ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში, სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს პროფესიონალები სცემენ პასუხს.
პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „ დავითიანნის“ მხარდაჭერით.
დარეჯან თოროლდავა – კლინიკური ფსიქოლოგი , ფსიქოთერაპევტი
ბავშვის კითხვაზე “რა არის სექსი“; რა ინფორმაცია შეიძლება მივაწოდოთ და როგორ
ავუხსნათ? რომელ ასაკს რა თავისებურებებით შეიძლება მივაწოდოთ ეს ინფორმაცია ?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის სექსუალური განათლების თემა ტაბუირებულია, მისი აქტუალობა და მნიშვნელობა უდავოა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ბავშვებზე და მოზარდებზე სექსუალური ძალადობის, პედოფილიის გახშირებული ფაქტები კიდევ უფრო ხაზს უსვამს სექსუალური განათლების საჭიროებას.რაც მეტად სწორად არის ბავშვი/მოზარდი ინფორმირებული,მით მეტად არის დაცული სექსუალური ხასიათის ძალადობისა და სხვა არასასურველი შედეგებისაგან.ცოდნა და ღიაობა უკეთ იცავს ბავშვს, ვიდრე აკრძალვა და პრობლემის უგულებელყოფა.
სექსუალური განათლება მოიცავს ისეთ თემებს როგორიცაა:
სქესობრივი განვითარება;
ინტიმური ჰიგიენა;
სქესთა შორისი ურთიერთობები;
რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ( სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, არასასურველი ფეხმძიმობა, აბორტი).
ბავშვის სექსუალური განათლება უნდა იწყებოდეს პატარაობიდან, არაფორმალური განათლებით, კერძოდ კი – მშობლების დახმარებით; ისინი უნდა აწვდიდნენ ბავშვებს ინფორმაციას თავიანთი სხეულის, ემოციების შესახებ, შემდეგ ეს განათლება უნდა გრძელდებოდეს სკოლაში.სამწუხაროდ, დღეს სკოლა ამ როლს ვერ ასრულებს, მშობლები კი იშვიათად ელაპარაკებიან ან არ იციან როგორ ელაპარაკონ ბავშვებს ამგვარ საკითხებზე.
მშობელთა უმეტესი ნაწილი თავს არიდებს ბავშვებთან სექსუალურ თემებზე საუბრის დაწყებას, რადგან :
1.ტაბუდადებული თემის მიმათ უხერხულობას განციდის ;
2. თავადაცარ იცის თუ რა ინფორმაცია და როგორი ფორმით შეიძლება მიაწოდოს ბავშვს.
სექსუალური აღზრდა ხორციელდება უწყვეტად და ადრეული ბავშვობის ასაკიდან იწყება. განვითარების ფსიქოლოგიაში ადამიანის სექსუალური განვითარება იწყება დაბადებიდანვე. ბავშვი იბადება როგორც სექსუალობის მატარებელი. მისი სექსუალობა განვითარების მიხედვით გადის გარკვეულ ეტაპებს.ამ ეტაპებზე ის ვლინდება სხვადასხვა ფორმით და იძენს განსხვავებულ მნიშვნელობას.ბავშვის ადრეული სექსუალური ქცევა, ცნობისმოყვარეობა და უხერხული შეკითხვები ხშირად აბნევს უფროსებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ,რომ ბავშვური სექსუალურობა განსხვავდება უფროსების სექსუალურობისგან.
როდესაც ბავშვი იწყებს შეკითხვების დასმას, ეს იქნება ფილმის ნახვის, თანატოლებისგან გაგებული ინფორმაციის, მისთვის უცნობი სიტყვების მოსმენის ფონზე. ინფორმაციის მიწოდების ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოს მშობელმა ან აღმზრდელმა, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვი მიიღებს ინფორმაციას სხვა წყაროებიდან (ეზო, ქუჩა), შეცვლილი და დამახინჯებულ ფორმით.როდესაც მშობელი არ არის მზად შვილთან ამ საკითხებზე გულახდილად საუბრისათვის, ის თავს არიდებს შეკითხვებზე პასუხის გაცემას ან იწყება მისტიური ისტორიების მოყოლა, რასაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს და შესაბამისად, ბავშვი იღებს დამახინჯებულ ინფორმაციას.გარდა ამისა, მშობელს შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სირთულეები ბავშვის სექსუალური ქცევის მართვასთან დაკავშირებით ან აღელვებდეს მისი უსაფრთხოების საკითხი,რომლის სწორ გადაწყვეტაში დაბნეული იყოს.
