გლოვის პროცესი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც მძაფრი ემოციური და ფიზიკური რეაქცია, რომელსაც ინდივიდი ახლო ადამიანის, ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემდეგ განიცდის.
გეშტალტ თერაპიის მიხედვით „ადამიანის ყველა ფუნქცია ორგანიზმის/გარემოს, სოციო-კულტურულ, ცხოველურ და ფიზიკურ სფეროში ურთიერთქმედებს.“ ამის გათვალისწინებით, საყვარელი ადამიანის სიკვდილი ორგანიზმის/გარემოს სფეროში თვითრეგულაციის დისბალანსია და მწუხარების პროცესი ამ წონასწორობის აღდგენას წარმოადგენს. თავად პროცესი კი შეიძლება დავყოთ ხუთ ეტაპად:
ეტაპი 1
მოულოდნელი გარდაცვალების, ისევე როგორც ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ოჯახი იმედგაცრუებული, შეძრწუნებული რჩება და არ შეუძლია სასტიკ რეალობას თვალი გაუსწოროს. თავდაპირველ დღეებს ნათესავებთან და მეგობრებთან შეხვედრები და მზადების პროცესი ავსებს. დაკრძალვის შემდეგ ოჯახს სიცარიელის შეგრძნება ეუფლება მას შემდეგ, რაც ნათესავები და მეგობრები მიდიან და იწყება ყოველდღიური ცხოვრების ეტაპი. ამ დროს ადამიანები თავიანთ თავს უსვამენ კითხვებს: „რატომ მე? რატომ ეს ადამიანი?“ და ყოველგვარი პასუხის გარეშე იწყება უარყოფა („ეს ნამდვილად კოშმარია;“ „გავიღვიძებ და მივხვდები, რომ ცუდი სიზმარი იყო…“). ბევრი ადამიანი დროს მოგონებებსა და ოცნებებში ატარებს. ზოგიერთი მათგანი არა მხოლოდ თავს განაცალკევებს სხვებისგან, რომ თავიანთ თავს საქმეს ურთულებენ, თვალი გაუსწორონ საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას. ეს სიტუაცია, მძიმე დანაკარგი (bereavement) განისაზღვრება, როგორც ღრმა მწუხარებისა და მარტოობის მდგომარეობა.
გეშტალტის გადმოსახედიდან, მწუხარე ადამიანი ამ ეტაპზე კონტაქტის პროცესს რადიკალურად შეცვლილად (შეწყვეტილად) აღიქვამს. თავდაპირველად, როგორც წესი, მისი რეაქცია ნორმასთან შედარებით დაქვეითებულია; უარყოფას მოყვება დროებითი, არასტანდარტული ფუნქციონირება, რაც მოიცავს სიზმრებს, ცოცხლად წარმოსახვასა და ფსევდოჰალუცინაციებს. პირველი ერთგვარი თავდაცვაა, მეორეს მიზანს კი „ჭარბი დაძაბულობის ენერგიის ამოწურვა“ წარმოადგენს.
ჩვეულებრივ, მგლოვიარე ადამიანს სურს იპოვოს ადამიანი, რომელთანაც საყვარელ ადამიანზე ისაუბრებს – ცხოვრების ისტორიების მოყოლა, მათი კარგი მომენტების გაზიარება, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, გემოვნება, პროექტები, რომლებიც ჩაიშალა, ისევე როგორც ცუდი მომენტები და გარდაცვლილი ადამიანის „სიჯიუტე.“ ექსპერტები თვლიან, რომ მგლოვიარე ადამიანმა გარდაცვლილი ადამიანის გარდაცვალების უმცირესი დეტალებიც კარგად უნდა გაიხსენოს (Horowitz, Siegel, Holen, Bonanno, Milbrath, & Stinson [1997]).
ავტორი იხსენებს, რომ ოცდაათი წლის განმავლობაში არ შეხვედრია მწუხარე ადამიანს, რომელიც გარდაცვლილ ადამიანზე სპონტანურად ლაპარაკს არ იწყებდა. მათ თვალები „შუშისებრი“ უხდებოდათ არა მხოლოდ საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისგან გამოწვეული ტკივილის გამო, არამედ მათზე სახალისო, ამაღელვებელი ისტორიების გახსენების და გაზიარების დროსაც. ისინი ავტორს უზიარებდნენ მოთხრობებს, წერილებს, ნახატებს, ისტორიებს…
ამ ყველაფრის გათვალისწინებით იგი გვთავაზობს, წერილის ფორმატში დავწეროთ დღიური გარდაცვლილი ადამიანისთვის და შევადგინოთ ამ ურთიერთობასთან დაკავშირებული მუსიკის, ჩანაწერების და ა.შ. კრებული. ეს ყველაფერი „გამოტანის“ (sacar fuera) პროცესის გააქტიურებას შეუწყობს ხელს, რასაც თან სდევს განადგურების (დე-სტრუქტურირებისა) ეტაპობრვი პროცესი; ეს ყველაფერი კი ასიმილაციასა და ზრდაში დაგვეხმარება.
