close
ეს საინტერესოაკვლევებიმედიცინა

არის თუ არა კორონავირუსი ავტოიმუნური დაავადება?

უვითარდება თუ არა  ინფიცირებულს COVID-19-ის მძიმე ფორმა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ რეაგირებს მისი იმუნური სისტემა კორონავირუსზე.

თუმცა, მეცნიერებმა დანამდვილებით ჯერ კიდევ არ იციან, რატომ აქვს ზოგიერთ ადამიანს ვირუსის მძიმე ფორმა, ზოგს კი – მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება ან სიმპტომები საერთოდ არ აქვს.

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი COVID– ით ინფიცირებული პაციენტის ორგანიზმი  ავტოანტისხეულებს გამოიმუშავებს.  ესენი არიან, ანტისხეულები, რომლებიც – ვირუსზე თავდასხმის ნაცვლად თავს ესხმიან პაციენტის იმუნურ სისტემას და ორგანოებს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ კოვიდინფიცირებულებს აქვთ ანტისხეულები, რომლებიც თავს ესხმიან კორონავირუსით ინფიცირებული უჯრედების ამოცნობასა და გასუფთავებაში მონაწილე მნიშვნელოვან ცილებს, რომლებიც მოიცავენ იმუნური სისტემის მნიშვნელოვან მაცნეებს – ციტოკინებსა და ქემოკინებს. ამ პროცესმა ხელი შეუშალა იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, დაბლოკა რა ანტივირუსული დაცვა, რაც, პოტენციურად, დაავადების დამძიმებას იწვევს.

იელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოიძიეს ავტოანტისხეულები 170 ჰოსპიტალიზებულ პაციენტში და შეადარეს ისინი იმ პაციენტების ორგანიზმში წარმოშობილ ავტოანტისხეულებს, რომლებსაც ვირუსის მსუბუქი ან ასიმპტომური ფორმა ჰქონდათ, აგრეთვე იმ ადამიანებისას, რომლებიც ვირუსით ინფიცირებულები არ იყვნენ.

ჰოსპიტალიზებული პაციენტების სისხლში მათ აღმოაჩინეს ავტოანტისხეულები, რომლებსაც ინტერფერონებზე თავდასხმა შეეძლოთ, აგრეთვე ისეთებიც, რომლებსაც შეეძლოთ, დაებლოკათ იმუნური სისტემის სხვა მნიშვნელოვანი უჯრედები, როგორიცაა ბუნებრივი მკვლელი უჯრედები (რომლებიც ანადგურებენ ვირუსის მატარებელ უჯრედებს) და T უჯრედები.

დასკვნებმა აჩვენა, რომ ავტოანტისხეულები მძიმედ დაავადებული კოვიდინფიცირებული პაციენტების  გავრცელებული მახასიათებელია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის ინფიცირებულის მდგომარეობის გაუარესების ერთადერთი მიზეზია.

მკვლევარები სულ უფრო მეტ ყურადღებას ამახვილებენ მწვავე COVID-სა და არასწორი მიმართულების იმუნურ რეაქციებს შორის კავშირზე.  ავტოანტისხეულების არსებობა მიანიშნებს იმაზე, რომ ზოგიერთ პაციენტში COVID-ი შეიძლება კორონავირუსით გამოწვეული ავტოიმუნური დაავადება იყოს.

დღეისთვის 80-ზე მეტი ავტოიმუნური დაავადებაა ცნობილი. ჯერჯერობით მედიკოსებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე :  რა იწვევს იმუნური სისტემის გადაწყობას?  მიზეზის არცოდნის გამო ამ დაავადებებისგან განკურნება ვერ ხერხდება. ავტოიმუნური დაავადებების მკურნალობის მიზანი უმეტესად სიმპტომების შემსუბუქება, გართულებების თავიდან აცილება და მდგომარეობის მართვაა.

წყარო : sciencealert.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0