საჭიროა თუ არა ადრეული ასაკიდან ბავშვთან სექსზე საუბარი?ან როგორ ველაპარაკო სექსზე პატარა ბავშვს?
რეკომენდაციები, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა ან აღმზრდელებმა ბავშვებთან სექსუალური თემების საკითხებზე საუბრისას
რა ასაკიდან და რა ფორმით უნდა დავიწყოთ სექსუალურ თემებზე საუბარი ბავშვებთან?
სხვა ქვეყნების მაგალითმა აჩვენა, რომ ბავშვებთან ადრეულ ასაკში ამ თემაზე საუბრის დაწყება ნორმალურია, თუმცა საამისოდ გარკვეული ფორმები არსებობს.
სანამ ბავშვი სექსუალური თემების ირგვლივ კითხვებს დასვამს, მან თავისი სხეულის შესწავლა უნდა შეძლოს უფროსების განსჯის გარეშე. ბავშვმა უნდა იცოდეს საკუთარი სხეულის ნაწილები, მათ შორის ის, რაც მუცელსა და მუხლებს შორისაა-სწორი დასახელებით.(პენისი, ვულვა) მათთვის ზედმეტსახელების შერქმევა სწორედ ამ თემაზე პირდაპირი საუბრისგან თავის არიდებაა.
ბავშვებს, რომელთა მშობლებიც “პენისის” ან “ვაგინის” ხმამაღლა წარმოთქმისას არ წითლდებიან, თავისი სხეულის არ რცხვენიათ. ეს მიდგომა რეკომენდირებულია იმიტომ, რომ სექსუალური ძალადობის ერთგვარი პრევენციაა. ასეთ პირობებში გაზრდილმა ბავშვებმა იციან, თუ რა სახის შეხებაა მიუღებელი და სხვებისგან,კერძოდ სექსუალური მოძალადეებისგან თავი როგორ უნდა დაიცვან.რომ მათი სხეული მხოლოდ მათ ეკუთვნით და არსებობს „კარგი და ცუდი შეხება“.
რომელ ასაკში იწყებენ ხშირად კითხვების დასმას
როგორც წესი, პატარებს აინტერესებთ ხოლმე, საიდან გაჩდნენ ისინი. ასეთი კითხვები მათ 4-5 წლიდან უჩნდებათ ხოლმე. მათ აინტერესებს, როგორ დაიბადნენ და საერთოდ, საიდან ჩნდებიან ბავშვები (მათი ცნობისმოყვარე კითხვები სიცოცხლის წარმოქმნას უკავშირდება) ინფორმაციის მიწოდებისას გასათვალისწინებელია ბავშვის განვითარების დონე და ინდივიდუალური თავისებურებები. ამ თემაზე საუბრის დაწყება სამი წლის ბავშვთან უკვე შეგიძლიათ.
რატომ არ უნდა უთხრათ ტყუილი?
წეროებზე და კომბოსტოებზე ისტორიების მოყოლა არ არის საჭირო, მაგრამ არც ის – თუ როგორ ფუნქციონირებს კაცის სასქესო ორგანო.
მისტიური ისტორიების მოყოლის შედეგად, რასაც რეალობასთან არანაირი კავშირი არა აქვს, ბავშვს დამახინჯებული რწმენა-წარმოდგენები უყალიბდება. ბავშვი როცა სიმართლეს იგებს საბავშვო ბაღში, სკოლაში ან კიდევ სადმე – მშობლის ავტორიტეტი და მის მიმართ ნდობა უკვე შელახული იქნება.
რა ფორმით უნდა ავუხსნათ?
ინფორმაცია მარტივი და გასაგები ენით მიაწოდეთ. გამოგადგებათ ყველაფერი, რაც შეესაბამება დედის მუცელში უჯრედის წარმოქმნას და მის განვითარებას. მაგალითად, „მამას და დედას სურდათ შენი დაბადება, ამიტომ დედის მუცელში პატარა მარცვალი შეინახეს, სადაც შენ იზრდებოდი“.