ეტაპი 2
მათ, ვინც სიკვდილის თემა კარგად იცნობს, ხშირად უკვირთ, როდესაც იგებენ, რომ მწუხარება სიკვდილითაა გამოწვეული. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ავადმყოფი ადამიანის, ასევე ოჯახისთვის, როდესაც მწუხარება კატასტროფული ან უკურნებელი დაავადების შედეგია. მაგრამ ეს ეტაპი სიკვდილით გამოწვეული გლოვის დროსაც არსებობს, თუმცა არა ასეთ აშკარა ფორმით. თუკი პირველ ეტაპზე ადამიანი სინამდვილეს გაურბის, უარყოფს, ეს „შეთანხმებისა“ და „ვაჭრობის“ საშუალებას იძლევა. ამ დროს ცოცხალი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ ჩაფლულია რეალობის შოკში, უშედეგოდ ცდილობს მოლაპარაკება აწარმოოს (ღმერთთან, სიცოცხლესთან, გარდაცვლილთან, უზენაეს არსებასთან და ა.შ.) და იძლევა დაპირებას რაღაცის სანაცვლოდ.
ეს მოლაპარაკებები ახალი ამბების გაცნობიერებისა და ემოციური მუხტის ინტენსივობის გადავადების გზაა. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს შემდეგ ეტაპზე გადასვლას: დანაშაულის გრძნობის გარეშე მისცენ ბრაზს, რისხვას, აღშფოთებას არსებობის საშუალება. ამ ეტაპის დასასრულს ორი ელემენტი ახასიათებს. პირველი დასაბამს აძლევს მრისხანებას, მეორეს კი ავტორი „რიტუალს“ უწოდებს, რომელშიც შესაწირავს მოიაზრებს. ეს არის უარი გარდაცვლილი ადამიანის წინაშე (როგორც წესი, გაუცნობიერებლად), თითქოს მეხსიერების გასაგრძელებლად. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ექთანი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მამა გარდაეცვალა. ერთხელ, ტირილის დროს, ავტორმა მას ჰკითხა, რას იზიარებდნენ ისინი ერთმანეთში და რა დაკარგა მან მამის გარდაცვალებით, რაზეც ექთანმა დაუფიქრებლად უპასუხა: „მასმოხარშული კრემი უყვარდა, მაგრამ იმ დღის შემდეგ, როდესაც გარდაიცვალა, აღარასდროს, არავისთვის მომიმზადებია ის.“ ავტორი აღნიშნავს, რომ ექთნის საუბარში გამოწვევისა და სიამაყის ნაზავი იგრძნობოდა და მან ტირილი ნაკლები ინტენსივობით განაგრძო.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც გლოვის დროს კონკრეტულ სანაპიროს აღარ სტუმრობენ ან კონკრეტული მუსიკის მოსმენას წყვეტენ. ავტორსაც გამოუცდია გლოვა – მან თავისი მეუღლის გიტარა ნაფლეთებად დაამსხვრია და მისთვის ხელი აღარ უხლია. რიტუალის მთავარი არსი არა იმ საქმიანობის აღდგენაა, რაც ინდივიდმა შეწყვიტა, არამედ სიტუაციის გაცნობიერება.
ეტაპი 3
მომხდარის შემდგომ ველში შემოდის მრისხანების განცდა, ბრაზი თუ რატომ მოხდა ეს. მართალია მწუხარე ადამიანი ტირის და დარდს გრძნობს გლოვის პირველ ეტაპზე, მაგრამ ისე ჩანს, თითქოს ცრემლები და დარდი „მხოლოდ თავისთვისაა.“ ბრაზი და რისხვა საწყისი ემოციებია. კუბლერ-როსი (1969/1973) აღნიშნავს: როდესაც უარყოფის პირველი ეტაპი ვეღარ ნარჩუნდება, მას სიბრაზის, მრისხანების, შურისა და უკმაყოფილების გრძნობები ანაცვლებს.
გეშტალტის პროფესიონალებმა იციან, რომ ემოციები შეიძლება გაცნობიერების გარეშე არსებობდეს. ამ ეტაპზე მწუხარე ადამიანები სვამენ კითხვებს, რომლებიც პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში დაუსვეს თავიანთ თავს: „რატომ მე? მე რატომ დამემართა? რით დავიმსახურე?“ ზოგჯერ გარდაცვლილის მიმართ გარკვეულწილად თავს იჩენს წარსულ ამბებთან დაკავშირებული დანაშაულის განცდა. ამ დროს ისინი ეჭვს გრძნობენ ღმერთის, ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებზე და ა.შ. მათ პასუხები არ აქვთ თავიანთ კითხვებზე. პასუხები არ აქვს არც თერაპევტს, რომელიც არც კი ცდილობს ამ კითხვებს უპასუხოს. თერაპევტი ასევე არ ცდილობს რაიმე რელიგიური იდეის დანერგვას, განურჩევლად იმისა, არის თუ არა ინდივიდი რელიგიური. იგი იღებს მათ განცხადებებსა და რწმენას.
