი კვირა.
ასევე, შესაძლებელია განწყობის დარღვევის ეპიზოდები შერეულ მახასიათებლებთან
ერთად (ერთდროულად აქვთ დეპრესია და მანიაკალური სიმპტომები).
3
ბიპოლარული აშლილობა II დეპრესიული და ჰიპო მანიაკალური ეპიზოდებით
ხასიათდება, მაგრამ არა ზემოთ აღწერილი სრული მანიაკალური ეპიზოდებით (Bipolar
Disorder, 2018) .
ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები და ხანგრძლივობა
ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები შეიძლება იყოს განსხვავდებული. ინდივიდი,
რომელსაც აქვს ბიპოლარული აშლილობა, შეიძლება ჰქონდეს მანიაკალური ეპიზოდები,
დეპრესიული ეპიზოდები ან შერეული ეპიზოდები. შერეული ეპიზოდი მოიცავს, როგორც
მანიაკალურ, ასევე დეპრესიულ სიმპტომებსაც. განწყობის ასეთი ეპიზოდების არსებობა,
იწვევს სიმპტომებს, რომელიც გრძელდება ერთი ან ორი კვირის განმავობაში, შეიძლება
უფრო დიდ ხანსაც გაგრძელდეს. ეპიზოდის დროს, სიმპტომები გრძელდება ყოველდღე,
დღის უმეტეს მონაკვეთში. განწყობის ეპიზოდები ინტენსიურია. გრძნობები
ინტენსიურია და ხდება ქცევის, ენერგიის დონის ან აქტივობის დონის ცვლილებები,
რომელიც გარშემო მყოფებისთვის შესამჩნევია. ბიპოლარული აშლილობის მქონე
ზოგიერთ ადამიანს, შეიძლება ჰქონდეს უფრო მსუბუქი სიმპტომები, სხვებთან
შედარებით. მაგ: ჰიპო მანიაკალური ეპიზოდის დროს, შეიძლება ადამიანი ძალიან კარგად
გრძნობდეს თავს, იყოს ძალიან პროდუქტიული, მან შეიძლება ვერც იგრძნოს, რომ რაიმე
ისე ვერ არის. თუმცა, ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა შეიძლება შეამჩნიონ გუნება-
განწყობისა და აქტივობის დონის ცვლილებები, რადგან ქცევა ჩვეულებისამებრ
განსხვავებულია და მწვავე დეპრესიამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი ჰიპო
მანიაკალური ეპიზოდები (Bipolar Disorder, 2018) .
კვლევებით დადასტურებულია, რომ ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტები,
დეპრესიის ეპიზოდებს უფრო ხშირად და ხანგრძლივად განიცდიან, ვიდრე მანიაკალურ
ან ჰიპო მანიაკალურ ეპიზოდებს. განწყობის ეპიზოდების ხანგრძლივობა ცვალებადია.
ჰიპო მანიაკალური ეპიზოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში,
მანიაკალური ეპიზოდი კვირიდან თვეებამდე, ხოლო დეპრესიული ეპიზოდი შეიძლება
გახანგრძლივდეს თვეებიდან წლებამდე (Ursula McCormick, 2015) .
გამომწვევი მიზეზები – რისკ ფაქტორები
4
საინტერესოა, რა არის ის ფაქტორები, რომლის ზემოქმედების შედეგად, ვლინდება
ბიპოლარული აშლილობა. მრავალი კვლევაა ამის შესახებ ჩატარებული და მიღებულმა
შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს ისეთი გარემო ფაქტორები, რომლებიც იწვევს
ბიპოლარულ აშლილობას. ესენია: სტრესი, ალკოჰოლი, სხვადასხვა ნივთიერებების
ბოროტად გამოყენება და ძილის ნაკლებობა (ინსომნია).
ანტიდეპრესანტების გამოყენება დეპრესიული ხასიათის მქონე ახალგაზრდებში,
შეიძლება იყოს რისკ ფაქტორი, რადგან ანტიდეპრესანტებმა, შეიძლება გამოიწვიონ ჰიპო
მანიაკალური სიმპტომები.
თამბაქოს მოხმარება ასოცირებულია ფსიქიკური აშლილობების მომატებულ რისკთან,
დეპრესიიდან შიზოფრენიამდე. დედის მიერ თამბაქოს მოხმარებაც კი ზრდის რისკს,
რომ მის შთამომავალს ჰქონდეს ბიპოლარული აშლილობა (Eduard Vieta, 2018) .
ძილის დაქვეითება, ზრდის რისკს, ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანში, გამოვლინდეს
მანიის ეპიზოდი (Smitha Bhandari, 2019) .