შეგიძლიათ იმის მოყოლაც, თუ როგორ ხდება ეს ძუძუმწოვრებში – კვერცხისმდებლებში და ჩანთოსნებში. ამასთან, ნუ უამბობთ ბავშვს რაც აინტერესებს იმაზე მეტს. ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ზომიერად. ერთის მხრივ, უნდა დაკმაყოფილდეს ბავშვის ინტერესი, და მეორეს მხრივ, არ მიეწოდოს ზედმეტი ინფორმაცია. ყურადღებით დააკვირდეთ მის რეაქციებს. თუ შეამჩნევთ, რომ მიღებული ინფორმაციის შემდეგ თქვენი შვილი სხვა რამეზე გადაერთო და მეტი კითხვა არ დაგისვათ – არ გააგრძელოთ ამაზე საუბარი: თუ უფრო სიღრმისეული კითხვების დასმა გააგრძელა, მაშინ შეგიძლიათ მცირე დოზით კიდევ დაუკმაყოფილოთ ცნობისმოყვარეობა
რომელი ინფორმაციული რესურსი დაგეხმარებათ
გამოიყენეთ ილუსტრირებული წიგნები სხვადასხვა სქესის ადამიანებისა და სხეულის განსხვავებული ნაწილების შესახებ. ინტერნეტში შესაძლებელია სპეციალური წიგნების, ნახატებისა და საგანმანათლებლო ფილმების მოძიება. მრავლად არის საგანმანათლებლო ვიდეოები, სადაც სკოლის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაა ახსნილი,ანიმაციით და მათთვის გასაგებ ენაზე. ერთ-ერთი წიგნი, დანიელმა მწერალმა და ფსიქოლოგმა შექმნა პატარა ცნობისმოყვარეებისთვის „სიმართლე ბავშვის გაჩენის შესახებ“.
ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ბავშვის კითხვებს დაეყრდენით. რადგან ყველაზე უკეთ თქვენს შვილს თავად იცნობთ. ფიზიოლოგიური ასაკის გარდა, თითოეულ ადამიანს ემოციური ასაკი აქვს.სექსუალური განათლების გარკვეული ინფორმაციის მიწოდებისას, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თქვენი შვილის პიროვნული თავისებურებები და აღქმის უნარი.
სექსუალურ თემებზე საუბრისას, ბავშვთან ბოლომდე გულწრფელი იყავით და ნუ დაუმალავთ სიმართლის იმ ნაწილს, რაც უხერხულობას გიქმნით.ბავშვს აქვს სრული უფლება, საკუთარ თავზე ყველაფერი იცოდეს იცოდეს და ყველა კითხვაზე გულწრფელი პასუხი მიიღოს. „საიდან გაგიჩნდა მსგავსი კითხვები ,ეს ჯერ შენთვის ადრეა , გაიზრდები და გაიგებ“, და ა.შ. არ გადაიტანოთ საუბარი სხვა თემაზე,როცა ბავშვი გრძნობს და ფიქრობს, რომ რაღაცას მისთვის საინტერესოს უმალავთ,ის შეეცდება ცნობისმოყვარეობა სხვა გზით დაიკმაყოფილოს;თუ არ შეგიძლიათ კითხვაზე პასუხის გაცემა, გულწრფელად უთხარით ბავშვს ამის შესახებ. შეეცადეთ მოიძიოთ და გაეცნოთ შესაბამის ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ შვილთან ერთად განიხილავთ;
როგორ ველაპარაკო სექსზე მოზარდს?
მშობელმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს მოზარდობის ასაკში სექსუალურ საკითხებზე ინფორმირებას.დროული ინფორმირება გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელი სქესობრივი მომწიფებისა და თავისებურებების შესახებ,მოზარდს დაეხმარება შედარებით უმტკივნეულოდ შეხვდეს მოსალოდნელ ცვლილებებს.მომავალი ცვლილებებისთვის ბავშვის მომზადებას სასურველია ამ პერიოდის დადგომამდე 5 წლით ადრე.