გეშტალტ თერაპიის თანახმად, ჩვენ განადგურების ფაზაში ვართ, სადაც აგრესია და ბრაზი აუცილებელია. მგლოვიარე ინდივიდმა უნდა გაანადგუროს აუტანელი მდგომარეობა და სასიყვარულო ობიექტის დაკარგვა, რათა პროცესი დამაკმაყოფილებლად გაგრძელდეს. როგორც პერლსი და სხვები (1951) აღნიშნავენ, „განადგურება (დე-სტრუქტურირება) არის გლოვის ყველა პროცესის ფრაგმენტებად დანგრევა, რათა ისინი ახალ მთლიანობაში ასიმილირდნენ.“ ამ ეტაპის ბოლოს მწუხარე ადამიანები საყვარელი ადამიანის დავიწყების შიშზე, ყველა დეტალის, ჟესტის დამახსოვრების აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი ზოგჯერ ამბობენ, სახის მახასიათებლების დამახსოვრება უჭირთ, ან თავს დამნაშავედ გრძნობენ. განადგურება იწყება, და შესაბამისად ჩნდება შიში და შფოთვა, რაც შემდეგ ეტაპს აძლევს დასაბამს.
ეტაპი 4
სევდა ბრაზის შემდეგ ჩნდება, ზოგჯერ მასთან მონაცვლეობით. ახლა თითქოს დამწუხრებულმა ადამიანმა ორგანულად იცის დანაკარგის შესახებ. ის აღარ არის მხოლოდ რაციონალური და გონებრივი. უნდა ითქვას, რომ დანაკარგი იგრძნობა, არარსებობა განიცდება. ეს ყველაზე დელიკატური ეტაპია, რადგან ინდივიდი დანაკარგს განიცდის არა მხოლოდ საყვარელი ადამიანის არყოფნის, არამედ იდეების, გეგმების, გრძნობების, ინტერესების, პროექტების, იმედების უკმარისობის სახით.
ეს ის ეტაპია, როდესაც ადამიანები თავიანთ თავის უფრო მეტის უფლებას აძლევენ. მათთვის ჭამა რთულია, ცუდად ან საერთოთ არ სძინავთ, არიან აპათიურები, არ შეუძლიათ კონცენტრირება. დეპრესიული ტენდენციის მქონე ადამიანებს შეიძლება ამ ეტაპზე თვითმკვლელობის იდეაცია ან მცდელობა ჰქონდეთ. ეს არის დანაშაულის გრძნობების ეტაპი: მწუხარება, სასოწარკვეთა, მაგრამ ასევე სიყვარული, ბედნიერება…
თერაპევტის საქმიანობა ამ ეტაპზე ემოციების გამოხატვის მხარდაჭერაა, მიმდინარე შეფერხებებთან ერთად. ისინი უჩვეულოდ იქნებიან, რაც კონტაქტის პროცესის შეწყვეტას იწვევს. ამაში მოიაზრება ინტოექცია, პროექცია, ეგოტიზმი და ა.შ. ასეთ დროს თერაპევტსა და კლიენტს შორის კონტაქტიც გაწყვეტის გარეშე „ცხელი სავარძლის“ ტექნიკის გამოყენება შეიძლება სარგებლიანი აღმოჩნდეს როგორც არა მხოლოდ ინფორმირებულობის ტექნიკა, ასევე ემოციური განტვირთვის გზა და შენახული დაძაბულობისა და კონტროლისგან გათავისუფლება.
ეტაპი 5
აღიარება ზარალის ათვისების ტოლფასია. მწუხარების ამ, ბოლო ეტაპზე მისასვლელად წინასწარ განსაზღვრული დრო არ არსებობს. ის მწუხარებასა და აღორძინებას შორის მერყეობს. ამ დროს ერთვება ერთგულების ჩვევა, ანუ გარდაცვლილი ადამიანის ზოგიერთი მახასიათებლის გამორკვევა, რომელიც აუცილებელ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს აკმაყოფილებს, და რომელიც „წარმოადგენს ძალას შემდგომი მოქმედებისათვის.“ ეს ერთგულება შეიძლება ასევე დავინახოთ გარდაცვლილი ადამიანის ჩვევების, ტანსაცმლისა და საგნების დაცვაში. გარდა ამისა, ასიმილაციის ამ ბოლო ეტაპზე ინდივიდი გარკვეული ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას განიხილავს.
სტატია მოამზადა : ემმა კოპალეიშვილმა , მარიამ შავგულიძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”