დიდ ბრიტანეთში, 3140 ბიპოლარული აშლილობის მქონე კვლევის მონაწილემ (68%
ქალი) აღნიშნა, რომ ძილის დაქვეითებამ გამოიწვია მაღალი ან დაბალი განწყობის
ეპიზოდები (66% BD-I). მათი საშუალო ასაკი 46.44 წელია. მაღალი განწყობის ეპიზოდების
მაჩვენებელი, დაკავშირებულია მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან. უფრო
დეტალურად კი, მონაწილეების 20 % – მა განაცხადეს, რომ ძილის დაქვეითებამ
გამოიწვია მანიის ან ჰიპომანიის ეპიზოდები. 11,4 % – მა კი აღნიშნა, რომ მათ
შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა დეპრესიულ ეპიზოდს.
მამრობითი სქესის წარმომადგენლებსა და იმ მონაწილეებთან შედარებით, რომელთაც
ჰქონდათ ბიპოლარული აშლილობის II დიაგნოზი, მდედრობითი სქესის
წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ ბიპოლარული აშლილობის I დიაგნოზი,
აცხადებდნენ, რომ ძილის დაქვეითებამ გამოიწვია მაღალი განწყობის ეპიზოდები (Katie
Swaden Lewis, 2017) .
ბიპოლარული აშლილობის დროს, მამაკაცებს შეიძლება ჰქონდეთ მანიაკალური
ეპიზოდი, ხოლო ქალები ხშირად განიცდიან დეპრესიულ მდგომარეობას (Smitha Bhandari,
2019) .
ბიპოლარული აშლილობა ხშირად გვხვდება ოჯახებში და კვლევის თანახმად, ეს
ძირითადად მემკვიდრეობით აიხსნება. გარკვეული გენების მქონე ადამიანებს უფრო
5
ხშირად აქვთ ბიპოლარული აშლილობა, ვიდრე სხვებს. ოჯახური ისტორია ბიპოლარული
აშლილობის ერთ-ერთი მყარი რისკ ფაქტორია (Eduard Vieta, 2018) .
საკმაოდ ბევრი მკვლევარია დაინტერესებული, რომ გამოიკვლიონ, თუ რამდენად დიდ როლს
თამაშობს გენეტიკური ფაქტორი ფსიქიკური აშლილობის აღმოცენებაში. კერძოდ, ჩატარებული
კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ბიპოლარული აშლილობა, ჰყავს სულ
მცირე ერთი ახლო ნათესავი დეპრესიით ან ბიპოლარული აშლილობის მქონე.
ბავშვს, რომელსაც ერთი მშობელი ჰყავს ბიპოლარული აშლილობით, 10 % – დან 25 % – მდე აქვს
შანსი, რომ მასაც განუვითარდეს მომავალში. იმ შემთხვევაში, თუ ორივე მშობელს აქვს
აღნიშნული ფსიქიკური აშლილობა, მაშინ ეს შანსი იზრდება 10 % – დან 50 % – მდე. თუ არა
იდენტურ ტყუპ და-ძმას აქვს დარღვევა, შანსი, რომ სხვა და-ძმას ექნება, დაახლოებით
10% – 25% – ია. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ოჯახის წევრებში, ბიპოლარული
აშლილობა, შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს (Smitha Bhandari, 2019) .
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გამომწვევი მიზეზი, მხოლოდ გენები არ არის.
კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ მაშინაც კი, როდესაც ერთ ტყუპს განუვითარდა
ბიპოლარული აშლილობა, მეორე ტყუპს შეიძლება არ ჰქონდეს. ასევე, ადამიანს, რომლის
მშობელს ან დედ – მამის შვილს აქვს ბიპოლარული აშლილობა, უფრო მეტად არიან
მიდრეკილნი, მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ოჯახის წევრებს აქვთ
ბიპოლარული აშლილობა, მათ კი არა (Bipolar Disorder, 2018) .
ცნობილი ფაქტია, რომ გარემო პირობები ზემოქმედებს ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ
ჯანმრთელობაზე, პროფესიულ ფუნქციონირებაზე და პირად ურთიერთობებზე (Ursula
McCormick, 2015) .
აქედან გამომდინარე, ბავშვობაში გადატანილი არასასურველი მოვლენები (ბავშვობის
ტრამვა, მშობლის დაკარგვა, ახალი სამსახური ან სამსახურის დაკარგვა, ოჯახური
უთანხმოება) რისკ ფაქტორია იმისა, რომ მოგვიანებით განვითარდეს ბიპოლარული
აშლილობა (V Bergink, 2016) (Smitha Bhandari, 2019) .