გოგონების სქესობრივი სიმწიფე 10 წლიდან იწყება, ბიჭების – 12 წლიდან. ამ დროს მოზარდებს უყალიბდებათ სექსუალური სწრაფვა, რაც კარგი საბაბია იმაზე სალაპარაკოდ, თუ რა არის ეს. მშობლის ამოცანაა, ბავშვს გააგებინოს, რომ ყველაფერი, რაც მის თავს ხდება, ნორმალური მოვლენაა, ზრდის პროცესის ბუნებრივი ეტაპები, რასაც არ უნდა შეუშინდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ შვიდი-რვა წლის გოგონასთან მის მომავალ მენსტრუაციაზე საუბარი უკვე შესაძლებელია ან ამავე ასაკის ბიჭს შეგიძლიათ აუხსნათ, თუ როგორ წარმოიქმნება სპონტანური ერექცია და რატომ არის ეს სრულიად ნორმალური.
ბავშვი თუ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე წინასწარ ისაუბრებს, მაშინ მშობელიც უკეთ მომზადებული იქნება. უმეტეს შემთხვევაში, გარდატეხის ასაკი მოულოდნელად დგება არა მარტო ბავშვისთვის, არამედ – მშობლისთვისაც.შესაბამისად, ინფორმაციის გარეშე პირველი პოლუცია ან მენსტრუაცია შეიძლება ორივე მათგანისთვის ერთნაირად შოკისმომგვრელი იყოს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გარდატეხის ასაკისთვის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მომზადება. მათ ინფორმაციის გასათავისებლად მეტი დრო სჭირდებათ. ამ შემთხვევაში ჩვევების გამოსამუშავებლადაც გარკვეული სახის წვრთნა და განმეორებითი რეპეტიციებია საჭირო (მაგალითად, მენსტრუაციის დროს საფენების მოხმარება ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერექციის შემთხვევაში პენისის ზურგჩანთით დაფარვა). რაც უფრო მეტი დრო გექნებათ, მით უფრო თავდაჯერებული იქნება როგორც მშობელი, ისე – ბავშვი, როდესაც ამ უნარების პრაქტიკული გამოყენება მოუწევთ.
თუ თქვენი რელიგიური ან სხვა შეხედულებები ცხოვრებაზე არ გაძლევთ სექსზე ან რაიმე მსგავსზე კონკრეტული ლაპარაკის საშუალებას, შეეცადეთ ისე გააკეთოთ, რომ ბავშვს არ გაუჩინოთ სირცხვილის და დანაშაულის განცდა ბუნებრივი სურვილებისათვის, რომელთა მართვაც მას ჯერ არ უსწავლია.
მაგრამ თუ მოზარდს თქვენთან სექსზე ლაპარაკი მოუნდება, ნუ გამოეკიდებით მას პრეზერვატივებით. ასე ის თავის დაცვას მაინც ვერ ისწავლის, თქვენთან კი ურთიერთობა გაუფუჭდება.
სამწუხაროდ ,ქართულ რეალობაში ხშირია შემთხვევები როცა ბიძებს ან მამებს მოზარდი ბიჭები მიჰყავთ ე.წ „ქალებში“პირველი სექსუალური გამოცდილების მისაღებად. რაც უმეტეს შემთხვევებში მატრავმირებელი ფაქტორია მოზარდისთვის და ხშირად შემხვედრია პირად ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში.
რატომ არ არის კარგი მოზარდისთვის პორნოგრაფიიდან ინფორმაციის მიღება ?
პორნო-ვებგვერდები მოზარდისთის საეჭვო სახელმძღვანელოა.ის მოზარდებში სექსუალურ აქტივობას აჩქარებს და ხშირად საკუთარ თავზე არასწორ წარმოდგენებს უყალიბებს. მოზარდებს ხშირად რცხვენიათ თავიანთი „შეცვლილი სხეულის“ ფიქრობენ, რომ თუ მათი სხეული ისეთი არ არის, როგორც პორნომსახიობების, რაც დამატებითი სტრესის წყაროა. თუ შემთხვევით გაიგეთ, რომ ბავშვმა პორნოგრაფიას უყურა, ამის გამო არ უნდა დასაჯოთ. ეს აბსოლუტურად ბუნებრივი ინტერესია, მისი გამოხატვა კი – კარგი საბაბი სექსზე სასაუბროდ.
