ჩინეთი რამდენიმე დღეში მთვარეზე უპილოტო კოსმოსური ხომალდის გაშვებას გეგმავს. მისიის მიზანი დედამიწაზე მთვარის ქანების ჩამოტანაა.
ჩინეთი კოსმოსური ზონდის Chang’e-5-ის საშუალებით, რომელსაც ანტიკური დროის ჩინური მთვარის ღვთაების სახელი ჰქვია, შეეცდება შეაგროვოს მასალა, რომელიც მეცნიერებს დაეხმარება, უფრო მეტი გაიგონ მთვარის წარმოშობის შესახებ. კონკრეტულად კი მისი საშუალებით, შესაძლოა, პასუხი გაეცეს ისეთ კითხვებს, როგორიცაა : რამდენ ხანს დარჩა მთვარე ვულკანურად აქტიური შინაგან ნაწილში და როდის გაიფანტა მისი მაგნიტური ველი, რომელსაც მზის სხივებისგან სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის დაცვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ზონდი შეეცდება ე.წ. „ქარიშხლების ოკეანიდან“, ანუ მთვარის იმ ნაწილიდან, სადაც აქამდე არანაირი მისია არ განხორციელებულა, 2 კილოგრამამდე ნიმუში შეაგროვოს.
მსგავსი მცდელობა 1970-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე არცერთ ქვეყანას არ ჰქონია და იმ შემთხვევაში, თუ მისია წარმატებული აღმოჩნდება, ჩინეთი გახდება მესამე ქვეყანა მსოფლიოში აშშ-სა და ყოფილი საბჭოთა კავშირის შემდეგ, რომელიც მთვარიდან ნიმუშებს ჩამოიტანს.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას მარსიდანაც აპირებს და ამ მისიის განხორციელებას 2030 წლამდე გეგმავს.
წყარო : reuters.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”