საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნა ითვლება პანდემიის დამარცხების ყველაზე დიდ იმედად, თუმცა ის, რომ შესაძლოა კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს რამდენიმე თვეში, „გადაჭარბებული იმედებია“.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ფეისბუკბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მსოფლიო სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო, უკვე იკავებენ რიგს იმ ვაქცინის მისაღებად, რომელსაც საბოლოო ლიცენზია მიენიჭება. „ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, სხვადასხვა სახელმწიფოებს შეკვეთილი აქვთ ვაქცინის დაახლოებით 8-მილიარდ-ნახევარი დოზა, თითქმის ყველა ეს ვაქცინა, რომელიც ახლა არის ამ კვლევების ფაზაში, არის ორჯერადი გამოყენების, ანუ 3 ან 4 კვირის გამოტოვებით ხდება ორჯერადი ინექცია, რომ მიიღო მყარი ჰუმორული ან უჯრედული იმუნიტეტი ანუ დაცვა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
მისი სიტყვებით, ამ ვაქცინებიდან რომელს მიიღებს საქართველო, დამოკიდებული იქნება “კოვაქს” პლატფორმის არჩევანზე, რომელზეც საქართველოა გაწევრიანებული.
“covax-ის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) პლატფორმა ვაქცინების გლობალური ალიანსის მიერ არის შექმნილი, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ თითქმის 2 ათეული წელია, რომლის დახმარებითაც ჩვენს ქვეყანაში დავნერგეთ რამდენიმე ვაქცინა. ალიანსის საშუალებით ჩვენ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო კამპანიები ჩავატარეთ. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის ჩვენი ტიპის [ქვეყნებისთვის] და მათ შორის საქართველოსთვის, ეს ჩვენ არ ვიცით“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
მისი განმარტებით, კოვაქსთან აქტიურად თანამშრომლობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნიზაციის სამმართველო და უკვე გადარიცხულია პირველი შენატანი.
„საქართველომ უკვე გადარიცხა პირველი 4 მილიონი დოლარი covax პლატფორმაზე. ჩვენ დაკვეთილი გვაქვს 700 ათასი დოზა ვაქცინისა, უფრო სწორედ, 700 ათასი ადამიანის მოცვისთვის ანუ ორჯერ 700 ათასი [ვინაიდან ორჯერადად კეთდება ვაქცინაცია] და ეს სულ ჯდება 17 მილიონ დოლარამდე, პირველი შენატანი საქარველოს შეტანილი აქვს და როდესაც ჩემს მიერ დასახელებული რომელიმე ან კიდევ სხვა ვაქცინა, დამტკიცდება ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველო მიიღებს ამ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება პირველ რიგში მაღალი რისკჯგუფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განმარტებით, ჯერჯერობით მიმდინარეობს მსჯელობა რისკჯგუფების განსასაზღვრად. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ესენი იქნებიან კოვიდის მძიმედ განვითარების რისკის მქონე ადამიანები.
„უპირატესად ხანდაზმულები, ქვეყნების მიხედვით ირჩევა ასაკი, რომლის მერე შეიძლება აირჩიოს ქვეყანამ [თუ ვის აცრის პირველად] თავისი ავადობის სტრუქტურის, მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურის მიხედვით. ზოგი ქვეყნისთვის ეს შეიძლება იყოს 70 წელზე ზევით, ზოგისთვის 65 წელს ზემოთ, ზოგი ქვეყნისთვის 60 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის. სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პირები ხანდაზმულ ასაკში ითვლებიან ერთ-ერთ პრიორიტეტად დღეისათვის“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.
მისი განმარტებით, ვაქცინის საბოლოო დამტკიცებამდე შესაძლოა გარკვეული სიახლეები გამოჩნდეს, შესაძლოა შეიცვალოს მიმღები ჯგუფებიც.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”