შეგიძლიათ შესთავაზოთ წიგნები და გამოიყენოთ ინტერნეტწყარო
წიგნები სექსუალური განათლების შესახებ ძალიან კარგია. მაგრამ წიგნის გამოყენება იმისთვის, რომ პირდაპირ კითხვებზე გულწრფელ პასუხს თავი აარიდოთ, არასწორია.
ამიტომ ყოველთვის უპასუხეთ დასმულ შეკითხვას. თუ გრძნობთ, რომ მისი ინტერესი უფრო ფართოა, ჰკითხეთ კიდევ რა აინტერესებს. მის კითხვებს უპასუხეთ. შეიძლება მისი ცოდნა თქვენსაზე ბევრად დიდი და რთული იყოს. მშობლის ამოცანაა დაეხმაროს მას იქ, სადაც სჭირდება და არ გადახვიდეს იმ ველში, სადაც დახმარება არ უთხოვია.
რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს შესაძლო საფრთხეებზე – მაგალითად, პედოფილებზე და ვენერიულ დაავადებებზე.მოიძიეთ ინტერნეტში ვიდეოები, სადაც ანიმაციით და მათთვის გასაგებ ენაზე ახსნილია მათი სხეულის ასაკობრივი განვითარება სქესობრივ ჭრილში.(ინფორმაცია ჰორმონებზე და მის ცვლილებებზე ,სხეულის აგებულება, სექსის ფიზიოლოგია და კონტრაცეფციის თავისებურებები.)მოზარდი სწორად მიწოდებული ცოდნით იგებს , რომ მისი სხეული მას ეკუთვნის, რომ ორგაზმი ბუნებრივი მოვლენაა, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები არსებობს და რა არის მისი პრევენცია, რომ მასტურბაცია ნორმალურია.
ჰკითხეთ საკუთარ თავს,როგორ ხდებოდა ეს თქვენს შემთხვევაში?
დაუსვით თქვენს თავს კითხვები:როგორ ხდებოდა ეს ჩემს შემთხვევაში?როდის და როგორ აღმოვაჩინე რომ სქესობრივად მომწიფებული ვიყავი?რას ვაქცევდი ყურადღებას?რა მაინტერესებდა?როგორი იყო ჩემი გამოცდილება მასტურბაციაში? ეს დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ თქვენს შვილებს ,მიხვდებით თუ რა მნიშვნელოვანია და რა ფაზაში გადასცეთ თვითშეფასების უნარი. ჩვენი კულტურალური აქცენტუაციიდან გამომდინარე სასურველია ბიჭის სექსუალურ განვითარებაზე იზრუნოს მამამ, ხოლო გოგონაზე კი დედამ. რადგან მშობლისა და შვილის ერთი სქესი განაპირობებს მეტ ემოციურ კავშირს და პირადი გამოცდილების გაზიარებას.
რა ასაკში უნდა დავიწყო გოგონასთან საუბარი მენსტრუალურ ციკლზე,როგორი ფორმით,რომ ეს მისთვის სტრესული არ იყოს და თან გასაგები ?
როდის უნდა დავიწყოთ ამ საკითხზე საუბარი
მენსტრუაციის შესახებ გოგონას პირველი მენსტრუაციის დაწყებამდე უნდა ესაუბროთ.მის სხეულში მიმდინარე ცვლილებებსა და მენსტრუაციაზე ბავშვებს 8 წლის ასაკიდანვე უნდა ელაპარაკოს მშობელი. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ძალიან ადრეა, მაგრამ თუ თქვენი გოგონა 8-დან 10 წლამდე ასაკისაა, მის სხეულში ჰორმონების გამოყოფის ზრდის შედეგად უკვე იწყება სქესობრივად მომწიფების პროცესი. შეიძლება შენიშნოთ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლილებების გარეგანი გამოვლინებები; მეორადი სასქესო ნიშნები -მაგალითად, სარძევე ჯირკვლებისა და სხეულზე- იღლიაში და ბოქვენზე თმიანობის მომატება. გოგონების უმრავლესობა მენსტრუაციის დაწყების წინ სწრაფად მატულობს სიმაღლესა და წონაში.
