close
ფსიქოლოგია

გაბედე იყო ცუდად, ანუ გაყალბებული დეპრესია

ეკა კაპანაძე – ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი

თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს მიდრეკილება, უარყოფითი ემოციების განდევნისაკენ და სულ მცირე ნეგატიური გრძნობების დეპრესიაზე მიწერა.  სავარაუდოა, რომ დეპრესიის პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებში გავრცელებული არაერთი მცდარი ინფორმაცია თუ დამოკიდებულებაც იწვევდეს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ადამიანებს უჭირთ მოუსმინონ თავის უარყოფით ემოციებს ისევე, როგორც ამას ბედნიერებისა და კარგი განწყობის შემთხვევაში აკეთებენ. ცუდ ხასიათზე ყოფნა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ დეპრესიასთან გვაქვს საქმე, ზოგჯერ უბრალოდ ჩვენი ცხოვრების გარკვეული ეტაპის შემადგენელი ნაწილია უხასიათობა, რომელსაც ახალ აღმოჩენებამდე მივყავართ, თუ სწორად გამოვიყენებთ ასეთ პერიოდებს.

  • არსებობს თუ არა დეპრესიის თვითდიაგნოსტირებისთვის რაიმე უნივერსალური მეთოდი და სიმპტომატიკა?

ფსიქოდიაგნოსტიკაში არსებობს დეპრესიის საკვლევი ტესტები, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა ინდივიდმა, სურვილის შემთხვევაში, დაადგინოს და მიიღოს პასუხი საკუთარი ფსიქოემოციური მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული ტესტები, შესაძლოა დაეხმაროს ადამიანს მიიღოს ინფორმაცია დეპრესიის გამაფრთხილებელ ნიშნებზე, თუმცა საბოლოო დიაგნოზის დასმის საშუალება ვერ მისცეს მას. ამ ტიპის ტესტები, ძირითადად, სასარგებლოა შემდგომი ნაბიჯის დაგეგმვისათვის, იქნება ეს საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობის აღება, სპეციალისტთან ვიზიტი თუ სხვ.

მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, რომ ხასიათის ცვალებადობა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. სევდა და გაღიზიანება ყოველი ადამიანის ყოფიერების თანმდევია, თუმცა თუ ისეთ სიმპტომატიკას, როგორიცაა: ინტერესის დაკარგვა სხვადასხვა საქმიანობისადმი, შფოთვა, სიცარიელის განცდა, კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა, სისტემატური სახე ეძლევა, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დეპრესიასთან გვაქვს საქმე.

  • ეხმარება თუ არა ადამიანს, ზოგჯერ, უარყოფითი ემოციების ქონა ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში?

როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციები, ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ალბათ, ბევრად უფრო შემაშფოთებელი და არარეალური იქნებოდა, რომ ნეგატიურ გამოცდილებაზე პოზიტიური ემოციებით ვრეაგირებდეთ. თითოეულ მოვლენასა თუ სიტუაციას შესაბამისი ემოციური მდგომარეობა და გამოხატვა ახასიათებს. ადამიანს უნდა გააჩნდეს ადექვატური რეაქციები მიმდინარე მოვლენებზე.

  • საჭიროა თუ არა, ნებისმიერი დეპრესიისათვის დამახასიათებელი ნიშნის გამოვლენისთანავე ფსიქოლოგთან ვიზიტი?

ფსიქოლოგთან ვიზიტი, რა თქმა უნდა, სასარგებლო და რეკომენდირებულია, არა მხოლოდ დეპრესიის პრევენციისათვის, არამედ ნებისმიერი, პიროვნებისთვის რთულად გასამკლავებელი სიტუაციის შემთხვევაში, თუმცა პირველ ეტაპზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობის დანერგვა, როგორიცაა: ვარჯიში, ცურვა, სეირნობა, მეგობრებთან სასიამოვნო გარემოში ყოფნა და ა.შ. შესაძლოა აღმოჩნდეს გზა, მცირედი უარყოფითი შეგრძნებების მარტივად დაძლევისაკენ.

  • არის თუ არა, ყველანაირი ნეგატიური განცდის გაქრობა, ფსიქოთერაპევტის მთავარი ამოცანა კლიენტთან მუშაობის დროს?

ფსიქოთერაპიის მთავარ ამოცანად, შეიძლება ჩაითვალოს, იმ დაკვეთის, მოთხოვნის დამუშავება, რაც თერაპიულ სივრცეში, ამა თუ იმ კლიენტს ესაჭიროება. თითოეული ადამიანი, თავისი ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე, საკუთარ, უნიკაალურ შემთხვევაზე მუშაობს. ყოველი პიროვნებისთვის განსხვავებულია ნეგატიური განცდების წყარო, უარყოფითი ემოციების გავლენის დონე და მისი დაძლევის სურვილი. შესაბამისად, ფსიქოთერაპევტის უშუალო მიზანს წარმოადგენს, არა ყველანაირი ნეგატიური განცდის გაქრობა ადამიანში, არამედ იმ კონკრეტული დაბრკოლების პოვნა  – უარყოფითი ემოციების სახით, რომლებიც ხელს უშლიან ადამიანის ფსიქიკას ჯანსაღად ფუნქციონირებაში.

და ბოლოს, შეეცადეთ მოუსმინოთ საკუთარ თავს. პრობლემის იდენტიფიცირება და მასზე მუშაობა დაგეხმარებათ რესურსების აღმოჩენასა და რეალიზებაში.

მოამზადა: გვანცა ხაბელაშვილმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0