ასაკი
უმეტეს შემთხვევაში ბიპოლარული აშლილობა იწყება გვიან მოზარდობაში
(თინეიჯერობის ასაკში) ან ადრეულ ზრდასრულობაში და შეიძლება გაგრძელდეს მთელი
ცხოვრების განმავლობაში. ზოგჯერ, ბიპოლარული აშლილობა შეიძლება გამოვლინდეს
6
ბავშვებშიც. ბიპოლარული აშლილობა ხშირად მოითხოვს ხანგრძლივ მკურნალობას და
თავისით არ ქრება (Bipolar Disorder, 2018) .
დანიაში ჩატარდა კვლევა, რომელიც მიმდინარეობდა 1980 წლიდან 1998 წლამდე,
მონაწილეთა რაოდენობა შეადგენდა 980 554 ადამიანს. კვლევის მიზანი იყო, დაედგინათ,
რამდენად არსებობდა რისკი იმისა, რომ ბავშვობაში გადატანილი არასასურველი
ცხოვრებისეული მოვლენები, რომელიც განსხვავდებოდა, როგორც სიხშირით, ასევე
სიმძიმით, შემდგომში გამოეწვია ბიპოლარული აშლილობა. 2235 მონაწილეს დაუდგინდა
ბიპოლარული აშლილობა (1392 მდედრ. 843 მამრ). მდედრობით სქესთა
წარმომადგენლებში, საშუალო ასაკი 23 წელია. ბიპოლარული აშლილობის მქონე 686 (30.7
%) მონაწილეს, 21 წლის ასაკში დაესვათ დეპრესიის დიაგნოზი. მათ ჰქონდათ,
მანიაკალური ან ჰიპო მანიაკალური ეპიზოდები, დეპრესიული ეპიზოდის შემდეგ. 1549
კოჰორტაში, ჰიპო მანია იყო ბიპოლარული აშლილობის პირველი რეგისტრირებული
ეპიზოდი. უფრო მეტიც, 59 ადამიანს, დაესვა ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი 15
წლამდე ასაკში. აღნიშული კვლევით, დადგინდა, რომ ოჯახური უთანხმოება ზრდის
რისკს, რომ მოგვიანებით გამოვლინდეს ბიპოლარული აშლილობა და ასევე, სომატური
დაავადება ზრდის ბიპოლარული აშლილობის რისკს იმ შემთხვევაში, თუ ის
კომბინაციაშია, ცხოვრების არასასურველ მოვლენასთან (V Bergink, 2016) .
ასევე, საინტერესოა კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა ამერიკის შეერთებულ
შტატებში და ევროპის ორ ქვეყანაში (ნიდერლანდები და გერმანია), ბიპოლარული
აშლილობის მქონე 500 – ზე მეტ ადამიანში, რომელთა საშუალო ასაკი 42 წელია. აშშ-ს
პაციენტებში, ორჯერ მეტი შემთხვევა იყო ბავშვობის არასასიამოვნო მოვლენების და
გენეტიკური ფაქტორის მხრივ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ევროპის პაციენტების
მხოლოდ 2 % – ს ჰქონდა ბავშვობაში დაწყებული ბიპოლარული აშლილობა, ხოლო აშშ – ში
კი 22 % -ს. აშშ-ს პაციენტთა 61 % – ს ბიპოლარული აშლილობა დაეწყოთ 19 წლის ასაკში,
რაც ორჯერ მეტია, ევროპის შედეგებთან (30 %).
ამერიკის შეერთებულ შტატებში პერლისმა და მისმა კოლეგებმა ჩატარებული კვლევით
დაადგინეს, რომ ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტების 28 % – ს 13 წლის ასაკში
დაეწყოთ აღნიშნული აშლილობა. 66 % – ს კი 20 წლის ასაკში (Robert M. Post, 2008) .
ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის გზები
7
როგორც უკვე აღინიშნა, ბიპოლარული აშლილობის მკურნალობა რთული, ხანგრძლივი
და საყურადღებო პროცესია. ის შეიძლება იყოს სუიციდის, სამსახურის დაკარგვისა და
ოჯახური უთანხმოების გამომწვევი მიზეზი, მაგრამ სათანადო მკურნალობა უკეთეს
შედეგებს იძლევა (Bipolar Disorder, 2018) . ამიტომ, სპეციალისტის კონსულტაციის შედეგად,
საჭიროა მკურნალობის ჩატარება, როგოც მედიკამენტური, ასევე ფსიქოთერაპიული
გზით.