როგორ უნდა დაელაპარაკოთ თქვენს გოგონას მენსტრუაციაზე?
გაიგეთ, უკვე რა იცის ამ საკითხთან დაკავშირებით. შეუსწორეთ არასწორი შეხედულებები. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა თქვენ და თქვენს გოგონას მენსტრუაციასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია .გოგონებს, რომლებიც მენსტრუაციის დაწყების ასაკში არიან, ხშირად აინტერესებთ, რა არის ის. ალბათ, სკოლაში სხვა გოგონებისგან გაუგიათ ამის შესახებ. მათ ბუნებრივია უჩნდებათ კითხვები და შესაძლოა ამ საკითხზე საუბრის რცხვენიათ .
აუხსენით მარტივად და მიეცით კონკრეტული ინფორმაცია. მასალა გოგონას ასაკისა და უნარის შესაბამისი უნდა იყოს. ასეთ ინფორმაციაში შედის მენტრუაციის სიხშირე, რამდენ ხანს გრძელდება ის და რა რაოდენობით სისხლს კარგავს ამ დროს ქალი. ამგვარად, მენსტრუაციის შესახებ პირველი საუბრებისას უმჯობესია, გოგონას ყურადღება გაუმახვილოთ ჰიგიენაზე, თუ როგორ მოუაროს თავს.კრიტიკულ დღეებში განსაკუთრებით ფრთხილად უნდა დაიცვათ ჰიგიენა. ამ პერიოდის განმავლობაში პათოგენური მიკროფლორა უფრო ადვილად აღწევს შინაგანი ორგანოებამდე, რაც იწვევს შარდსასქესო სისტემის დაავადებებს. ჰიგიენური საფენები რეგულარულად უნდა შეიცვალოს და არ უგულებელვყოთ დაბანის პროცედურები. გარდა ამისა, შეიძლება იმის ახსნაც დაგჭირდეთ, თუ როგორ იგრძნობს თავს გოგონა ამ დროს ან რის მოლოდინი უნდა ჰქონდეს.
ცოტა მოგვიანებით შეგიძლიათ დაწვრილებით აუხსნათ მენსტრუაციის ფიზიოლოგია.
მნიშვნელოვანია იცოდეს მენსტრუალური ციკლის ფაზები .რა არის პრემენსტრუალური სინდრომი, აუცილებელია თქვენი ქალიშვილი გააფრთხილოთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მას შეიძლება შეეცვალოს განწყობილება,უმიზეზოდ იტიროს, იყოს აპათიური,გაღიზიანებული და მოწყვლადი. ასევე უნდა იცოდეს რომ, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და გაუვლის.
ამ თემასთან დაკავშირებული მასალები შეგიძლიათ მოიძიოთ წიგნების მაღაზიებში ან ინტერნეტში . ინფორმაცია დაგეხმარებათ, დაწვრილებით აუხსნათ ბავშვს ყველაფერი. ზოგიერთი გოგონა თვითონ არჩევს, თავად წაიკითხოს ასეთი ლიტერატურა. სხვებისთვის კი შეიძლება უკეთესი იყოს, რომ დედამ წაუკითხოს ეს მასალა.
