საომარ მოქმედებებს შეწირული ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ეთნიკური წმენდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი ასეულობით ათასი ოჯახი… ასეთია აფხაზეთის ომის 13 თვისა და 13 დღის შედეგები…
ამ ომს შეწირული რამდენიმე ახალგაზრდა მებრძოლის ისტორიას გაგახსენებთ…
ღიმილის ბიჭები იყვნენ. სიცოცხლეზე და სამშობლოზე უანგაროდ შეყვარებულებმა, სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლეს.
იცოდნენ სად მიდიოდნენ. ისიც იცოდნენ, რომ უთანასწორო ბრძოლიდან შეიძლება ცოცხლები ვეღარ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ მაინც წავიდნენ. მერე ზეციურ საქართველოში გადაინაცვლეს და ისტორიას თანამედროვე ღიმილის ბიჭებად შემორჩნენ…
გიორგი 18 წლის იყო, დათო 24-ის, საშა 41 წლის, ლევანი ნიკა და ირაკლი 29 წლისები… აფხაზეთთან ერთად დაკარგული თაობა მთელმა ერმა დაიტირა.
ლევან აბაშიძე
როცა ომი დაიწყო, ერთდროულად სამ ფილმში იღებდნენ. ლევან აბაშიძეს სიგიჟემდე უყვარდა თავის პროფესია, მაგრამ მაინც წავიდა. 29 წლის იყო, ზემო ეშერასთან რომ დაიღუპა.
გადასაღებ მოედანზე პირველად მეშვიდეკლასელი მოხვდა. თეატრში დიდხანს არ გაჩერებულა, მხოლოდ ერთი სპექტაკლი ითამაშა.
სულ 15 ფილმში მიიღო მონაწილეობა, მომდევნო სამის გადაღებები დაწყებული იყო და მისი გარდაცვალების გამო შუა გზაზე გაჩერდა. „არა, მეგობარო“ ლევან აბაშიძის უკანასკნელი როლი აღმოჩნდა.
ირაკლი ამირეჯიბი
ლევან აბაშიძე და ირაკლი ამირეჯიბი განუყრელი მეგობრები იყვნენ. ის ჭაბუა ამირეჯიბის უფროსი შვილი იყო. გამორჩეული გარეგნობის გამო მთელ თბილისს უყვარდა… ‘
29 წლის იყო, აფხაზეთის ომში, რომ ლიტველმა სნაიპერმა ქალმა გამოასალმა სიცოცხლეს.
ლიტვაში მიიღო სამხედრო განათლება და საზღვარგარეთ მუშაობდა. აფხაზეთის ომის დროს თბილისში დაბრუნდა. ტელევიზიით შეიტყო, რომ ომში მისი მეგობარი ლევან აბაშიძე დაიღუპა და იმ დღესვე წავიდა საბრძოლველად.
„ომის ყველას ეშინია, მაგრამ ვაჟკაცობა ის არის, შიშს რომ აჯობებო“- ამ სიტყვებით გამომეშვიდობა დედას და წავიდა. ჭაბუას დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე მოკლეს ომში.
მამამისს მეორე დღეს ტელეფონზე დაურეკეს და შვილის სიკვდილით „მიულოცეს“ იუბილე… როგორც შემდეგ გაირკვა, 17 ნოემბერს, ტამიშთან უცხოელების მანქანა ააფეთქეს.
ირაკლიმ მანქანიდან დაშავებული ქალი გადმოიყვანა და სწორედ მაშინ ესროლა ლიტველმა სნაიპერმა ქალმა.
გიორგი რაზმაძე
გიორგი რაზმაძე 18 წლის იყო… სახლში მოიტყუა რაჭაში მივდივარო.
მესამე დღეს სოხუმში, ბრძოლის წინა ხაზიდან 30 მეტრის იქით იპოვეს დაღუპული…
ჯერ დაკრძალული არ იყო, როცა საშკა იოსელიანმა ოჯახს კადრები ჩამოუტანა… ასე დასრულდა მწვანეთვალება ბიჭის მოკლე ისტორია, რომელსაც დიდი გეგმები და მომავალი ჰქონდა.
საშკა იოსელიანი
1993 წელს აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა მსახიობი და ჟურნალისტი, საშა იოსელიანი. არაერთი დაუვიწყარი როლი შექმნა თეატრსა და კინოში.
მის უკვდავსაყოფად ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ 2009 წელს მისი ძეგლი გაიხსნა.
დავით ბოლქვაძე
23 წლის წინ, 1993 წლის 28 ოქტომბერს, სამეგრელოში ჟურნალისტი დათო ბოლქვაძე და რამდენიმე სამხედრო ტყვე დახვრიტეს.
ბიჭი, რომელიც აფხაზეთის ომში ჩეჩენის, კაზაკისა და რუსის ტყვიას გადაურჩა, ქართველმა დახვრიტა. მხოლოდ იმის გამო, რომ თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ხობის რაიონული ცენტრის მოედანზე, სამოქალაქო დაპირისპირების დროს, დათოსთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა დახვრიტეს.
ნიკა თხელიძე
ნიკა თხელიძე 29 წლის იყო, რომ აფხაზეთის ომში იბრძოდა. როცა ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავი ჩამოვარდა, სხვა მგზავრებთან ერთად ისიც დაიღუპა…
რვა წლის განმავლობაში, ოჯახმა არ იცოდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. აფხაზეთის ომში წასვლიდან მთელი რვა წელი, სახლში ყოველდღე ელოდებოდნენ.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”