ახალი ტიპის კორონავირუსი იტალიაში 2019 წლის სექტემბრიდან ცირკულირებდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის ქალაქ მილანის სიმსივნის ეროვნული ცენტრის ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იტალიელი მკვლევრების დასკვნით, 959 ჯანმრთელი მოხალისიდან, რომლებიც 2019 წლის სექტემბრიდან 2020 წლის მარტამდე ფილტვის კიბოს სკრინინგის კვლევაში მონაწილეობდნენ, 11,6 პროცენტმა კორონავირუსის ანტისხეულები თებერვლამდე დიდი ხნით ადრე გამოიმუშავეს.
SARS-CoV-2-ის ანტისხეულების შემდგომი სპეციფიკური ტესტი ჩატარდა სიენის უნივერსიტეტის მიერ იმავე კვლევისთვის, სახელწოდებით „SARS-CoV-2-ის ანტისხეულების მოულოდნელი გამოვლენა იტალიაში პრეპანდემიურ პერიოდში“.
კვლევამ აჩვენა, რომ ოქტომბრის პირველი კვირით დათარიღებული ოთხი შემთხვევა ასევე დადებითი იყო ანტისხეულების მიმართ, რომლებიც ვირუსს ანეიტრალებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი სექტემბერში დაინფიცირდნენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსი და მისგან გამოწვეული რესპირატორული დაავადება ჩინეთის ქალაქ უხანში ვირუსის ეპიდემიის აფეთქებამდე უცნობი იყო. იტალიის პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი 21 თებერვალს მილანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქში, ლომბარდიის ჩრდილოეთ რეგიონში აღმოაჩინეს.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”