სასაუბროდ მყუდრო ადგილი შეარჩიეთ. დაიწყეთ მარტივიდან -ილაპარაკეთ ზრდასა და მომწიფებაზე. შეგიძლიათ უთხრათ: „მალე შენც დაგეწყება ის, რაც ყველა გოგონას მოსდის და რაც სავსებით ნორმალურია. იცი, რას ვგულისხმობ?“ ან დედამ შეიძლება შვილს პირადი გამოცდილება გაუზიაროს:„შენხელა რომ ვიყავი, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რას განიცდის ქალი, როდესაც მენსტრუაცია აქვს. სკოლაში მე და ჩემი მეგობრები ვსაუბრობდით ამ თემაზე. შენ თუ გილაპარაკია ამ საკითხზე მეგობრების წრეში?“ ნებისმიერი გოგო გადაიქცევა ქალად, რომელსაც მომავალში შეუძლია გახდეს დედა. ქალებს აქვთ რეპროდუქციული ორგანოები, რომლებიც მათ ნაყოფის ტარების საშუალებას აძლევს – საშვილოსნო, საკვერცხეები. გოგონას იგივე ორგანოები აქვს, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ პატარაა და მასთან ერთად იზრდება და შემდგომ ემზადება მომავალი დედობისთვის. გარკვეულ ასაკში (11-14 წლის), გოგონას სხეული აჩვენებს, რომ იგი ახალ ეტაპზე გადადის – ემზადება მომავალი დედობისთვის. გოგონას ეწყება სიმწიფე და მენსტრუალური პერიოდი. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ქალს აქვს სისხლდენა, ამ პროცესში არაფერია საშინელი და სამარცხვინო.
გაიგეთ, თუ რა იცის ბავშვმა მენსტრუაციაზე და შეუსწორეთ ნებისმიერი არასწორი შეხედულება. მზად იყავით იმისათვის, რომ შეიძლება პირველი საუბრისას ბევრი რამის ან თითქმის ყველაფრის ახსნა დაგჭირდეთ. ძალიან კარგი იქნება ერთად უყუროთ საგანმანათლებლო ფილმს ან ანიმაციას ქალიშვილთან ერთად და ასე უპასუხებთ მის კითხვებს.
გაუზიარეთ საკუთარი გამოცდილება. საკუთარი გამოცდილების გახსენებითა და გაზიარებით შვილს საჭირო ემოციურ მხარდაჭერას გაუწევთ.ამიტომ შეგიძლიათ პირადი გამოცდილება გაუზიაროთ შვილს. გაიხსენეთ, თქვენ რისი გაგება გჭირდებოდათ? რის გაგება გინდოდათ? რა ინფორმაცია დაგეხმარათ? ეცადეთ, იყოთ გაწონასწორებულნი, როდესაც მენსტრუაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე ლაპარაკობთ. მზად იყავით კითხვებზე პასუხების გასაცემად.
მიეცით პრაქტიკული რჩევები. კითხვებზე „რა უნდა გავაკეთო, თუ მენსტრუაცია სკოლაში დამეწყება?“, „რა გამოვიყენო ამ დროს?“, „როგორ გამოვიყენო ისინი?“ მიეცით პრაქტიკული რჩევები. რჩევების მიცემა მხოლოდ ერთხელ როდია საჭირო.
მხოლოდ ერთხელ საუბრით ნუ დაკმაყოფილდებით. მენსტრუაციასთან დაკავშირებით შვილთან მხოლოდ ერთხელ საუბარი არ კმარა. ესაუბრეთ გოგონას მანამ, სანამ მენსტრუაცია დაეწყება და ასეთი საუბრები, საჭიროების შემთხვევაში, მას შემდეგაც განაგრძეთ, რაც მენსტრუაცია დაეწყება. საჭირო არ არის ერთ საუბარში განიხილოთ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალი. ერთ ჯერზე მიწოდებულმა ზღვა ინფორმაციამ გოგონა შეიძლება დააბნიოს. ბავშვები ყველაფერს თანდათანობით სწავლობენ. შეიძლება ერთი და იმავე ინფორმაციის რამდენჯერმე გამეორება დაგჭირდეთ. ასაკის მატებასთან ერთად გოგონები უფრო კარგად სწვდებიან დეტალებს.კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი ის არის, რომ მოზარდობის პერიოდში გოგონებს მენსტრუაციისადმი დამოკიდებულება ეცვლებათ. რაც უფრო მეტ გამოცდილებას იძენს გოგონა მენსტრუაციასთან დაკავშირებით, მით მეტი საფიქრალი და კითხვა უჩნდება. ამიტომ საჭიროა განაგრძოთ გოგონასთან ამ თემაზე საუბარი და მის კითხვებზე პასუხების გაცემა. ყურადღება გაამახვილეთ იმ საკითხებზე, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია და თქვენი შვილის ასაკსა და გაგების უნარს შეესაბამება.
სტატია მოამზადა : სალომე სისაურმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”