ფარმაკოლოგიური მკურნალობა ფუნდამენტურია ბიპოლარული აშლილობით
დაავადებულთა წარმატებული მართვისთვის. მწვავე ეპიზოდების დროს, მკურნალობის
მიზანია სიმპტომების შემცირება (Ursula McCormick, 2015) . ის იძლევა საშუალებას,
გაკონტროლდეს ბიპოლარული აშლილობის სიმპტომები. ზოგ ადამიანს სჭირდება
სცადოს რამდენიმე განსხვავებული მედიკამენტი და დააკვირდნენ მკურნალ ექიმთან
ერთად, სანამ საუკეთესოს არ მიაგნებენ. ყველაზე გავრცელებული მედიკამენტი,
რომელსაც მკურნალი ექიმი ნიშნავს, არის განწყობის მარეგულირებელი (Bipolar Disorder,
2018) .
ფსიქოთერაპია
ფსიქოთერაპია, მკურნალობის სხვადასხვა ტექნიკებიდან ერთ-ერთი მეთოდია, რომლის
მიზანია, დაეხმაროს ადამიანს, განსაზღვროს და ცვლილებები შეიტანოს მის ემოციებში,
ფიქრებსა და ქცევებში. ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს, ფსიქოთერაპია
აძლევს განათლებას, უნარებსა და სტრატეგიებს. ფსიქოთერაპია, ხშირად მედიკამენტურ
მკურნალობასთან ერთად კომბინირებულად გამოიყენება, რასაც მოაქვს უკეთესი შედეგი
(Bipolar Disorder, 2018) . ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებში, ფსიქოთერაპია
წარმოადგენს მკურნალობის ერთ-ერთ გზას, რომელიც ამცირებს თანმხლები დეპრესიისა
და შფოთვის სიმპტომებს (Joseph M. Cerimele, 2014) .
ფსიქო-სოციალური თერაპია
ფსიქო-სოციალური მკურნალობა, ინდივიდუალური ფსიქოთერაპიის ჩათვლით, ასევე
საგანმანათლებლო და დამხმარე ჯგუფური თერაპიები, სულ უფრო განიხილება
ბიპოლარული აშლილობის მკურნალობის განუყოფელ ნაწილად. ფსიქო-სოციალური
მკურნალობის საერთო კომპონენტებია, დაავადების შესახებ განათლება, მიმდინარე
8
მკურნალობაზე ფოკუსირება და საკუთარი თავის მოვლა. საინტერესოა, რომ ფსიქო-
სოციალურ მკურნალობას შორის, ეფექტურობის ყველაზე ძლიერი მტკიცებულებაა
პაციენტებისა და აღმზრდელების ჯგუფური ფსიქოლოგიური განათლება. ამ მიდგომის
ხანგრძლივი დროით დაცვა განაპირობებს, მკურნალობის დროის შემცირებას (Ursula
McCormick, 2015) .
როგორც ზემოაღნიშნული კვლევებიდან ჩანს, ფსიქიკური აშლილობა ხელს უშლის
ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებას და აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე და
ზიანს აყენებს მათ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან (Ursula McCormick, 2015) .
იმისათვის, რომ ადამიანის მდგომარეობა გახდეს უკეთესი, საჭიროა კომპლექსური
მკურნალობა და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება.
Bibliography
1. Bipolar Disorder. (2018). National Institute of Health .
2. Donald M. Hilty, M. T. (1999). A Review of Bipolar Disorder Among Adults. Psychiatric Services .
3. Eduard Vieta, M. P. (2018). Early Intervention in Bipolar Disorder. The American Jornal of Psychiatry .
4. Joseph M. Cerimele, M.-F. C. (2014). Bipolar Disorder in Primary Care:Clinical Characteristics of 740
Primary Care Patients With Bipolar Disorder. Psychiatric Services .
5. Katie Swaden Lewis, K. G.-S. (2017). Sleep loss as a trigger of mood episodes in bipolar disorder:
individual differences based on diagnostic subtype and gender. The British Journal of Psychiatry .
6. Robert M. Post, D. A. (2008). Incidence of childhood-onset bipolar illness in the USA and Europe. The
British Journal of Psychiatry .
7. Sajatovic, K. K. (2010). Patient, Treatment, and Systems-Level Factors in Bipolar Disorder
Nonadherence: A Summary of the Literature. CNS Neuroscience & Therapeutics .
8. Smitha Bhandari, M. (2019). WebMD. Retrieved from https://www.webmd.com/bipolar-
disorder/guide/bipolar-disorder-whos-at-
risk?fbclid=IwAR2nYgm88zS9W2cYBJyZZC3syfj9aOt9K70sPJ8Hmd4i2n2z6bsoY-LPrvg#1
9. Ursula McCormick, M. R.-B.-B. (2015). Diagnosis and treatment of patients with bipolar disorder:A
review for advanced practice nurses. Journal of the American Association of Nurse Practitioners .
9
10. V Bergink, J. L.-O. (2016). Childhood adverse life events and parental psychopathology as risk factors
for bipolar disorder. Translational Psychiatry
მასალა მოამზადა : ნინო ჩხაიძე
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“